#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ 17 სექტემბერს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მან უარი თქვა ასევე კომისიის წევრობაზე. თავად მაყვალა სულაქველიძე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.

პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე ვარლამ თავზარაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამის ეჭვს აჩენს ის, რომ საოლქო კომისიის მდივანმა კომისია და თანამდებობა დატოვა.

თავზარაშვილის თქმით, მაყვალა სულაქველიძე 20 წელზე მეტია საოლქო კომისიის მდივნის თანამდებობას იკავებს და მის ობიექტურობაში ეჭვი არავის შეპარვია.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე და კომისიის მუდმივი წევრები ნინო ბუაჩიძე, ნელი ვეფხვაძე და არჩილ ბლიაძე კატეგორიულად გამორიცხავენ მაყვალა სულაქველიძის მიმართ რაიმე სახის პოლიტიკურ ზეწოლას.

„ვინმეს მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა რომ ყოფილიყო, ქალბატონი მაყვალა ამის შესახებ აუცილებლად მეტყოდა, – ამბობს გია ცისკაძე, – ზოგადად დაძაბულ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებით. სამსახურში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვისაა. თუმცა დაპირისპირებულები არ ვყოფილვართ“.

ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თამარ მაღლაფერიძე ამბობს, რომ მაყვალა სულაქველიძეს კოლეგებთან ურთიერთობები უჭირდა.

„დღეს სამსახურში ადამიანი კომუნიკაბელურიც უნდა იყო, ურთიერთობაც უნდა გამოგდიოდეს, უნდა თანამშრომლობდე და არა კაბინეტში ჩაკეტილი აკეთებდე შენს საქმეს და მერე იმადლოებოდე, მე ვაკეთებ ყველაფერსო. ეს პრობლემები იყო. ვინმესგან პოლიტიკური ზეწოლა ნამდვილად არ იგრძნობოდა“.

„16 სექტემბერს კომისიის სხდომაზე მოვითხოვე, რომ საოლქო კომისიის მდივანმა არჩევნების ღამეს უბნებიდან ოქმების მიღებისას კომისიის დანარჩენ წევრებთან ერთად იმუშაოს ოთახში და ოლქი ისე მოვაწყოთ, როგორც ეს ინსტრუქციაშია მოცემული, –  ამბობს კომისიის წევრი პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელიდან“ ქეთევან გიორგაძე, – მაყვალა სულაქველიძისგან თანამდებობის დატოვებაზე არაფერი მითქვამს.

მე საოლქო კომისიის დროებითი წევრი ვარ და შიდა სამზარეულოში რა ხდება, არ ვიცი. კიდეც რომ ვიცოდე, ვერ ვისაუბრებ, რადგან აქ მომხდარი ამბების გაუთქმელობაზე ხელი მაქვს მოწერილი“.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნად კომისიის წევრებმა 20 სექტემბერს არჩილ ბლიაძე აირჩიეს.

მის ნაცვლად ცესკომ ამავე კომისიის დროებითი წევრი ნუნუ კოხოძე აირჩია და კომისიის დროებითი წევრის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

ნინო კაპანაძე