„მინდა, რომ ძალიან წარმატებული საქართველო ვნახო. მინდა, სიამაყე დავინახო თქვენში, – გვითხრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს საერთაშორისო ტრენერმა აგროჟურნალისტიკის საკითხებში ჰეზერ როუს ბრიგსმა. ქალბატონმა ჰეზერმა საერთაშორისო გამოცდილება გაგვიზიარა ტრენინზე, რომელიც საქართველოს მაუწყებელთა ასოციაციისა და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი მაუწყებლებისა და გამოცემებისთვის გაიმართა.

პროგრამა საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსიქორფს“-ის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

ჰეზერ როუს ბრიგსი ტრენინგამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამობრძანდა საქართველოში და ქვემო ქართლში მეცხოველეობის განვითარებას გაეცნო.

ტრენინგის შემდეგ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ინგლისში მოღვაწე აგროჟურნალისტს, რომელიც ხუთი ჟურნალისთვის მუშაობს, არის ყველის საერთაშორისო მსაჯული, აგროეკონომისტი და ესპანეთში მუშაობისას მიიღო ხარისხი – აგროკონსულტანტი მოსავლის აღებაში.

– ქალბატონო ჰეზერ, როგორია თქვენი უმთავრესი რჩევა ქართველი ფერმერებისთვის?

– ვფიქრობ, რომ ფერმერებს აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობები საქართველოში და მათ უნდა ისწავლონ თავიანთი საქმიანობის დაგეგმვა. მათ ძალიან დიდი მომავალი აქვთ. ფერმერები არიან ხერხემალი საქართველოს განვითარებისათვის.

– რა დაინახეთ ყველაზე პოზიტიური საქართველოში მეცხოველეობის დარგში?

– პირველი პოზიტივი და შთაბეჭდილება რაც საქართველოში მივიღე, არის „მერსი ქორფსის“ ალიანსების პროგრამა, – ვნახე, მაგალითად, როგორ აუმჯობესებთ ჯიშს და ვნახე ბუღები, რომლებიც სრულიად ადაპტირებულია ქართულ გარემოსთან. მოვიხიბლე იმ ნაბიჯებით, რომლითაც ეს პროგრამა ავითარებს მესაქონლეობას.

– აგრარული მდგომარეობის მიხედვით ევროკავშირის რომელ ქვეყანას შეადარებთ საქართველოს და რა პერსპექტივა არსებობს საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით?

– ბევრმა ქვეყანამ, რომელიც შეუერთდა ევროკავშირს, შეასრულა ეს ვალდებულებები და ისინი მიუახლოვდნენ ამ მაღალ სტანდარტებს. დიახ, რატომაც არა, – საქართველოც მიუხლოვდება სტანდარტებს. საქართველოც შეძლებს ამას და თქვენ უნდა იამაყოთ ამით. არაჩვეულებრივი ქართველი სპეციალისტი გყავთ სურსათის უვნებლობის საკითხებში, ტრენერი ეკატერინე ბურკაძე, რომელიც ძალიან კარგი რესურსია ამისთვის. დიახ, საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან მივა.

ძალიან ბევრი ქვეყანა დღეს ევროკავშირშია, რომელსაც შევადარებდი საქართველოს.

ევროკავშირის მთავარი მახასიათებელია მრავალფეროვნება. ევროკავშირი ზეიმობს, აფასებს, პატივს სცემს თითოეული ქვეყნის მრავალფეროვან ტრადიციებს.

– მოკლედ ბრუცელოზის საფრთხისა და მისი გამოვლენის მეთოდებზე.

– ბრუცელოზი არის საკმაოდ სერიოზული დაავადება. საქართველომ პროფესიონალურად უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი. სპეციალისტებმა სისხლის სინჯები უნდა აიღონ, აღმოაჩინონ დაავადება. ბრუცელოზით დაავადებული საქონელი უნდა დაიკლას.

საქართველო უნდა გახდეს ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა. ბევრი ქვეყანა გათავისუფლდა ბრუცელოზისგან, რადგან სახელმწიფომ მთავარ სამიზნედ აიღო ბრუცელოზის დაავადებასთან ბრძოლა.

თქვენი მინისტრისგან მოვისმინე, რომ აპირებენ, ბრუცელოზი რომელი ფერმერის საქონელსაც აღმოაჩნდება, მას გადაუხადონ კომპენსაცია, მიეხმარონ დაკვლაში და ა. შ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რაც მე მოვისმინე და ეს შეიძლება იყოს ძირითად საკითხად გამოტანილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან და ასევე ქვეყნის განვითარების. თქვენ უნდა გახდეთ ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა. ამას უფრო მეტი პროფესიონალური მიდგომა სჭირდება.

– რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ბრუცელოზისგან თავისუფალი ქვეყანა გახდეს?

ბრუცელოზი პირდაპირ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. ბრუცელოზი არის საზიზღარი, საშინელი დაავადება, რომელსაც მკურნალობენ, მაგრამ არ იკურნება. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს უვნებელი და კარგი ხარისხის პროდუქტი.

– პირუტყვის სადგომის სწორად მოწყობას რა მნიშვნელობა აქვს?

– ჩემს ქვეყანაში, ინგლისში, ბოსლების მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით, – ზამთარში. ბოსლის აგებამდე უნდა ჰკითხოთ ვეტერინარს, როგორ ააშენოთ. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ ვენტილაციას. არ უნდა იყოს ძალიან სიცივე ან ძალიან სითბო. ბოსელი კომფორტული უნდა იყოს. საკმარისი ფართი უნდა ჰქონდეს ძროხის სადგომს.

ჩვენ გვყავს პროფესიონალები ამ სფეროში, ვინც გეგმავენ ძროხების სადგომებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. დაგეგმეთ, ჰკითხეთ ვეტერინარს და თქვენც შეგიძლიათ მოაწყოთ შესაბამისი სადგომები. ბოსლის სწორად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღოთ მეტი და სუფთა პროდუქტი.

– რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს კოოპერატივებმა საქართველოს?

-გირჩევთ, რომ გამოიყენოთ სიტყვა „გუნდი“, „გუნდური მუშაობა,“ „ფერმების გაერთიანება.“ ადამიანებმა უნდა იმუშაონ არა ცალ-ცალკე, არამედ – ერთად.

მოდი, ერთად ვიმუშაოთ აგროჟურნალისტებმა, ერთად ვიმუშაოთ პოლიტიკოსებმა, ფერმერებმა.

ფერმერში ვგულისხმობ ყველა მწარმოებელს, – იქნება ის მცირე თუ მსხვილი.

ერთად იმუშავეთ, იყავით გუნდი!

– როგორი შთაბეჭდილებებით მიდიხართ საქართველოდან? აქვს თუ არა მომავალი აგროჟურნალისტიკას ჩვენთან?

– მინდა, რომ თქვენ ძალიან იამაყოთ საქართველოთი იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი მომავალი; გაქვთ არაჩვეულებრივი მიწა, რომელიც არის გამოუყენებელი. მის გამოყენებას მეტი ორგანიზება სჭირდება. აგროჟურნალისტიკას დიდი მომავალი აქვს საქართველოში. თქვენ გადასცემთ ცოდნას, ინფორმაციას, რომელიც მწარმოებელს ეხმარება, გაზარდოს საკუთარი ბიზნესი და წარმოება.

– ქართული სამზარეულოდან რამ მოგხიბლათ?

– მშვენიერი ღვინო გაქვთ. შევიტყვე, რომ მექსიკაში ძალიან პოპულარული ხდება ქართული ღვინო. მიყვარს ღვინო და ვისურვებდი, რომ როდესაც ინგლისში შევალ ერთ-ერთ მაღაზიაში, მქონდეს არჩევანი, – ვიყიდო ესპანური, იტალიური თუ ქართული ღვინო.

ან ვიყიდო ქართული ყველი, – რატომაც არა. იამაყეთ.

ლაურა გოგოლაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ 

მინისტრის შეხვედრა რეგიონულ მედიასთან – რა დააკავებს გლეხს სოფელში