მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების IV კურსის სტუდენტი მარიამ რიკაძე სლოვენიის ქალაქ კოპერის პრიმორსკას უნივერსიტეტში სწავლობს.

მან ეს შესაძლებლობა გაცვლითი სასწავლო პროგრამა „ერასმუს+“- ის კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა. თებერვლის ბოლომდე ის სლოვენიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლევითი მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებს.

მარიამ რიკაძე პირველი ქართველი სტუდენტია, რომელიც პრიმორსკას უნივერსიტეტში „ერასმუს+“- ის სასწავლო პროგრამით სწავლობს. ამის გამო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„აქ, ფაქტობრივად, „საქართველოს ელჩი“ ვარ, – ამბობს მარიამი, – მინდა, ჩვენს ქვეყანაზე, ახალგაზრდებზე აქაურებს საუკეთესო წარმოდგენა შევუქმნა. ჩემი ნაცნობებიდან უმრავლესობამ ჩემგან გაიცნო საქართველო და ბევრი რამით დაინტერესდნენ. ეს პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნების კულტურის, ტრადიციების გასაცნობად, წინსვლისა და ცოდნის მისაღებად“.

მარიამ რიკაძე 2025 წელს აჯამებს და მიიჩნევს, რომ მის ცხოვრებაში ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა:

ბაკალავრიატის სტუდენტობის ბოლო კურსზე რამდენიმე ახალგაზრდულ საერთაშორისო ბანაკსა და კონკურსში მონაწილეობდა; აირჩიეს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის“ წევრად; წარმატებით მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; ჩაერთო კონრად ადენაუერის ფონდისგან მხარდაჭერილ პროექტში – KAS-ის პოლიტიკური განათლების აკადემია და ამ პროგრამის ფინალურ ეტაპზე ერევანში იმყოფებოდა; მეოთხე წელია, მარიამი სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელია.

ამ წლის ყველაზე დიდ მიღწევად ბრიუსელში ვიზიტს ასახელებს, – მარიამი ილიას უნივერსიტეტის იმ ხუთ სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს და საქართველოს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაში ჩაერთვნენ.

„არც ერთ სხვა ქართულ უნივერსიტეტს ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განუხორციელებია, რომ საკუთარი ინიციატივით სტუდენტები ასეთ ღონისძიებაზე გაეგზავნა, – ამბობს მარიამი, – პირველ ეტაპზე დავწერეთ ესსე ინგლისურ ენაზე – „გზავნილი ევროპას“, შემდეგ გასაუბრება გავიარეთ. ესსეში მთავარი აქცენტი უნივერსიტეტის აკადემიური და ინსტიტუციური თავისუფლების მნიშვნელობაზე გავაკეთე, რის გარეშეც უნივერსიტეტის განვითარება წარმოუდგენელია.

ბრიუსელში ვეწვიეთ წამყვან ევროპულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს: ევროპის პარლამენტს, „ერასმუს+“-ის პროგრამის ცენტრს, ბრიუსელში მოქმედ კვლევით ცენტრს – Bruegel, გენტისა და ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტებს, ევროკომისიის საგამოფენო სივრცეებს Experience Europe-სა და ევროპის ისტორიის სახლს.

შეხვედრებზე ევროპული განათლების პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ.

ეს ვიზიტი მხოლოდ საგანმანათლებლო რეფორმის ორი ათწლეულის აღნიშვნა არ ყოფილა – იგი იქცა საქართველო-ევროპას შორის დიალოგად, რეფლექსიად იმაზე, როგორ განაგრძობს ცოდნის, დემოკრატიისა და კრიტიკული აზროვნების პრინციპები ჩვენი საერთო მომავლის ფორმირებას, განსაკუთრებით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში“.

მარიამ რიკაძეს „ქართული ოცნებისგან“ ახლახან შემოთავაზებულ უმაღლესი განათლების რეფორმაზე ვკითხეთ. ის მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს უნდა დადგეს უნივერსიტეტის ავტონომიურობა და თავისუფლება. ამ შემთხვევაში ბუნდოვანია არა მარტო ახალგაზრდების, არამედ ზოგადად განათლების სისტემის მომავალი. მისი აზრით, საერთაშორისო ინტეგრაციაზე ორიენტრირებული გარემოს ცვლილება კარგ შედეგებს არ მოიტანს.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მარიამი მაგისტრატურაზე სწავლას უცხოეთში გეგმავს. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან სამომავლო გეგმებზე საუბარი კარგად მაქვს დაცდილიო, – ამბობს და 2020 წელს მასთან ჩაწერილ ინტერვიუს იხსენებს – მარიამმა მაშინ გვითხრა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარება სურდა.

„ყოველთვის ვამბობ, რომ ჯობია სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე არ სცადო და შემდეგ ინანო, – ამბობს მარიამი, – ცხოვრებაში, ზოგადად, მიზნის მიღწევას, მცდელობა არ უნდა დააკლო.

ზოგს ჰგონია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ განათლებას მივიღებთ, საცხოვრებლად აუცილებლად იქ დავრჩებით. ეს ასე არაა. მინდა, რომ ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო; თანატოლებს, უმცროს მეგობრებს გავუზიარო, საქართველოს განვითარებასა და გაძლიერებას მოვახმარო.

ჩემი საახალწლო სურვილები იმედიანია – გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას. იმ სიტუაციის მიუხედავად, რაც ახლა საქართველოში ხდება, მჯერა 2026 წელს უფრო ახლოს ვიქნებით ევროპულ მომავალთან და ვიპოვით სწორ გზას“.

მომავალშიც ულევ წარმატებებს ვუსურვებთ მარიამ რიკაძეს.

ნინო კაპანაძე