სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეგვხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მიმოიხილა სამინისტროს ორწლიანი მუშაობის ძირითადი ასპექტები და ხაზი გაუსვა რეგიონულ მედიასთან მჭიდროდ თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეტაპობრივად იქმნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დააახლოებს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდის, უსაფრთხოების, საექსპორტო ბაზრების გაზრდის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის დარგი ეტაპობრივად მიმზიდველი უნდა გახდეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე უცხოელი ინვესტორებისათვის.

მინისტრმა ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ყველაზე მძიმე თემა საზოგადოებასთან კომუნიკაციაა. საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გარდამტეხი ეტაპია. დარგის 23-წლიანი ვარდნის პირობებში დეგრადირებული იყო პრაქტიკულად ყველა მიმართულება, არ არსებობდა მოტივაცია. ამ დარგში 50 მილიონიანი პორტფელი დღეს ნახევარ მილიარდზე მეტი გახდა. დიდი წყვეტის შემდეგ ძალიან რთულია ააღორძინო დარგი და შემდეგ შეძლო შესაბამისი კომუნიკაცია ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება.

შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, – ტექნოლოგიები, მიდგომები, ბუნება. შესაბამისად, საჭიროა თანმიმდევრობა, კვლევა, სტატისტიკა, რომელიც პრაქტიკულად არც გვქონდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ევროპაში ინტეგრაციაა, რაც ხშირად სპეკულაციის საგანიც ხდება ხოლმე, მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც ვსაუბრობთ სტანდარტებზე, ნორმებზე, მეთოდებსა და მეთოდოლოგიებზე, ეს, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას სჭირდება,“ – აღნიშნა მინისტრმა.

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება,“ „ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა“, სამეწარმეო ციტრუსის სუბსიდირება“, „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია“, – ბოლო ორ წელიწადში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაწყებული პროექტებია.

2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა. სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 376 კოოპერატივს. მინისტრის ინფორმაციით, გაიზარდა ღვინის ექსპორტი. 2014 წელს პირველად შემუშავდა „რძისა და რძის ნაწარმისა“ და „თაფლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტები. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებით გაააქტიურა სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლი. შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. საქართველო ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) 51-ე წევრად აირჩიეს.

მინისტრმა შეხვედრაზე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესების უდიდეს მნიშვნელობას.

„ქუჩაში რომ გავიდეთ და ვკითხოთ, რამდენ ახალგაზრდას უნდა რომ ვეტერინარი გამოვიდეს, ამ მიმართულებით პრობლემები გვაქვს, – აღნიშნა ოთარ დანელიამ, – სამწუხაროდ, ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობა არ არის მიმზიდველი, საინტერესო. დღეს ვინც ამ სპეციალობაზეა, სწავლობს იმიტომ, რომ სწავლა უფასოა ან იმიტომ, რომ ამ სპეციალობაზე ჩაირიცხა.

სიზარმაცე და მუშაობის ინტერესის დეფიციტი სახეზეა. ფერმერებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ მუშახელს ვერ შოულობენ. ამ დროს ბირჟაზე დგანან საღსალამათი ადამიანები, რომელთაც მუშაობა არ უნდათ.

მეორე ტრაგედია ისაა, რომ უცხოეთში მიდიან და მძიმე პირობებში მუშაობენ, საქართველოში კი შრომა ეთაკილებათ. ძალიან ბევრი ადამიანი არ იწყებს მუშაობას იმიტომ, რომ არ გაუუქმდეს სოციალური დახმარება. ეს კატასტროფაა.“

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მოიპოვეს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების აგრარული მიმართულებების წარჩინებული სტუდენტების სია რეგიონების მიხედვით და  მათ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დაასაქმებენ.

„კონკურენტუნარიანობა მხოლოდ ფასის კოეფიციენტი არ არის. კონკურენტუნარიანობა არის ხარისხი, ფასის შესაბამისად. დღეს ბიუ-ბიუს ქათამზე რიგია იმიტომ, რომ ხარისხიანია. სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობებს ხელი უნდა შევუწყოთ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების სტაბილური მიმწოდებელი უნდა გავხდეთ ნებისმიერი ქსელისა თუ ბაზრისათვის. სეგმენტური შესყიდვებით არცერთი ბაზარი არ არის დაინტერესებული.

კოოპერატივის პირველი ამოცანა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა; შესაძლებლობაა, რომ მისი პროდუქციის ხარისხი ამაღლდეს გარკვეულ სტანდარტამდე და გავიდეს რეგიონს გარეთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრ ოთარ დანელიას ინფორმაციით, „წელს საქართველოში გაკეთდება სამი ლაბორატორია, – ფიტოსანიტარული, თაფლისა და ნიადაგის კვლევის. მიწას შესწავლა, ანალიზი სჭირდება. მეტეოროლოგიური სტატისტიკაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად გაითვალოს კულტურები. ბუნება იცვლება, გლობალური დათბობა რეალური ტენდენციაა. ჩვენ უნდა შევძლოთ ადაპტაცია და შესაბამისად მოქმედება.

მიკროკლიმატის, ნიადაგის მრავალფეროვნების, ბიომრავალფეროვნების მხრივ მთელ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა საქართველო. დადებითი მხარეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, სადაც ხარვეზები და პრობლემებია, ტექნოლოგიითა და მეცნიერული მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ.“

რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ 22 დეკემბერს დასრულდა სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე მუშაობა. ამჟამად მიმდინარეობს უწყებათაშორის შეთანხმება. მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კი ეს სტრატეგია გასაჯაროვდება.

სტრატეგიაში სიახლეებია კლიმატთან ადაპტაციისა და სოფლის განვითარების კუთხით.

სოფელში მხოლოდ სოფლის მეურნეობა კი არ უნდა განვითარდეს, არამედ მთლიანად სოფელი. მხოლოდ მიწის დამუშავება გლეხს სოფელში ვერ დააკავებს. მას სჭირდება ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო ცენტრი, ჯანდაცვის ობიექტები და ა. შ.

სტატეგიის შესაბამისად მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომელსაც თან ახლავს პასუხისმგებლობის მატრიცა, სადაც გაწერილია თითოეული პუნქტი და ამოცანა პასუხისმგებლობის დელეგირების დონეების გათვალისწინებით.

„გვინდა განვავითაროთ ადგილობრივი საკონსულტაციო სამსახურები. იუსტიციის სოფლის სახლებში იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები.

მეცხოველეობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველთა აღრიცხვა, რაც ხშირად მოსახლეობას არ უნდა სოციალური დახმარების მოხსნის შიშით.

ჩვენ გავაჩენთ მოტივაციას, – პირიქით, – ნუ დამიმალავთ და მე აცრებს ჩავუტარებ, შესაბამის ზედამხედველობას განვახორციელებ, კონტროლის ქვეშ მეყოლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდება გლეხისთვის იმიტომ, ერთიან სისტემაში აღურიცხავ პირუტყვს სასაკლაოზე ვეღარ წაიყვანს. თუ წაიყვანს, არაიდენტიფიცირებული საქონელი ამოღებას დაექვემდებარება.

ადამიანთა დაავადებების 60 პროცენტი ცხოველებთან შეხების შედეგად ჩნდება. დღეს ბრუცელოზი არის ყველაზე დიდი პრობლემა. თებერვლის ბოლოს გვექნება ბრუცელოზის წინააღმდეგ საბრძოლველად გრძელვადიანი პროგრამა. გლეხს ეცოდინება, რომ თუ მის პირუტყვს აღმოაჩნდა ბრუცელოზი, რაღაც პირობებში ჩაჯდება. დღეს ფერმერს ეშინია პირუტყვის განადგურების და ამ დროს ბრუცელოზის თემა მხოლოდ ცხოველების ჯანდაცვის ნაწილი კი არა, ადამიანური ჯანდაცვის ნაწილიცაა.

დღეს საქართველოში 750 ათასი ჰა სახნავი ტერიტორიიდან მუშავდება მაქსიმუმ 400 ათასი. 350 ათასი ჰა არის დაუმუშავებელი. გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებთ ამას, მით უმეტეს, რომ უფასოდ ვუხნავთ სავარგულებს და ვართ მცირემიწიანი ქვეყანა.

2015 წელს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ახალი, გარდამტეხი ეტაპი იწყება. ის პროექტები, რომლებსაც ჩვენ ახლა გამოვაცხადებთ, ამის თვალსაჩინო მაგალითი გახდება,“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

ლაურა გოგოლაძე

otar daneliastan shexvedra (1) otar daneliastan shexvedra (3) otar daneliastan shexvedra (2)