2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავლენ, – სტუდენტები გახდებიან და სასურველი პროფესიის დაუფლებას შეუდგებიან.

გაიცანით ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები –  ოლიკო ბარბაქაძე, საბა კაკულია, ნიკოლოზ ჭიპაშვილი, მართა გურგენიძე და ანამარია კურტანიძე.

ანამარია კურტანიძესა და ოლიკო ბარბაქაძეს თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამაზე ჩაბარება სურთ. მართა გურგენიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას აპირებს. საბა კაკულიას კომპიუტერული ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის შესწავლა აინტერესებს. ნიკოლოზ ჭიპაშვილმა კი მომავალი პროფესია – კომპიუტერული ინჟინერია, ბავშვობიდანვე, მამის გავლენით აირჩია, ვინაიდან მამა ხშირად ესაუბრებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

როგორი წარმოუდგენიათ საკუთარი თავი და ჩვენი ქვეყანა ათი წლის შემდეგ, – ამ შეკითხვაზე ჩვენი რესპონდენტები გვპასუხობენ, რომ ათი წლის შემდეგ კარგი სპეციალისტები, დასაქმებული და წარმატებული ადამიანები იქნებიან. რაც შეეხება ქვეყნის განვითარებას, თითოეულ მათგანს სურს, რომ ევროპულ საქართველოში იცხოვროს.

მართა გურგენიძე: – მინდა, რომ ათი წლის შემდეგ რეალურად დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ და არა როგორც დღეს არის – ფასადურ დემოკრატიაში. ახალგაზრდები ევროპის ქვეყნებში ცხოვრებაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ ჩვენი ქვეყანა მინდა რომ გაძლიერდეს ევროპის განვითარებული ქვეყნების მსგავსად. საქართველოში ისეთი პირობები მინდა შეიქმნას, რომ ქვეყნიდან წასული ახალგაზრდებიც აქ დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა საქართველოს მოახმარონ.

ოლიკო ბარბაქაძე: – საქართველოში მრავალპარტიული მმართველობა უნდა იყოს, გამუდმებით ერთი პარტია არ უნდა ბრუნავდეს ყველა არჩევნებზე. მთავრობამ უფრო მეტად ახალგაზრდებს უნდა შეუწყოს ხელი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ; ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც, წლებია, მთავრობაში არიან.

ანამარია კურტანიძე: – მინდა, რომ ათი წლის შემდეგ საქართველოს საზოგადოება უფრო განვითარებული იყოს, განსხვავებული აზრის მოსმენისა და მიმღებლობის უნარი გვქონდეს და ადამიანები ერთმანეთზე გადამტერებულები არ იყვნენ.

ნიკოლოზ ჭიპაშვილი: – ვფიქრობ, ათი წლის შემდეგ ჩემი ქვეყანა იქნება განვითარებული და გაძლიერებული. მინდა, რომ ყველა ახალგაზრდას შეეძლოს ისეთი განათლების მიღება და ისე დასაქმება, რომ აღარ მოუნდეს სხვა ქვეყანაში წასვლა. ამ ქვეყანაში უნდა იყოს ყველა ის შესაძლებლობა, რაც ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებაში ეხმარება.

როგორი უნდათ იყოს ხარაგაული ოლიკოს, საბას, მართას, ნიკოლოზსა და ანამარიას, როცა ისინი დიპლომირებული სპეციალიტები გახდებიან და დაბრუნდებიან თუ არა მშობლიურ მუნიციპალიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, – ამ შეკითხვებზე ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავს, რომ თუ ხარაგაულში პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა იქნება, აქ აუცილებლად დაბრუნდებიან.

საბა კაკულია: – ადამიანები ხარაგაულში „ხელფასიდან ხელფასამდე“ ცხოვრობენ, მათი ანაზღაურება არასაკმარისია. მეტი სამუშაო ადგილი თუ შეიქმნება, ადამიანები დასაქმდებიან, შემოსავალი გაეზრდებათ და ამ შემოსავლით უფრო მეტი თანხა წავა ეკონომიკაში, უფრო მეტი ბრუნვა იქნება და შესაბამისად, უფრო განვითარდება ყველაფერი.

ანამარია კურტანიძე: – მინდა, ხარაგაულში იყოს კინო, მაღაზიები, მოლები ისე, როგორც ეს დიდ ქალაქებშია. ამისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ადამიანები ხარაგაულში დაბრუნდნენ და აქ დასაქმდნენ. ახალგაზრდები აქედან იმიტომ კი არ მივდივართ, რომ წასვლა გვინდა, დიდ ქალაქებში განვითარების მეტი შესაძლებლობაა.

ოლიკო ბარბაქაძე: – სასურველია, ხარაგაულში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, წარმატებული ორგანიზაციები ჩამოდიოდნენ და თავიანთ საქმიანობას გვაცნობდნენ. მინდა, რომ ხარაგაულში ისეთი სივრცე იყოს, სადაც ახალგაზრდებს მეცადინეობისა და დასვენების შესაძლებლობა გვექნება.  სახლი-სკოლა-მასწავლებელი – ცოტა დამღლელია და გვინდა სივრცე, – კულტურისა და დასვენების პარკის გარდა, – ისეთი ადგილი, სადაც ბავშვებს შეგვეძლება დაჯდომა, მეცადინეობა, დასვენება, რამეს მივირთმევთ და დროს შინაარსიანად, საინტერესოდ გავატარებთ“.

ნიკოლოზ ჭიპაშვილი: – განვითარებული და კეთილმოწყობილი ხარაგაულის შექმნაში დიდი როლი, ახალგაზრდებთან ერთად, ხელისუფლებას ეკისრება. ახალგაზრდებმა უნდა ვიაქტიუროთ, უნდა მოვითხოვოთ სასიკეთო ცვლილებები. ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ორიენტირდეს მოქალაქეების სურვილებზე; მაქსიმალურად უნდა დაგვიჭიროს მხარი და გვერდით დაგვიდგეს, რომ ახალგაზრდებს რაც გვსურს, უკეთ განვახორციელოთ და სისრულეში მოვიყვანოთ.

თამთა გოგოლაძე