

ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ მამაკაცს, უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან იძულებით დევნილ ალექსეი სერედას.
ალექსეი პროგრამისტია და ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ხარკოვში საკუთარი ფირმა ჰქონდა. ახლა ონლაინ მუშაობს.
– საქართველოში პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩამოვედი. მესამე ადგილი დავიკავე. ოლიმპიადის ქართველი მასპინძლებისგან მიღებული მაშინდელი სითბო და კეთილგანწყობა დღემდე მახსოვს. ქართველები მას შემდეგ შემიყვარდით.
ახლა საქართველოში ძალიან სევდიანი და სამწუხარო მიზეზით ვიმყოფები. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველო ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. მეუღლესთან, უმცროს შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად ხარაგაულში 2022 წლის გაზაფხულზე ჩამოვედით და რამდენიმე თვე მაია და გია ტორაძეების ოჯახში ვცხოვრობდით.
შემდეგ ჩემი მეუღლე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში გაემგზავრა, 95 წლის დედასთან, რომელსაც გადაადგილება უჭირს, შვილმა ოჯახით ეგვიპტეში წასვლა არჩია. მეც წავედი ეგვპიტეში, თუმცა, იქაურობას ვერ შევეგუე და მალევე დავბრუნდი. არასდროს, არასდროს წავალ რუსეთში, რუსეთი ჩემი ქვეყნის მტერია!
საქართველოში კი, ხარაგაულის გარდა, ცხოვრება ვერსად წარმომიდგენია. აქ ყველაფერი მომწონს. თქვენთან შესანიშნავი, არაჩვეულებრივი ბუნებაა. მე მსგავსი ახლოს მდებარე სხვა ქალაქებში არ მინახავს. ზესტაფონში, ქუთაისში ვიყავი, თუმცა, ასეთი სილამაზე, როგორიც ხარაგაულშია, იშვიათობაა.
შესაძლოა, ზოგს უკვე მობეზრდა ხარაგაულში ჩემი დანახვა, – არიან ასეთებიც, კითხულობენ, – „ო, ეს ისევ აქ არის“? „რატომ არ მიდის სახლში“? რა ვქნა, ომია უკრაინაში. ჩემი უფროსი შვილი არმიაშია… ძალიან მენატრება…
…ხარაგაულში ცხოვრების ოთხი წლის განმავლობაში 10 ათას კილომეტრზე მეტი ფეხით გავიარე. დილით „დიდების ხიდს“ რომ ეძახით, იქამდე ავდივარ, სადილობისას დევების სკვერში ჩავდივარ, საღამოს გზას ისევ „დიდების ხიდისკენ“ მივუყვები. ახლა ზამთარია და იმდენს ვეღარ ვმოძრაობ. ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის კარგია. თან დრო გადის, სულ კომპიუტერთან ხომ არ ვიმუშავებ.
ის, ვინც ჩემს მიმართ კეთილგანწყობილია, სამწუხაროდ, ვერ მესაუბრება – მე ქართული გამართულად არ ვიცი, მათ კი – უკრაინული. ინგლისურ და გერმანულ ენებზე ვსაუბრობ. ეს ენები კი აქ ახალგაზრდების ნაწილმა იცის. ჯერჯერობით, 300-ზე მეტი ქართული სიტყვა ვისწავლე. ქართული ენა რთულია, განსაკუთრებით გრამატიკა. ამიტომ, იძულებული ვარ, ხარაგაულელებს რუსულად ველაპარაკო.
…ბოლო ორი წელია, სიტუაცია ძალიან შეიცვალა. 2022 წელს, როცა ჩვენ ხარაგაულში ხუთნი ჩამოვედით, ადგილობრივი ხელისუფლება, მერია, ჩვენზე ზრუნავდა. გვეპატიჟებოდნენ თეატრსა და მუსიკალურ სკოლაში. გავიცანი ქალაქის მერიც. ახლა აბსოლუტურად გაწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა. მე არ მაქვს პრეტენზია. ვიცი, საქართველოში რა მდგომარეობაცაა. ოთახის ქირას, კომუნალურ გადასახდებს, კვებას, ჩემი პენსია ძლივს ჰყოფნის. თუმცა, არ ვწუწუნებ. მშვიდად ვარ და ეს საკმარისია.
უკრაინულისგან განსხვავებული, ძალიან საინტერესო სამზარეულო გაქვთ. განსაკუთრებით მომწონს ხაჭაპური, მხოლოდ არა მარილიანი ყველით დამზადებული (იღიმის). ყველაზე მეტად კერძი „ოჯახური“ მომეწონა.
ხარაგაულში რამდენიმე ადამიანთან ვმეგობრობ. საუკეთესო პიროვნებები არიან გიზო ბუაჩიძე, გოჩა გელაშვილი, თამრიკო სხილაძე. მათ ოჯახებშიც ვსტუმრობდი.
რატომ დაიწყო რუსეთმა ომი?! ხარკოვში უმრავლესობა რუსები ცხოვრობდნენ და არასდროს მათთვის შეკითხვა არავის დაუსვამს, აქ რა გინდათო. რატომ სჩადის ამდენ ბოროტებას რუსეთი? საერთაშორისო დახმარება არის ახლა უკრაინის გადარჩენის ერთადერთი გზა.
…მიჭირს მომავალზე საუბარი. ღამით მეღვიძება და სულ ჩემს ოჯახზე, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ… გაზაფხულზე იქნებ უკრაინაში წავიდე…
…ახალი წელი ჩემთვის ალბათ ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება. სახლში ისევ მარტო ვიქნები. ოჯახის წევრები ვერ ჩამოვლენ, მე მათთან ვერ წავალ… მშვიდობას ვუსურვებ უკრაინასა და საქართველოს, მთელ მსოფლიოს.
სადღეგრძელოები და თამადობა არ მეხერხება. თუმცა, ხარაგაულში ერთი კარგი ქართული სიტყვა ვისწავლე – „ბარაქა“. ჰოდა, საახალწლოდ, ბარაქას გისურვებთ ხარაგაულელებს!
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ მამაკაცს, უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან იძულებით დევნილ ალექსეი სერედას. ალექსეი პროგრამისტია და […]
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში