საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
ცვლილებათა პაკეტი რეკომენდაციების მისაღებად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება.
კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ყოველ ერთ მაჟორიტარზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო ყველა სხვა მუნიციპალიტეტში ყოველ ერთ მაჟორიტარზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება წარმოდგენილი.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ზოგი მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრთა რაოდენობა მცირდება, ზოგან – იზრდება, ზოგან კი იგივე რჩება.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში პროპორციული წესით 15 დეპუტატია არჩეული, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობის ტოლია.
მოსალოდნელი ცვლილებებით იმერეთში საკრებულოს წევრთა რაოდენობა ხარაგაულში, თერჯოლასა და ბაღდათში მცირდება, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში – იზრდება.
ამის შესახებ კვლევასა და დეტალურ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აქვეყნებს.
კანონპროექტის მიხედვით, ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ასეთი ცვლილებაა მოსალოდნელი:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარების რაოდენობა 20-დან 11-მდე შემცირდება, ხოლო პროპორციული წესით 15-ის ნაცვლად 22 დეპუტატს ავირჩევთ;
საჩხერეში 13-დან 11-მდე შემცირდება მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვი, ხოლო პროპორციული წესით 22 დეპუტატს აირჩევენ;
ზესტაფონში 15-ის ნაცვლად 11 მაჟორიტარი ეყოლებათ, 24 დეპუტატი კი პროპორციული წესით არჩეული;
ჭიათურაში 16 მაჟორიტარის ნაცვლად 10 დეპუტატს აირჩევენ, პროპორციული წესით – 22-ს;
ტყიბულში 10 მაჟორიტარის ნაცვლად 9 დეპუტატს აირჩევენ, პროპორციული წესით – 18-ს.
პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსი სამივე მოსმენით დამტკიცდება, ოლქების დამსხვილების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს.
„ცესკო მაჟორიტარულ ოლქებს ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით და ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებით დააჯგუფებს, – ამბობს პაატა კვიჟინაძე, – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ვენეციის კომისია დასკვნას, ალბათ, ამ თვის ბოლოსთვის მოგვაწოდებს“.
„თვითმმართველობა საზოგადოებას უფრო მეტად დაშორდება“
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძე ამბობს, რომ საკრებულოს არჩევის ახალ მოდელს უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს.
„საქართველოში საზოგადოებას, უმეტესად, სურს, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, – ამბობს დავით ლოსაბერიძე, – ეს სისტემა პოლიტიკურ პარტიებს მეტად გააძლიერებს. თუმცა, პარტიების ოფისები, განსაკუთრებით რეგიონებში, მხოლოდ წინასაარჩევნოდ იღება.
მეეჭვება, რომ ან ცვლილებამ მუნიციპალიტეტის შემდგომ განვითარებაზე რეალური გავლენა მოახდინოს. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართული არ არის და ხელისუფლება მოსახლეობას დაშორებულია.
საქართველოში ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას ტაბუ ადევს. შვიდ დიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჯერ მივანიჭეთ და მერე ისევ წავართვით. იმის ნაცვლად, რომ ეს პროცესი გაძლიერებულიყო, უკან დავბრუნდით. დღევანდელი ოპოზიცია ქვედა დონის თვითმმართველობის საერთოდ გაუქმებას აპირებდა.
მთავარია, თვითმმართველობა მოსახლეობას დაუახლოვდეს, გადაწყვეტილებები მათი ჩართულობით მიიღოს. ახლა ყველაფერი ცენტრში წყდება.
ოლქების დამსხვილების უარყოფით მხარედ მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლება საზოგადოებას უფრო მეტად დაშორდება და საკრებულო საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესს თანაბრად ვერ დაიცავს; მაგალითად, თუ მთელი ძალისხმევა ბორითისა და ხევის სოფლების გაძლიერებაზე მივმართეთ, ღორეშის მოსახლეობა უკმაყოფილო დარჩება.
ყველაზე იდეალური სისტემაა, როცა მუნიციპალიტეტის სოფლები საერთო ინტერესებით ერთიანდებიან. აქცენტი ამაზე უნდა გაკეთდეს. უნდა შეიქმნას ცენტრები, სადაც იარსებებს მცირე საწარმოები, ბანკების ოფისები, ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქი.
თუ სოფელში რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, იქ უკვე სხვადასხვა ინეტერესები ჩნდება. სანამ ამ მიმართულებით არ დავიწყებთ ფიქრს, მეეჭვება, რომ თვითმმართველობის გაძლიერებაში სერიოზული გარღვევა მოხდეს.
პოლიტიკური სპექტრი ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და არც პარტიები გამოხატავენ რაიმეს შეცვლის სურვილს, – პარტიების უმეტესობას ცენტრალიზებული მოდელის შენარჩუნება ურჩევნია.
ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ საკითხების მოგვარება, რადგან ასოცირების ხელშეკრულება და ევროსტანდარტებთან დაახლოება ნაბიჯების ამ მიმართულებით გადადგმას გვავალდებულებს. სოფლების დაცლა ქვეყნისთვის კატასტროფაა. არც ერთ ქალაქს არ შეუძლია ყველა მიგრანტის დაკმაყოფილება. ამიტომ მოსახლეობა ქვეყნიდან მიდის და შრომით რესურსს ვკარგავთ.
ეს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება – სოციალური ხარჯები იზრდება, რადგან სოფელში მოხუცები და ბავშვები რჩებიან. ამ პრობლემების მოგვარება მოგვიწევს იმის მიუხედავად, თუ რა განწყობები არსებობს პოლიტიკურ ელიტაში.
ალბათ ახლა მოსახლეობა შიშობს, თუ მას მაჟორიტარი არ ეყოლება, მისი ხმა დაიკარგება. ახლა არ არის ამომრჩევლის ხმა დაკარგული?! პროგრამები ხორციელდება არა საზოგადოების, არამედ ცენტრის შეხედულებით. შესაძლოა, ცენტრალური ხელისუფლების მოსაზრებები ცუდი არ იყოს, მაგრამ მაინც ცენტრი წყვეტს და ადგილობრივების ინტერესებს ვერ და არ ითვალისწინებს.
თვითმმართველობის არსი საზოგადოებასთან სიახლოვე და სერვისების მიწოდების მაღალი ხარისხია. ამის საფასურს ჩვენ გადასახადების სახით ვიხდით“, – ამბობს დავით ლოსაბერიძე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.
„ოლქების დამსხვილებისას მოსახლეობის აზრი მნიშვნელოვანია“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ჯერჯერობით, არ ფლობს ინფორმაციას, ხარაგაულში რომელი მაჟორიტარული ოლქები გაერთიანდება. ის ამბობს, რომ, ერთ ოლქში 1800-დან 2500-მდე ამომრჩეველი უნდა იყოს.
ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ამომრჩევლის ნებას არ გამოხატავს. ის თვლის, რომ საკრებულოს არჩევის წესი ან იგივე უნდა დარჩენილიყო, ან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით.
„ხარაგაულში, 20-ის ნაცვლად, 11 მაჟორიტარული ოლქი დარჩება, – ამბობს ინგა მაღრაძე, – აუცილებელია, რომ დაბა ხარაგაული ცალკე ოლქი იყოს, რადგან ის მუნიციპალიტეტის ცენტრია.
ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოდ, წყალაფორეთს, ხიდარსა და ვარძიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება; ერთიანდება ვახანი და ლეღვანი; ერთ ოლქად ჩამოყალიბდება კიცხი და ფარცხნალი, ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდება ლაშე, სარგვეში და ღორეშა.
ეს მოსახლეობისთვის სასიკეთოდ არაფერს ცვლის. პირიქით, შესაძლოა, მდგომარეობა უფრო გაართულოს. არჩეული თვითმმართველობა სოფლის დონეზე უნდა გვყავდეს. ჩემი აზით, ეს არის ყველაზე ეფექტური.
ოლქების დამსხვილებისას საბოლოო გადაწყვეტილებამდე აუცილებელია, რომ აზრი მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას ჰკითხონ.
პროპორციული წესით არჩევაში მომწონს ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს, თუ ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებენ, საკრებულოში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. საარჩევნოდ, ალბათ, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები გააქტიურდებიან“.
საარჩევნო სიახლეებზე მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს
ვერტყვიჭალაში მცხოვრები ლელა სამხარაძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, საკრებულოს არჩევის ახალი წესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა იცის, რომ საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა მცირდება.
„ხუნევის თემში ხუთი სოფელი შედის. ვფიქრობ, ამ თემის სხვა თემთან გაერთიანება შედეგიანი ვერ იქნება, – ამბობს ლელა სამხარაძე, – ჩემი აზრით, მნიშვნელობა აქვს იმასაც, მაჟორიტარ დეპუტატად თუ როგორ პიროვნებას ავირჩევთ. მან ჩვენი ხმა და მოთხოვნები საკრებულოში უნდა დააყენოს, დაასაბუთოს და ჩვენი ყოფა უკეთესობისკენ შეცვალოს“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი