

დღეს, 31 ივლისს, ხარაგაულში პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ პარტიის რაიონული ოფისი გახსნა და მხარდამჭერებს შეხვდა.
„ეს არ იქნება უბრალოდ ოფისი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ, – ეს იქნება ყველას სახლი, სადაც პრობლემები უნდა თქვათ და პარტიის ადგილობრივი წევრები შეეცდებიან დაგეხმარონ.
მთავარია, რომ ოქტომბერში ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ საქართველოში ქაოსი დავასრულოთ. ახალგაზრდებს გზა უნდა გავუხსნათ, რომ ქვეყნიდან გაქცევის ნაცვლად, მის განვითარებაზე იზრუნონ.
საქართველო პატარა ქვეყანაა და ძალიან სწრაფად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. უბრალოდ, გვჭირდება ერთიანობა, კეთილსინდისიერება, არანაირი კორუფცია და ნეპოტიზმი.
პარტიას თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ექნება განვითარების პროგრამა. ხარაგაული ულამაზესი კუთხეა, აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. კონცენტრირებული და სწრაფი მუშაობა გვჭირდება. მაქსიმალურად ბევრი ტურისტი, სოფლის მეურნეობის განვითარება და ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტი, – ეს არის ის, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“.

როგორ აპირებს გახარიას პარტია საქართველოში ქაოსის დასრულებას; ქვეყნის, მათ შორის ხარაგაულის მსგავსი მუნიციპალიტეტების განვითარებას; ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, კორუფციისა და ნეპოტიზმის დაძლევას, – ამ და ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვან სხვა შეკითხვებზე გახარიასგან განმარტება ვერ მივიღეთ.
ჩვენს მცდელობაზე, რომ მისთვის შეკითხვები დაგვესვა, პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს გვითხრა, რომ „დღეს გახარია მედიისთვის კომენტარებს არ გააკეთებს“.
გახარიამ მხოლოდ ხარაგაულის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატთა შესახებ გვიპასუხა, რომ „ეს, ჯერჯერობით, საიდუმლოა“.
პარტიის „საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას ხარაგაულის მერის მრჩეველი ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი უხელმძღვანელებს.
თამთა გოგოლაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
„ქართულმა ოცნებამ“ ხარაგაულში პარტიულ აქტივს მერობის კანდიდატი წარუდგინა
ვინ იბრძოლებს ხარაგაულის მერობისთვის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას