მიზანდასახული, მუდამ სიახლეების მაძიებელი, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული – ასეთი გახლავთ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სერტიფიცირებული მასწავლებელი ნინო გურეშიძე.

ნინო მასწავლებელი გასული წლის ბოლოს მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის საუკეთესო სამეულში დაასახელეს. ნინო გურეშიძის წერილი „დიფერენცირებული სწავლება“ დაიბეჭდა სამენოვან სამეცნიერო ჟურნალში „ენა და კულტურა,“ რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება.

„მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციას საფუძველი შარშანწინ ჩაეყარა, – გვიამბობს ნინო მასწავლებელი, – კონფერენცია მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით ტარდება და წარმოაჩენს საუკეთესო პედაგოგიურ პრაქტიკას. თავს ვიკავებდი კონფერენციაში მონაწილეობისგან, მაგრამ სკოლის დირექტორმა ქალბატონმა იზოლდა ოკრიბელაშვილმა დამარწმუნა, რომ მქონდა საკმარისი გამოცდილება, რომელსაც კოლეგებს გავუზიარებდი.

პირველ კონფერენციაზე გავაგზავნე გაკვეთილის გეგმა, რომელიც ხმამაღლა ფიქრის მეთოდით დავგეგმე. გეგმაში აღვწერე, თუ როგორ უნდა მივიღოთ გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სწავლება – როგორ შეიძლება ბავშვმა არა მხოლოდ ისწავლოს, არამედ ღრმად გაიაზროს ნასწავლი, საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოახერხოს. ჩემი თემა გამარჯვებულთა შორის დასახელდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და მოტივაცია, რომ უკეთესი შედეგი მიმეღო მორიგ კონფერენციაზე.

შარშან დაამატეს ახალი ნომინაცია და საუკეთესო სამეული უნდა დასახელებულიყო. ჩემი გაკვეთილის თემა გახლდათ „ძველად და ახლა ანუ როცა ბებო ჩემი ტოლი იყო.“ მოსწავლეებისგან ხშირად მესმოდა – როგორ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, როცა არ იყო მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, რა სათამაშოებით თამაშობდნენ, რა ტრადიციები იყო,რას კითხულობდნენ, რით ერთობოდნენ. მათ ვუთხარი, რომ ყველაზე უკეთ ამ შეკითხვებზე პასუხებს თავიანთი ბებიებისგან მიიღებდნენ.გავაკეთე ორმხრივი ბარათები, რაც ძალიან მოეწონათ კონფერენციის მონაწილეებს და მითხრეს, ეთნოგრაფიული კვლევა გაგიკეთებიაო.

ბებიების მონათხრობის საფუძველზე მოსწავლეები პრეზენტაციებს თავად მართავდნენ. გამოიკვეთა, რომ მათ ბებიებს ჩალისღეროებისგან გაკეთებული თოჯინები, წისქვილები და ურმები ჰქონდათ.მოსწავლეებმა თავადაც დაამზადეს სათამაშოები. ერთმა მითხრა, თოჯინა ყველა მაღაზიაში შეიძლება იყიდო, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ჩემი ხელით გაკეთებული ყველას მირჩევნიაო. ერთი მოსწავლის ბებია წერდა, გაკვეთილად „შვლის ნუკრის ნაამბობი“ რომ აგვიხსნა მასწავლებელმა, მთელი ღამე ვდარდობდი ნუკრზე, მონადირე არ გადაეყაროს და არ მოკლასო. თემაზე მუშაობისას მოსწავლეებმა გაითავისეს ის ღირებულებები და ტრადიციები,რასაც პატივს სცემდნენ მათი ბებიები.

კონფერენციაზე ერთმანეთის თემები თავად მონაწილეებმა შევაფასეთ.ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებასიღებდა კომისია. დამასახელეს საუკეთესო სამეულში.

ეს იყო უდიდესი სიხარული და სტიმული. დავბრუნდი თუ არა სკოლაში, ახალიკონფერენციისთვის მზადება დავიწყე.

ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი მოსწავლეეების შედეგებია. როდესაც ისინი გულს მიხარებენ თავიანთი პასუხებით და კარგად იაზრებენ ნასწავლ მასალას. ამაში ძალიან გვეხმარება ჯიპრაიდული გაკვეთილები.

-ნინო მასწავლებელო, უფრო დაწვრილებით გვიამბეთჯიპრაიდულგაკვეთილებზე.

-ეს პროექტი სამი წელია ხორციელდება და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ჩართულია ბაზალეთის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლები. ეს არის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, რომელიც ნერგავს ინოვაციურ სწავლებას გაგება-გააზრების კუთხით ქართულსა და მათემატიკაში. ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორები გვიტარებენ ტრენინგებს. ორ-სამ თვეში მოდიან სკოლაში და ამოწმებენ, როგორ განვახორციელეთ ნასწავლი. მე ფასილიტატორიც ვარ – მასწავლებელთა ჯგუფს ვხელმძღვანელობ. საქართველოს მასშტაბით პროექტში 122 სკოლაა ჩართული.ყოველთვის აღნიშნავენ, რომ საუკეთესო და ყველაზე წარმატებული შედეგი აქვს ქუთაისის#32 და ბაზალეთის საჯარო სკოლებს. ჯიპრაიდული მეთოდით სწავლება შედეგზეა ორიენტირებული. ეს არის აბსოლუტურად ინოვაციური სწავლება. მოსწავლეებს არ ვაყოლებ გაკვეთილს. ვეკითხები, აბა, გმირის რა საქციელია შენთვის მნიშვნელოვანი, რა არის მისი სულიერი ღირებულებები, რაშია მისი სიძლიერე. მოსწავლე ლოგიკურად გადმოგვცემს თავის დამოკიდებულებას, შეხედულებებსა და მოსაზრებებს. როცა ყველას ექნება თავისი აზრი, აი, მერე აღარ იქნება ბრბო და ადვილად სამართავი ხალხი. ამიტომ არის ასეთი მეთოდით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი.

აპრილში ჩატარდება კვლევა და თუ პროგრამამ სასურველი შედეგი გამოიღო, მთელ საქართველოში დაინერეგება.

-ნინო მასწავლებელო, რამდენი წელია, რაც ბაზალეთის საჯარო სკოლაში მუშაობთ?

-29-ე წელია, რაც ვასწავლი. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე დაუსწრებელ ფაკულტეტზე, იმავე წელს დავიწყე მუშაობა. გამოცდილებაც საკმაო მაქვს, მაგრამ ბოლო სამი წელია, რაც ფასილიტატორი ვარ და ჯიპრაიდის პროექტში ჩავერთე, ცოდნა უფრო გავიღრმავე. კოლეგების გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გზრდის, როგორ პროფესიონალს. კონფერენციებსა და შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია არ რჩება ერთ ოთახში და ვნერგავთ ჩვენს სკოლებში.

გულახდილად გეტყვით, რომ მასწავლებლობა არ მინდოდა. მინდოდა პედიატრი გავმხდარიყავი. სკოლის დამთავრებისთანავე მოვეწყვე იაროსლავის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. შემდეგ ოჯახი შევქმენიდა იქ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ბაზალეთში გავიცანი მწერალი ბატონი სერგო ჭეიშვილი, რომელმაც პირველივე შეხვედრისას მითხრა, უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტი ხარო, დამარწმუნა ჩემს ძალებში, მომცა ორიენტირი და მეორე წელს ჩავირიცხე.

ახლა რომ იგივე არჩევანის წინაშე დავდგე, დარწმუნებული ვარ, მასწავლებლობას ავირჩევ, იმდენად დიდ ენერგიას მაძლევენ მოსწავლეები, მათ თვალებში ვკითხულობ, რომ ელიან ჩემგან სიახლეს. მასწავლებელი მოსწავლის სულსაყალიბებს. მე მგონი, რომ სხეულის მკურნალობაზე მეტი სულის სწორად ჩამოყალიბებაა. შვილზე ძვირფასი ადამიანს არავინ ჰყავს და მშობელი მას შენ განდობს, რომ ჩამოაყალიბო და აქციო ადამიანად. რა უფლება გაქვს, რომ ეს იმედი გაუცრუო. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათგან რომ ვიღებ სიყვარულს, ძალიან ბედნიერი ვარ.

მიყვარს ჩემი კოლექტივი. ყველა დაინტერესებულია, რომ ვიყოთ წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის მხარდაჭერა, რომელიც გულწრფელად იზიარებს ჩვენს წარმატებას და მხარს გვიჭერს. ეს მეტი მუშაობის სურვილს გვიჩენს.

-რას უსურვებთ თქვენს მოსწავლეებს?

-მთავაზობენ პროექტ ჯიპრაიდის ტრენერობას და ძალიან უკვირთ, უარს რომ ვამბობ.თბილისში მასწავლებელთა სახლიდან მაქვს შემოთავაზება. ჩემი ადგილი აქ არის, ბაზალეთის საჯარო სკოლაში. ვერსად ვერ წავალ. ჩემს ბაზალეთში უნდა ვიშრომო და გავზარდომოსწავლეები.იმედი მაქვს, სოფლის სიყვარულს რომ ვასწავლით, დაბრუნდებიან ბაზალეთში და მოხედავენ სოფელს. ჩემი დიდი გამარჯვება იქნება, თუ ისინი, პირველ რიგში, იზრუნებენ სოფელზე და ამ ლამაზ მიწა-წყალს არ მიატოვებენ.

ბავშვებს ვეტყვი, რომ უზომოდ მიყვარს თითოეული მათგანი. ყველას წარმატებას და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ვუსურვებ.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ნინო გურეშიძე პირველ და მესამე კლასელებთან – ილია კაპანაძესთან, მარიამ თაბაგართან, ტარიელ პაკელიანთან, ბექა ჩხიკვაძესთან და ლუკა კვირიკაშვილთან ერთად