ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ივნისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი განათლების სისტემით მე-5 ადგილს იკავებს.

ჩამონათვალში პირველ ადგილზე მიანმარია, ბოლოზე კი ზამბია. ამ კვლევას საქართველოში სკეპტიკური დამოკიდებულება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ განათლების სისტემით ქვეყნების ერთ შკალაზე დალაგება, უბრალოდ, შეუძლებელია. თუმცა აღიარებენ, რომ ჩვენს საგანმანათლებლო სფეროში ბევრი ხარვეზია.

განათლების სისტემასთან უშუალო შემხებლობა პედაგოგებსა და სკოლის დირექციას აქვს. ისინი პრაქტიკულად ახორციელებენ განათლების სამინისტროსგან შემუშავებულ რეფორმებს; ფლობენ ინფორმაციას მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით აზრი მათთვის გვეკითხა.

ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურისა და საჩხერის სკოლების პედაგოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყველა სკოლას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ის ცალკე აღებული ავტონომიაა და ერთიან მოდელზე მისი მორგება მარცხისთვის არის განწირული.

პედაგოგები ამბობენ, რომ პრობლემები კი არ უნდა დავმალოთ, არამედ თვალი გავუსწოროთ და ნაბიჯები მათი აღმოფხვრისკენ გადავდგათ.

„მრავალი საერთაშორისო პროექტი, მასში მონაწილეობით, გვაძლევს იმის დანახვის შესაძლებლობას, თუ რა გვაკლია საერთაშორისო დონის განათლებამდე, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის ინგლისური ენის პედაგოგი მზია ბერაძე, – ასეთ პროექტებში ვმონაწილეობდი და ვაპირებ, რომ მომავალშიც ჩავერთო.

ვფიქრობ, საგაკვეთილო პროცესი უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით უნდა იყოს დატვირთული. პედაგოგებმა, მათ შორის ჩემს თავზეც ვიტყვი, პიროვნულ ვალდებულებად უნდა გავიხადოთ ჩვენი მუშაობის პროცესში შედეგების გაუმჯობესება; ვიზრუნოთ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის. ამაში სკოლის თანადგომაც აუცილებელია, რადგან მხოლოდ მასწავლებელი ვერაფერს გახდება“.

საქართველოს განათლების სისტემის ხარვეზის დასანახ ლაკმუსის ქაღალდად ხშირად რეპეტიტორის ინსტიტუტს ასახელებენ. ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან ბევრი კურსდამთავრებული, შესაძლებლობების მიუხედავად, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პროფესიონალ კადრებს ვერ ვიღებთ. იმისათვის, რომ ერთ წრეზე არ ვიაროთ, ჩემი რესპონდენტების აზრით, საჭიროა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

„მეორეხარისხოვანია, თუ რამდენად სანდოა ეს კვლევა. უფრო მეტად საყურადღებოა ის, ჩვენ ვხედავთ თუ არა პრობლემებს განათლების სისტემაში, – ამბობს ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინე ბერაძე, – ფაქტია, რომ პრობლემები არის და მანამ იქნება, სანამ არ ვაღიარებთ და ამ რეალობას თვალს არ გავუსწორებთ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა, რომ ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ გამოცდებისთვის და არა ცხოვრებისთვის.

თქვენ წარმოიდგინეთ, მასწავლებლებიც კი ასე ვიქცევით. გამოცდები და პრაქტიკული ცხოვრება კი აცდენილია ერთმანეთს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენმა ბავშვებმა იციან ბევრი, მაგრამ არ ძალუძთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ასევე დიდ პრობლემად მიმაჩნია ჩვენში არსებული სტერეოტიპი, რომ ყველამ უმაღლესი უნდა დაამთავროს. ამ მიზნის გამო გვეკარგება უამრავი კადრი, რომლებმაც, წესით და რიგით, პროფესია უნდა შეისწავლონ. სამაგიეროდ, უმრავლესობა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, რომელსაც შემდეგ უმეტესობა ვეღარ ამთავრებს”.

მშობლების უმრავლესობა, სწავლების პროცესში, მასწავლებლისა და მოსწავლის გვერდით არ არის. ონლაინსწავლებისას, მათ სკოლის შიდა სამზარეულოში შეხედვა მოუწია. მასწავლებლები იმედს გამოთქვამენ, რომ მშობლების დაინტერესება სასკოლო სივრცეშიც გაგრძელდება, რადგან მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

ნიშნების სისტემით შეფასება ხშირად მოსწავლისთვის მოტივაციის მიმცემია, თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს. მოსწავლეები მხოლოდ ნიშანზე ხდებიან ორიენტირებულნი და რეალურ ცოდნას ვერ იღებენ. პედაგოგები თვლიან, რომ ნიშნებით შეფასება წარსული დროის გადმონაშთია და მისი ადგილი ეტაპობრივად განმავითარებელმა შეფასებამ უნდა დაიკავოს. დიდ პრობლემას წარმოადგენს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა. დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული კლასების დაყოფა და ამით მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება. თუმცა თითოეულ მოსწავლემდე სიღრმისეული ცოდნის მისატანად ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოსწავლე მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული მასწავლებლისგან განმავითარებელ და არა განმსაზღვრელ შეფასებაზე. ასეთ შემთხვევაში მას აღარ დასჭირდება რეპეტიტორი, – აღნიშნავს ჭიათურის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე, – რეპეტიტორი მიმართულებასა და მობილიზებას მოსწავლისგან სკოლაში მიღებულ ცოდნას აძლევს. სწორედ ამისთვის მე-12 კლასი არსებობს, რომლის მიმართაც მშობლები სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს აზრი, რომ პროფესიული განათლება ხელს უშლის უნივერსიტეტში ჩაბარებას. რეალურად კი ეს პირიქითაა. პროფესიული განათლებით მიღებული ცოდნა მოსწავლემ შეიძლება უფრო გამოიყენოს. ჩვენი ქალაქი ჭიათურა მადნის მოპოვებით გამოირჩევა და ამ კუთხით პროფესიული სასწავლებელიც არის. ადამიანს დასაქმების რეალური შანსი აქ მიღებული ცოდნით ექმნება“.

„თითოეულ სკოლას ავტონომია უნდა ჰქონდეს, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, – მიაჩნია საჩხერის #2 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგს ელისო აბრამიშვილ, – სკოლას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელიც ისეთი გარემოს შექმნას შეძლებს, სადაც მასწავლებლები სრულად დაიხარჯებიან“.

მასწავლებლების ნაწილი იმედით უყურებს ახალი სკოლის მოდელს, თუმცა ნაწილი მას მიიჩნევს მორიგ რეფორმად, რომელსაც არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყვება.

„უმნიშვნელოვანესი პრობლემაა გააზრებულად სწავლება. ჩვენ გვირჩევნია, მოსწავლეს მზამზარეული ფორმულები მივაწოდოთ. არ „ვაიძულებთ“ ფიქრს. ფიქრის გარეშე კი ადამიანი არ „იზრდება“! არ ვახალისებთ, რომ დასვან რაც შეიძლება ბევრი კითხვა, წამოჭრან პრობლემა, შეხედონ მოვლენას სხვა თვალით. ხშირ შემთხვევაში ტრაფარეტულ გაკვეთილებს ვერ გაცდა ჩვენი სასკოლო სისტემა.

რეფორმა,რომელიც ახლა ტარდება, იმედს იძლევა. ჯერ ნაადრევად არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ თუ მოსწავლე არ დაგვავიწყდება და მისი საჭიროებიდან გამოსვლას ვისწავლით, შედეგიც გვექნება. პირველ რიგში კი, თუ გვინდა კვლევის შედეგი შეიცვალოს, ჩვენ, პედაგოგებმა უნდა შევცვალოთ მიდგომა, სტილი, დამოკიდებულება, რადგან ჩვენ ვქმნით ამინდს ამ სფეროში და პასუხისმგებლობაც სახელმწიფოსთან ერთად ჩვენზეა“, – ამბობს ირინე ბერაძე.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)კვლევის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია. ის თვლის, რომ შეუძლებელია განათლების სისტემების რეიტინგის გაკეთება, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას სხვადასხვა მიზანი აქვს.

„სამწუხაროდ, ეს კვლევები ჩვენთან უბრალოდ აჟიოტაჟის გამოსაწვევად გამოიყენება და არა რაიმე გადაწყვეტილების მიღებისათვის. არსებობს შიდა კვლევები, რომლებიც მხოლოდ რეიტინგს კი არ აჩვენებენ, არამედ იმასაც, თუ რა ტიპის პრობლემებია და რა არის ამის საფუძველი; მაგალითად, მასწავლებლის როლი დიდია, როდესაც მოსწავლეს ცუდი შედეგი აქვს სკოლაში, ასევე მოსწავლეთა სწავლის შედეგს ხშირად სოციალური მდგომარეობა განაპირობებს.

გადაწყვეტილებები სპონტანურად კი არ უნდა მიიღებოდეს, არამედ – ამ შიდა კვლევებზე დაყრდნობით. მასწავლებლებს უნივერსიტეტიდან უნდა ჰქონდეთ მომზადების მაღალი დონე. სკოლაში მათი შესვლის მექანიზმი უნდა გაუმჯობესდეს. სკოლაში საუკეთესოები უნდა შედიოდნენ. შემდეგ ამ კადრების შენარჩუნების მექანიზმი უნდა გაძლიერდეს, რათა ისინი სკოლიდან არ გაიქცნენ. მათ უნდა ჰქონდეს ახალი იდეებისა და მიდგომების დანერგვის შესაძლებლობა“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ლიკა ხიჯაკაძე