ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში წიგნის „გალაკტიონის ნატერფალებზე“ პრეზენტაცია და ამავე სახელწოდების ფილმის პრემიერა გაიმართა. წიგნისა და ფილმის სცენარის ავტორი ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძეა.

„2007 წელს 16-გვერდიანი წიგნი „გალაკტიონის ნატერფალებზე“ გამოვეცი, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – მასში გალაკტიონის ფარცხნალში პედაგოგიური საქმიანობა იყო აღწერილი. ეს წიგნი ნოდარ ტაბიძეს მივუტანე. მან მირჩია, რომ ამ თემაზე მუშაობა გამეგრძელებინა, რადგან ფარცხნალში გალაკტიონის პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის“.

წიგნში „გალაკტიონის ნატერფალებზე“ ახალგაზრდა პოეტის პედაგოგიური საქმიანობის შესახებ მასალები, თვითმხილველთა ნაამბობი ისტორიები, გალაკტიონის შემოქმედების მკვლევართა მოსაზრებები, პირადი წერილები და მასწავლებლობის პერიოდში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი.

წიგნის ყდა მხატვარმა დავით სულაქველიძემ გააფორმა, უკანა მხარეს კი დატანილია მხატვარ ილო პატაშურისგან პლენერ „გამაზე“ შექმნილი ნამუშევარი.

1909 წელს სემინარიის მოსწავლე გალაკტიონი ჟურნალ „ფასკუნჯის“ თანამშრომელი ხდება და სემინარიაში სწავლაზე გულს იცრუებს. 1910 წელს გალაკტიონის სემინარიელმა მეგობარმა დიმიტრი (ქუჩუ) ქავთარაძემ თავი მოიკლა. ამის შემდეგ სწავლაზე გულაცრუებული გალაკტიონი სემინარიას ტოვებს და მშობლიურ სოფელ ჭყვიშში ჩადის.

მალე გალაკტიონმა, სამსახურის შოვნის თხოვნით, სკოლების მთავარ მეთვალყურეს, ცნობილ ისტორიკოს თედო ჟორდანიას მიმართა. 1910 წლის გაზაფხულზე ის ფარცხნალის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

სოფლისკენ მიმავალ გზაზე გალაკტიონი ხვდება ფარცხნალელ ნიკოლოზ ბუაჩიძეს, რომელიც სოფელში მისი მეგზური ხდება. მეგზურმა პოეტი სოფლის მღვდელ კირილე კელენჯერიძესთან მიიყვანა. 19 წლის მასწავლებელი დიმიტრი ხარაძის სახლის ერთ მყუდრო ოთახში დასახლდა. ოთახის მთელ ავლადიდებას  მაგიდა, საწოლი და ერთი სკამი წარმოადგენდა. ეს ოთახი დღემდე ისეა შენახული, როგორც მაშინ, გალაკტიონის დროს.

ფარცხნალის დაწყებითი სკოლა სოფლის შუაგულში, ეკლესიის ეზოში, ხის ქოხში ყოფილა განთავსებული. სკოლაში ათი მოსწავლე სწავლობდა. მათ ორი პედაგოგი – გალაკტიონ ტაბიძე და ღვთისმეტყველების პედაგოგი დეკანოზი სიმონ ხარაძე ასწავლიდა.

ამ პერიოდში გალაკტიონის შემოქმედებაში ბუნების მშვენიერებისადმი მიძღვნილი ლექსები სჭარბობს.

პოეტი ხშირად სტუმრობდა ხარაგაულის რკინიგზის სადგურს, სადაც ნაცნობ-მეგობრებთან სხვადასხვა თემებზე საუბრით იქცევდა თავს. სწორედ ხარაგაულის სადგურზე შეხვდნენ ერთმანეთს გალაკტიონ ტაბიძე და აკაკი წერეთელი.

„სადგურზე მატარებელი შემოვიდა. ახალგაზრდები მგზავრებს ათვალიერებდნენ. ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია, კუპიდან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ამაყი სახის მქონე მოხუცმა… აკაკი – ჩაილაპარაკა ვიღაცამ“, – იხსენებს თავის ჩანაწერებში გალაკტიონ ტაბიძე.

ხარაგაულის რკინიგზის სადგურს მიუძღვნა პოეტმა ცნობილი სტრიქონები:

„მახსოვს ხორაგაულის
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული –
აცვივნული აგური.
უშფოთველი ცხოვრება,
წყნარი, როგორც გუგული,
მესმის მოახლოებულ
ორთქმავალის გუგუნი“.

1911 წლის ივნისში ფარცხნალის დაწყებითი სკოლა იხურება და გალაკტიონი ხარაგაულს ტოვებს. ის ქუთაისში ჩადის და გაზეთ „კოლხიდას“ თანამშრომელი ხდება.

დოკუმენტური ფილმი „გალაკტიონის ნატერფალებზე“, ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში ახალგაზრდა გალაკტიონს ჯაბა ფქციალაძე განასახიერებს, მის მეგზურ ნიკოლოზ ბუაჩიძეს – ლევან ნანიტაშვილი, მღვდელ კირილე ბუაჩიძეს – გია ხარაძე. ფილმში, გალაკტიონის მოსწავლეების როლში, ასევე მონაწილეობენ ხარაგაულელი ბავშვები.

„ბედნიერი კაცი ვარ, რომ გალაკტიონ ტაბიძე ჩემს ოჯახში ცხოვრობდა, – ამბობს დიმიტრი ხარაძის შვილიშვილი გიზო ხარაძე, – გალაკტიონის ფარცხნალში მოღვაწეობის შესახებ ჩემი ბაბუიდან და მამიდებიდან რაც ვიცი, ყველა მოგონება ამ წიგნშია ასახული“.

წიგნის „გალაკტიონის ნატერფალები“ გამოცემა ფარცხნალელი გელა ბუაჩიძის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ამ წიგნის პრეზენტაცია და ფილმის პრემიერა თბილისში უახლოეს მომავალში, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გაიმართება.

იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ გელა ბუაჩიძესთან ერთად მუშაობს ევგენი ხარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ წიგნზე, რომლის პრეზენტაცია ოქტომბერში გაიმართება.

თამთა გოგოლაძე