

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, – 2015 წლის ბიუჯეტი, რომელიც 6547.1 ათ. ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, მოქალაქეებსა და საკრებულოს წევრებს ჰქონდათ შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობა. „საკრებულოს შენიშვნები გადაიგზავნა გამგეობაში, საიდანაც წარმოგვიდგინეს შესწორებული ვარიანტი. ვიმსჯელეთ და საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ შენიშვნები უმეტესწილად გათვალისწინებულია. ზოგი შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული, რის მიზეზადაც დასაბუთებული არგუმენტი არსებობს, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი რესურსები არ არის,“ – აღნიშნავს ვარლამ ჭიპაშვილი და ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აქვს წლის მანძილზე შემოსავლების ზრდის პერსპექტივა.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილის თქმით, შარშან გვიან გაიცა შეშის მოპოვებაზე საშეშე ბარათები. ამის მიუხედავად, წლის ბოლოს ბუნებრივი რესურსებიდან შემოსავალმა 100 ათასი ლარი შეადგინა. ვლადიმერ გელაშვილი მიიჩნევს, რომ წელს ბიუჯეტში შემოსავალი სამასალე ხე-ტყის გაყიდვიდანაც შევა.
„ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს ეკონომიკის აღორძინებისკენ. ამიტომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეტი თანხა უნდა გაგვეთვალისწინებინა ბიუჯეტში, – ამბობს დეპუტატი იუზა კელენჯერიძე, – ბიუჯეტიდან დაფინანსებული სანერგე მეურნეობა მომავალში შემოსავალს მოგვცემს.“
დეპუტატ მიხეილ გელაშვილის თქმით, ყველა ორგანიზაცია თავმოყრილია დაბა ხარაგაულში და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს მათი მომსახურებით.
დეპუტატ თორნიკე ავალიშვილის შეფასებით, 2015 წლის ბიუჯეტი მხოლოდ სახელფასოა და გათვალისწინებული არ არის რაიმე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება. მისივე თქმით, ძალიან დიდია წარმომადგენლობითი ხარჯი, ხოლო შტატები არ არის გაზრდილი მიზანმიმართულად და საჭიროებისთვის. მცირე თანხაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ გამოთქმული
შენიშვნების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის გამგეობამ დამატებითი შემოსულობები შემდეგნაირად დაგეგმა: გასული წლის თერთმეტი თვის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა-შესრულებიდან გამომდინარე, გაზარდა „სხვა შემოსავლების“ საპროგნოზო გეგმა 30,0 ათასი ლარით. მათ შორის მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 15,0 ათასი ლარით და შემოსავლები ჯარიმები, სანქციები და საურავებიდან 15,0 ათასი ლარით.
მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების მიზნით შემცირდა გამგებლის საწვავის ხარჯი 2,4 ათ. ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯი 2,0 ათ. ლარით, სასაუბროს ხარჯი 0,6 ათ. ლარით, სარეზერვო ფონდი 16,0 ათ. ლარით.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯები 23,8 ათ. ლარით შემცირდა, ვინიდან 2015 წლის 10 იანვრიდან აღნიშნული სამსახური დაფინანსდება ეკონომიკური კლასიფიკაციის ერთი მუხლით ,,მიმდინარე გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს.“
შემოსულობების ზრდით და ხარჯების შემცირებით მიღებული თანხა – 74,8 ათ. ლარი მუნიციპალიტეტის გამგეობამ შემდეგნაირად გადაანაწილა:
სოციალური პროგრამები -21,8 ათ. ლარი, მათ შორის 5,0 ათ. ლარი მიიმართა გენდერული პროექტებისა და პროგრამების მოსამზადებლად; 11,8, ათ. ლარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად; 5,0 ათ. ლარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთა რიცხვში;
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება – 15.0 ათ. ლარი;
რელიგიის დაფინანსება 20,0 ათასი ლარი;
ისტორიული მუზეუმის სუბსიდირება – 8,0 ათასი ლარი;
სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი – 10,0 ათასი ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ნოდარ ებანოიძემ მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ყურადღება გაამახვილა, მისივე თქმით, „იმ სერიოზულ სისუსტეებზე, რაც ნამდვილად გააჩნია წარმოდგენილ დოკუმენტს.“
ნოდარ ებანოიძის თქმით, ბოლო წლებში ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა ძირითადად განპირობებულია არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადში კოეფიციენტის მატების შედეგად შემოსულობების ზრდით. „მახსენდება 2010 წლის აგვისტო, როდესაც გავაპროტესტე აღნიშნული კოეფიციენტის 1.2 დან 0.4-მდე შემცირება და ისიც მახსოვს, როგორ შეხვდნენ ჩემს პროტესტს, როგორ აუწიეს ხელი ამ უაღრესად უგუნურ გადაწყვეტილებას მაშინდელი საკრებულოს წევრებმა. ზოგიერთი მათგანი ამ საკრებულოს წევრიცაა. მაშინდელი გამგებელიც საკრებულოს წევრია. არადა, როგორი ირონიული გამომეტყველება ჰქონდა ჩემს სიტყვებზე. მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეიცვალა ეს უგუნური გადაწყვეტილება და პირველი შედეგი წელს მივიღეთ. არადა, ამ წლებში 3 მილიონ ლარზე მეტი დავკარგეთ. იცის კი მოსახლეობამ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც დაგვაკარგვინეს ეს სერიოზული რესურსი? არ იცის და როგორც ჩანს, დიდად არც აინტერესებს, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი თავისად არ მიაჩნია, ხოლო მათ მიმართ განხორციელებული სოციალური დახმარება – ჩინოვნიკის წყალობად, თითქოს ამ თანხებს საკუთარი ჯიბიდან იღებენ,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ შემოსულობებს დეპუტატი რეალურად აფასებს. მისივე თქმით, ალბათ, 200-300 ათასი ლარით გაზრდაც შესაძლებელია, მაგრამ სიფრთხილე ამ შემთხვევაში გონივრულია, რადგან ჯარიმების ზუსტი პროგნოზი მაინც რთულია.
„არაფინანსური აქტივების კლებაში ნოლი გვაქვს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით შეიძლებოდა მუშაობა. ეს შეიძლება სერიოზული წყარო გახდეს შემოსულობებში და ამავე დროს ხელი შეეწყობა ეკონომიკურ აქტივობებს. ამისთვის საჭიროა დაბა ხარაგაულისა და სხვა ერთეულების განვითარების გეგმა შევქმნათ, – სად შეიძლება აუქციონის გამოცხადება, არის თუ არა საპრივატიზებო ობიექტები და ა. შ. ამ მიმართულებით, მითხრეს, რომ მუშაობა მიდის და, იმედია, შედეგს მალე ვნახავთ,“ – აღნიშნავს დეპუტატი.
პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ინიციატივა პარლამენტმა გაიზიარა და მუნიციპალიტეტების 2015 წლის ბიუჯეტში გამოთანაბრებითი ტრასფერები უცვლელი დარჩა.
„მუნიციპალიტეტების ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის გამო, გვერთმეოდა შესაძლებლობა საბანკო დაწესებულებებში თანხების განთავსებით მიგვეღო შემოსავლები. ამ მიმართულებითაც ვნახეთ გამოსავალი და თავისუფალი თანხების საბანკო ანგარიშებზე განთავსების უფლება დავუტოვეთ მუნიციპალიტეტს. ესეც ჩემი წინადადება იყო. 60-70 ათასი ლარი, რომელიც შეიძლება ამ გზით მივიღოთ, უმნიშვნელო არაა,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
დეპუტატის განმარტებით, ხშირად არასწორად ვკეკლუცობთ მოსახლეობის წინაშე, როცა რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტით ვამაყობთ, რადგან, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ძირითადად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ვახორციელებთ. ნოდარ ებანოიძის თქმით, საკუთარი შემოსულობებიდან ამ მიმართულებით მხოლოდ 71.5 ათ. ლარს ვგეგმავთ, აქედან ინფრასტრუქტურაზე – 40 ათ. ლარს.
ის არასერიოზულად მიიჩნევს გამგებლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სოციალური პროგრამის დაფინანსება 2015 წლის ბოლომდე ერთი მილიონი ლარის ფარგლებში დამატებითი შემოსულობების ხარჯზე ეტაპობრივად გაიზრდება. „შემოსულობები დიდი სკეპტიციზმითაა დაგეგმილი და რა საჭიროა ზედმეტი ოპტიმიზმი. თუ თავისუფალი ნაშთის გამოყენების იმედად ვართ, ეს მთლად გონივრული არაა, რადგან ამ ოდენობის ნაშთი აუცილებელია. ვფიქრობ, არასწორია უახლოეს ხანში ბიუჯეტის ცვლილების ალბათობა. ასეთი სახის დოკუმენტი უფრო მყარი უნდა იყოს, “ – ამბობს დეპუტატი.
ნოდარ ებანოიძე მიიჩნევს, რომ შტატების მოსალოდნელი მატების შემდეგ საკრებულოსა და გამგეობის ხარჯი – 2 075 000 ლარი, სავარაუდოდ, 300 ათასი ლარით გაიზრდება. მისივე თქმით, კატასტროფულია ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციული ხარჯები.
„ცენტრალური ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს და უახლოეს ხანში განახორციელებს ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის სისტემურ მონიტორინგს. ვშიშობ, ზოგიერთ შემთხვევაში, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით ეფექტურობის მიმართულებით,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, წლიდან წლამდე მაქსიმალურად იზრდება ა(ა)იპ-ების დაფინანსება. „პრობლემაა ხარჯვითი ნაწილის დასაბუთებულობის. 2015 წლის დასაწყისიდან გაკეთდება ანალიზი შიდა აუდიტის მიერ, თუ რა პროპორციებით ხარჯავენ თანხებს ა(ა)იპ-ები ხელფასებსა და პროექტებში. პროდუქტიულობის ანალიზს გავაკეთებთ. ამ პრინციპით ბევრი რამის გადახედვა მოგვიწევს. ყველა ა(ა)იპ თავისი შედეგებით ვერ მოიწონებს თავს,“ – ამბობს გამგებელი. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებთან ერთად დეტალურადაა განხილული და შენიშვნებიც მაქსიმალურად გაითვალისწინეს. „ზოგიერთი საკითხი შეიძლება დაგვრჩა მიღმა, მაგრამ ამის გამოსწორების შესაძლებლობა იქნება მომავალში. მიმაჩნია, რომ არ არის კარგი, რომ ახლადდამტკიცებულ ბიუჯეტში მალევე შევიდეს ცვლილებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ავცდებით,“ – დასძენს გამგებელი.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე იმედოვნებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.
დეპუტატი გელა გოლუბიანი ამბობს, რომ თუ გვსურდა უკეთესი ბიუჯეტი მიგვეღო, ალტერნატიული პროგრამა უნდა შეგვექმნა. „სამწუხაროდ, ეს ჯერ ვერ შევძელით. მომავალი წლის ბიუჯეტზე როცა დავიწყებთ მუშაობას, იმედია, აღარ გვექნება ამდენი გაუგებრობა და შენიშვნა.“
ნინო კაპანაძე
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,
მესამე თვეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,