მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფის ნაცვლად საბავშვო ბაღის ამოქმედება აუცილებელია.

ამ ჯგუფის აღსაზრდელის მშობელმა ნანა გლუნჩაძემ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას მოგვმართა, რომ ამ საკითხით დავინტერესდეთ.

ნანა გლუნჩაძე ამბობს, რომ ამ სასკოლო მზაობის ჯგუფში აღსაზრდელებს არ აქვთ წყალი და საკმარისი ფართი სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებლად. ამჟამად მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფში 19 აღსაზრდელია.

აღმზრდელი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ უწყლობა მათთვის სერიოზული პრობლემაა. თამარი აღსაზრდელებისთვის ხელის დასაბანად და ტუალეტის მოსაწესრიგებლად წყალს ხან მდინარიდან, ხან სახლიდან ეზიდება.

„სამსახურში ძალიან ადრე მივდივარ, რომ წყალი მივიტანო და გარემო მოვაწესრიგო, – ამბობს თამარი, – მეორე პრობლემა, რომელიც ძალიან გვაწუხებს ისაა, რომ ეზოს ღობე არ აქვს. ამის გამო ბავშვები ეზოში ვერ გამყავს.

მხოლოდ ერთი აღმზრდელისთვის რთულია 19 აღსაზრდელთან მუშაობა. გარეთ რომ გავიყვანო, მარტო მე გამიჭირდება მათთვის ყურადღების მიქცევა. შენობა, სადაც სასკოლო მზაობის ჯგუფია განთავსებული, საავტომობილო გზასთან და მდინარესთან ახლოსაა.

წელს სასკოლო  მზაობის ჯგუფი ოთხმა აღსაზრდელმა დაამთავრა. სექტემბერში ერთ ბავშვს ველოდებით. მარელისში თუ საბავშვო ბაღი ამოქმედდება, ძალიან კარგი იქნება, რადგან ბავშვთა რაოდენობა იზრდება, ფართი კი არასაკმარისია“.

სასკოლო მზაობის ჯგუფი მარელისში, საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ ხელშეწყობით, 2017 წელს ადმინისტრაციულ შენობაში ამოქმედდა. ერთი წლის განმავლობაში აღმზრდელი ანაზღაურებას „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში იღებდა.

2018 წლიდან სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელის ხელფასს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება აფინანსებს. ამ ჯგუფის აღსაზრდელები იგივე პროგრამას გადიან, რასაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.

„სასკოლო მზაობის ჯგუფში აღმზრდელს მშობელი უნდა ეხმარებოდეს, – ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – თავიდან შედგა კიდეც გრაფიკი. თუმცა, მშობლებმა დილის 09:00 საათიდან 13:00 საათამდე, მუდმივად, სასკოლო მზაობის ჯგუფში აღმზრდელზე დახმარება ვერ შეძლეს.

სასკოლო მზაობის ჯგუფში აღსაზრდელთა კვება გათვალისწინებული არ არის.

ამ ზაფხულზე იქნებ მოვახერხოთ, რომ ეზო შემოვღობოთ. მარელისში ბავშვთა კონტინგენტი მომავალი 3-4 წელი თუ მზარდია, მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მარელისში საბავშვო ბაღის აშენებაზე უნდა ვიფიქროთ.

ამ დრომდე წყლის მიყვანა და ეზოს შემოღობვა ვერ შევძელით. ამ ზაფხულს ამ ორ პრობლემას მოვაგვარებთ“.

რას გეგმავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, – ამ შეკითხვით მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.

„სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან ერთად მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ზრუნვა დავიწყეთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სამ ვარიანტს განვიხილავთ:

  • სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის სარიტუალო დარბაზი გადაკეთდეს;
  • სასკოლო მზაობის ჯგუფს ფართი დაწყებითი სკოლის შენობაში გამოეყოს;
  • მარელისში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აშენდეს.

მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის შესაბამი ფართის მოსაწესრიგებელი ფინანსები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თუ ვერ გამოვძებნეთ, 2022 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხას აუცილებლად გავითვალისწინებთ“.

სასკოლო მზაობის ჯგუფები იმ სოფლებში იხსნება, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს.

სასკოლო მზაობის ჯგუფები ხარაგაულში ნადაბურში, გედსამანიასა და სარგვეშში ფუნქციონირებდა. ამ სოფლებში სასკოლო მზაობის ჯგუფების ბაზაზე საბავშვო ბაღები ამოქმედდა.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: სასკოლო მზაობის ჯგუფი მარელისში