საქართველოში საგაზაფხულო გაწვევა პირველ თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

როგორ მიმდინარეობს საგაზაფხულო გაწვევა ხარაგაულში, – ამის შესახებ მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხახალაშვილი გვესაუბრება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საგაზაფხულო გაწვევაზე, სხვადასხვა საჯარისო ფორმირებებში, გეგმიურად, ჩასარიცხია 18 წვევამდელი. აქედან ცხრა პირმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახედრო სავალდებულო სამსახურში ჩაირიცხა. ვმუშაობთ, რომ 30 ივნისამდე საგაზაფხულო გაწვევის გეგმა 100%-ით შევასრულოთ.

საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში 158 წვევამდელს გადავადება გაუფორმდა, ანუ ამ პირებმა მოიტანეს ოფიციალური  დოკუმენტი, რომ მათ კანონით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება ეკუთვნის. ესენი, ძირითადად, სტუდენტები და პროფესიული სასწავლებლებების მოსწავლეები არიან. თხუთმეტმა პირმა წარმოადგინა ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდება. ეს ორგანიზაცია მოქალაქეებს მღვდელმსახურის წოდებას ანიჭებს, სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მღვდელმსახური სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება.

ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ჯანმრთელი წვევამდელები ამ გზით სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს არიდებენ.

18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდა, რომელიც სახელმწიფო გადავადებით არ სარგებლობს, უნდა გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილებაში.  ყველა მათგანს აქვს სამშობლოს წინაშე ვალდებულება, რომ ეს სამსახური გაიაროს.

საერთო ჯამში, ხარაგაულში კონტინგენტი ძალიან მცირეა, მუშაობა გვიჭირს. პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდები რეგისტრირებულები არიან ჩვენთან სოფლებში, მაგრამ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის თბილისი, ბათუმი, ფოთში და ა.შ.  წვევამდელებს ვერ ვპოულობთ და პოლიციის ჩართვა გვიწევს.

პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა. სკოლები დახურული იყო. ჩვენს სამსახურს საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევის გარდა, 17 წლიდან სკოლის მოსწავლეები აგვყავს აღრიცხვაზე. შესაძლოა, ახალგაზრდას 18 წელი სკოლაშივე შეუსრულდეს. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, ის სამხედრო სამსახურში გავიწვიოთ მანამ, სანამ სკოლას არ დაამთავრებს.

სკოლის დასრულების შემდეგ დაიწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების ეტაპი. სიების გამოქვეყნების შემდეგ ვგებულობთ, რამდენი ახალგაზრდა დარეგისტრირდა გამოცდებზე. თუ გამოცდა წარმატებით ჩააბარა ჩვენ გავცემთ წვევამდელის სააღრიცხვო ბარათებს, რომელიც უნდა წარადგინონ  უმაღლეს სასწავლებელში.

შემდეგ თითოეულ სტუდენტს მოაქვს სტუდენტის მოწმობა, რომ ნამვილად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულოა სწავლების ყველა საფეხურზე, – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და ა.შ.

არის შემთხვევები, როცა სტუდენტს, თანხის გადაუხდელობის  გამო, სტუდენტის სტატუსი უჩერდება. ამ შემთხვევაში ვალდებულები ვართ, ასეთი პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოვიძახოთ.

nხარაგაულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მოდიან ასევე ის პირები, რომლებსაც სურს საკონტრაქტო ჯარში სამსახური. ეს არის 4-წლიანი ანაზღაურებადი სამსახური სხვადასხვა საჯარისო ბრიგადებში. საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში ხარაგაულიდან 7 ვაჟი საკონტრაქტო სამსახურში წავიდა.

საკონტრაქტო ჯარში მსახურების მსურველები კრწანისის სასწავლო ცენტრში გადიან შერჩევის პროცესს. ამის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების G1 სამსახური, რომელსაც ევალება მათი საბუთების შეგროვება, გვიგზავნის მომართვას. ამ მომართვის საფუძველზე ჩვენ ვქმნით ამ პიროვნების პირად საქმეს; დოკუმენტაცია იგზავნება იმ ნაწილში, სადაც პირმა საკონტრაქტო სამსახური უნდა გაიაროს.

არის შემთხვევები, როცა საკონტრაქტო სამსახურის გავლის სურვილს გოგონებიც გამოთქვამენ. რამდენიმე თვის წინ ვარძიელი გოგონა ქალთა ბრიგადაში ჩაირიცხა.

თამთა გოგოლაძე