ხარაგაულის რკინიგზის მიწისქვეშა გადასასვლელით არა მხოლოდ მგზავრებს, არამედ რკინიგზის უბანში მცხოვრებ ადამიანებსაც სჭირდებათ სარგებლობა. ეს გადასასვლელი, წლებია, მოუწესრიგებელია, საშიშია და ანტისანიტარია სუფევს.

იქ ჩასულს თავი საშინელებათა ფილმში გგონია. ამ შეგრძნებას განსაკუთრებით ერთი მბჟუტავი ნათურა ამძაფრებს, რომლის სინათლეც მთელ მიწისქვეშა გადასასვლელს ვერ სწვდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ კარგი განათება საჭიროა, იმიტომ რომ წყალი ჩამოდის და ხშირად სველდებიან. სწორედ ამიტომ, იქ ნეონიანი ნათურები დაამონტაჟეს, მაგრამ მოიპარეს.

თამარ ავალიშვილს ხშირად უწევს ამ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა. ის ამბობს, რომ ანტისანიტარია დისკომფორტს უქმნის.

„მიხარია, რომ ამ საკითხით დაინტერესდით. ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა ჩვენთვის, ხარაგაულელებისათვის. მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობაც, რადგან ხშირად გაკეთებულს, დასუფთავებულს ადამიანები არ აჩერებენ. ხან ნათურები ჩამოყარეს, ხან იქაურობას ნარჩენებით აბინძურებენ. მოწესრიგება აუცილებელია, მაგრამ შემდეგ უნდა შევინარჩუნოთ. თუ გაკეთდება და დასუფთავდება და მერე ხალხიც გაუფრთხილდება, ძალიან კარგი იქნება.

„ძალიან იშვიათად ვსარგებლობ. ამ მიწისქვეშა გადასასვლელში რომ არ ჩავიდე, ამის გამო სხვა გზით ვსარგებლობ, – ამბობს ხარაგაულელი იზა ბენდიაშვილი, – მოწესრიგებული რომ იყოს, ვისარგებლებდი და ჩემთვის უფრო მოსახერხებელიც იქნებოდა“.

„ამ მიწისქვეშა გადასასვლელის ნორმალურად ფუნქციონირება ხარაგაულში ნამდვილად აუცილებელია. ასუფთავებენ ხოლმე, მაგრამ ახლა დიდი ხანია აღარ გაუწმენდიათ, – აღნიშნავს ციური ბლუაშვილი, რომელიც რკინიგზის მარჯვენა მხარეს ცხოვრობს და ამ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა სჭირდება, – წვიმიან ამინდში წყალი კარგა გვარიანად ჩამოდის. ეს დასველების საშიშროებას გვიქმნის, განსაკუთრებით ზამთარში“.

გეგმავენ თუ არა ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგებას, – ამ შეკითხვით „საქართველოს რკინიგზას“ მივმართეთ. თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ამასთან დაკავშირებით როგორც კი მოვიპოვებთ ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგაწვდით.

ლიკა ხიჯაკაძე