
დღეს, 27 აპრილს, 85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. 15 დეკემბერს ის ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა შემდეგ ისევ საავადმყოფოში მოათავსეს.
„კახი კავსაძესთან, ათეული წლებია, ვმეგობრობ, – იხსენებს კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი, – ძალიან მეტკინა გული მისი გარდაცვალების გამო. საუკეთესო პიროვნული თვისებებით გამოირჩეოდა. მაქვს უნიკალური ფოტოარქივი, ჩემგან კახი კავსაძესთვის გადაღებული 80-მდე ფოტო, რომელიც, ჯერჯერობით, არსად გამოქვეყნებულა. ამ ფოტოების ცალკე გამოცემით გამომცემლობები მინდა, რომ დავაინტერესო.
ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი. ამერიკაში ჩვენი შეხვედრის შესახებ გიამბობთ. 2007 წელს კახი კავსაძე შვილთან, ირაკლისთან, ჩამოვიდა ვაშინგტონში. მე მაშინ ფლორიდაში ვცხოვრობდი და კახი დავპატიჟე. ძალიან გაეხარდა. ვუმასპინძლე იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ერთად.
საინტერესო იყო მასთან ერთად მუშაობა. მან მონაწილეობა მიიღო ჩემგან გადაღებულ ფილმში, რომელიც ანსამბლ „ერისოინის“ 125 წლის იუბილეს ეძღვნება. შემდეგ კი, ჩემი თხოვნით, ამავე ანსამბლის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი წაიყვანა.
მის გვერდით არასდროს მოიწყენდი. საოცრად ენერგიული იყო. მასთან ვერ იტყოდი, რომ დაიღალე. თავად მაძლევდა ყოველთვის მუშაობის სტიმულს, ახალ-ახალ იდეებს მაწვდიდა. ძალიან მიჭირს კახი კავსაძეზე წარსულ დროში საუბარი…
საქართველომ დიდებული მსახიობი დაკარგა, მე – ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი“.
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი გახდა.
აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“).
კინოში მისი დებიუტი გასული საუკუნის 50-იან წლებში შედგა. კახი კავსაძე 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. მან გამორჩეული სახეები შექმნა კინოფილმებში: „მზე შემოდგომისა“ (სამსონი), „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი), „ნატვრის ხე“ (იორამი), „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი).
ფოტოზე: მსახიობი კახი კავსაძე და კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 18 ივნისიდან
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო