საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ახორციელებს პროექტს „სკოლამდელი განათლების ყოვლისმომცველი პრინციპები და რეკომენდაციები“.

რა არის ამ პროექტის მიზანი, როგორია პოსტპანდემიური ვითარება საბავშვო ბაღებში, რას უნდა მიაქციოს აღმზრდელმა ყურადღება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, – ამ საკითხებზე „კივიტას გეორგიკას“ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი ოლღა მუსხელიშვილი გვესაუბრება:

-პროექტი „სკოლამდელი განათლების ყოვლისმომცველი პრინციპები და რეკომენდაციები“ ითვალისწინებს ფართო კვლევას, – ამბობს ოლღა მუსხელიშვილი, – როგორ შეხვდა ჩაკეტვის პირობებს სკოლამდელი სისტემა, როგორ დავძლიეთ და გადავლახეთ ეს სიტუაცია, როგორი იყო სამთავრობო მიდგომები საბავშვო ბაღების მიმართ, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მდგომარეობა და მშობლების დამოკიდებულება. პროექტის ფარგლებში შევხვდით განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს.

კვლევის დასრულების შემდეგ შედეგებს შევაჯამებთ. აღვწერთ, რა სიტუაცია გვქონდა საბავშვო ბაღებში, რა იყო  დადებითი და უარყოფითი.  პროექტის მიზანია, მომზადდეს რეკომენდაციები. მიგვაჩნია და გვაქვს შიში იმისა, რომ პანდემიური მოვლენები კვლავ გაგრძელდება და ამ სიტუაციას მომზადებულები შევხვდეთ.

პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ბევრი გამოწვევა, რაც ამ პერიოდში საბავშვო ბაღების წინაშე დადგა.

კორონავისურსის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შექმნილი რეკომენდაციები სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტების აზრის გათვალისწინების გარეშე იყო შედგენილი. რეკომენდაციები  შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ, თუმცა საბავშვო ბაღის სპეციფიკას ისინი ნაკლებად იცნობენ.

საბავშვო ბაღების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძალიან უჭირდათ ამ რეკომენდაციების დაცვა, მაგალითად, მთავარი რეკომენდაციაა, დაიცავით დისტანცია ბავშვებს შორის. ცხადია საბავშვო ბაღის ჯფგუფში, სადაც 40-მდე აღსაზრდელი ირიცხება, დისტანციის დაცვა შეუძლებელია. რეკომენდაციებში არ იყო ჩაწერილი, რომ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა უნდა შემცირდეს. იქ სადაც პატარა  ჯგუფებია, გასაგებია მაგრამ, დიდ ქალაქებში ეს შეუძლებელია.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე, სადაც იღებდნენ გადაწყვეტილებას შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არავინ იყო, რომ ადვოკატირება გაეწია საბავშვო ბაღებისთვის.

მთავრობამ ერთბაშად ყველა საბავშვო ბაღის დახურვა გამოაცხადა. რატომ უნდა დაიხუროს  ყველა საბავშო ბაღი?! თბილისში გასაგებია, რადგან დიდი კონტინგენტია, მაგრამ რატომ უნდა დაიხუროს რომელიმე სოფელში, სადაც ძალიან ცოტა ბავშვი ცხოვრობს და ქუჩაში ერთად ითამაშებენ. არ იყო დიფერენცირებული მიდგომა. შეიძლებოდა რეგიონებში საბავშვო ბაღებს ემუშავათ, თუ იქნებოდა განსხვავებული მიდგომა.

გამოწვევად რჩება პატარა ასაკის ბავშვების მიყვანა საბავშვო ბაღში, სადაც მშობელი არ დაიშვება, ეს მიდგომა სტრესულია ბავშვისათვის.

ეს რეკომენდაციები აღსაზრდელების ფსიქოლოგიურ კომფორტს არ ითვალისწინებს.  გარდა ამისა, ზოგჯერ ეწინააღმდეგება კიდეც ჩვენი სტანდარტის მოთხოვნებს. როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ არ მისცე შენი ნივთი შენს მეგობარს,  ეს არ არის სოციალური უნარების განვითარება.

ზოგადად თვითმმართველობებმა ასეთ სიტუაციაში გადაწყვეტილებები თვითონ უნდა მიიღონ. ელოდებოდნენ რეკომენდაციებს ცენტრიდან  და ამ რეკომენდაციის შესრულებაზე  იყვნენ ორიენტირებული. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ცუდი კომუნიკაციაა. საკონსულტაციო საბჭოში არ არის არც ერთი მუნიციპალიტეტის მერი, გარდა თბილისისა, თბილისში კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე ხარაგაულში.

გადაწყვეტილების მიმღები პირი რომ ვიყო, გამოვცემდი ბრაძანებას, სასკოლო ჯგუფებმა საბავშვო ბაღებში სწავლა ივნისსა და ივლისშიც გააგრძელონ. ცხადია მათ, ვისაც ამის სურვილი ექნებათ. ზაფხულზე შესაძლებელია გაკეთდეს პატარ-პატარა ჯგუფები, ამით თავიდან ავირიდებდით კოვიდის გადაცემის რისკებს. გარდა ამისა,  პატარა ჯგუფებში მასწავლებელი გაითვალისწინებს ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებს. ვინაიდან ახლა დროის სიმცირეა, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელი კარგად დააკვირდეს თითოეულ ბავშვს და მათი ინდივიდუალური საჭიროებები გამოავლინოს. ერთ ბავშვს  სჭირდება მოტორიკის განვითარება – ფანქარს ვერ იჭერს,  ვერ წერს და სკოლაში გაუჭირდება; მეორე  ბავშვს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება. მცირე დრო დარჩა სკოლაში მისვლამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა.

წელს პირველი კლასის მასწავლებელს ბევრად მეტი ძალისხმევა დასჭირდება ბავშვებთან ურთიერთობაში, ვიდრე სხვა დროს.

მიმაჩნია, რომ პირველი კლასის მასწავლებლებმა სწავლება საბავშვო ბაღის მეთოდებით – თამაშ-თამაშით უნდა გააგრძელონ.

მიმაჩნია, რომ პირველ კლასში საერთოდ უნდა შეიცვალოს სწავლის პროცესი. პირველ კლასში ბავშვები პატარები არიან  იმისათვის, რომ დავსვათ მერხებზე, უყურონ დაფას და ასე აღიქვან  ინფორმაცია.

დისტანცის დაცვით ძალიან უჭირთ ბავშვებს განვითარება. ისინი ერთად უნდა ვითარდებოდნენ  ურთიერთობაში, იდეების, სათამაშოების გაცვლით. არ შეიძლება განვითარდეს ცალკე აღებული ბავშვი, ცალკე მაგიდასთან მჯდომი.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ოლგა მუსხელიშვილი და „კივიტას გეორგიკას“ დირექტორი გიორგი მესხიძე