ამ ბლოგს ერთი ამბავი უძღვის წინ – რამდენიმე ხნის წინ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ ჩვენი თაობის უკანასკნელი წევრიც არ მოკვდებაო…

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ახლა მეც ვფიქრობ, რომ ბევრი რამ შეიძლებოდა შეგვეცვალა და ვერ შევცვალეთ, მაგრამ ამას ძალიან დიდი ცხოვრება უძღოდა წინ, ცხოვრება თაობისა, რომელიც ვერ შედგა.

თუმცა ცოტა დაფიქრება უნდა იმის მიხვედრას, რომ მადლიერება და დაფასება ახალ თაობასაც ამშვენებს. მერე რა, რომ წლებმა თავისი დაღი დაგვაჩინა… უნდა გვახსოვდეს, რა გამოვიარეთ.

მე ჩემი თაობის სათქმელი ვთქვი… თაობისა, რომლის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა რეალიზება, დანარჩენი კი – დაიკარგა…

თაობა – ეს მე ვარ!.. მე ვარ თაობა!

ჯერ კიდევ პატარას, როცა საბავშვო ბაღში დამათრევდნენ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ და დედას გაზონების გარშემო დავარბენინებდი – არ დამტოვო-მეთქი, ჯგუფში მხვდებოდა ვიღაც მელოტი – მოწკურულთვალებიანი კაცის ფოტო ბავშვების გარემოცვაში და მეუბნებოდნენ, რომ ეს არის ძია ლენინი, რომელსაც უყვარდა ბავშვები, რომელიც იბრძოდა და მოკვდა ბავშვების ბედნიერებისთვის…

მერე მითხრეს – აი, შენს რაიონს რომ სახელი ჰქვია, ეს იმ მოწკურულთვალებიანი კაცის დიდი მეგობრის, ქართველი ხალხის „გადამრჩენელის“, ბატონების და ბურჟუების ჩაგვრისგან განმათავისუფლებელი ასევე „ძია“ სერგოს სახელიაო…

იმდენი მელაპარაკენ, ნელ-ნელა ეს მოწკურული თვალები „გალამაზდა“ და რაღაცნაირი „მშობლიური გახდა“, ხოლო სერგოს ულვაშები – კაი ქართული ვაჟკაცური გამომეტყველების სიმბოლო (შემიბრალეთ).

გავიდა წლები და, სკოლაში მისულს, ისევ ეს „ძიები“ შემომეგებნენ, ის კი არადა, „სწავლა, სწავლა და სწავლაო“ რომ დაგვიბარეს, იმასაც ზედმიწევნით ვასრულებდი (ნუ, ახლა ხანდახან ვენერა მასწავლებლის გაბრაზებასაც ვახერხებდი – რატომ ზარმაცობო, მარა, ეს არაფერი, მთავარია „ძია ლენინის დანაბარებისთვის“ არ გადამიხვევია)…

სახლში მისულს ბებო კი მიყვებოდა, აი, თეთრები რომ წავიდნენ და ესენი შემოვიდნენ, დიდი ვაება იდგა სოფელში, მერე კიდევ ჩემი მძახალი შავსიელებში მოყვა და დახვრიტესო, მაგრამ დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, 6 წლის ბავშვისთვის ეს ნამეტანი რთული აღსაქმელი იყო და არც ვუნდერკინდი ვიყავი, რომ სიღრმეებში მეძრომიალა…

ჰო, სკოლაში ერთ დღეს ყველა შეგვკრიბეს, ჩვენს წინ დააყენეს თეთრწინსაფრიანი და წითელყელსახვევიანი ლამაზი (დიდები იყვნენ და ყველა ლამაზად მეჩვენებოდა) გოგო-ბიჭები და დიდი ზარზეიმით გაგვიკეთეს ხუთქიმიანი ვარსკვლავები. იმასაც „ძია ლენინი“ ეხატა.

გაგვაფრთხილეს – ეს არ დაკარგოთ – თქვენ ახლა ოქტომბრელები ხართ და დიადი საბჭოთა ბავშვების უდიადესი ორგანიზაციის – პიონერთა რიგების შემავსებლები – ეს პიონერია კი ისაა, რაც „ლენინმა ბიძიამ“ ჩამოაყალიბა და ამათზე დგას მერე კიდევ ერთი დიადი ორგანიზაცია – კომკავშირიო…

ახლა ამის ინტერესი გამიჩნდა – თეთრ წინსაფარზე წითელი ხელსახვევი ლამაზად მოსჩანდა, თანაც ჩემი კლასის გვერდით სკოლის ეზო იყო და ხანდახან ვხედავდი, დილით როგორ დააწყობდნენ ხოლმე ერთ ხაზზე ყელსახვევიანებს, რომლებიც რაღაც „მაგიურ რიტუალს“ ასრულებდნენ, ბოლოს ხელს სწევდნენ და ერთ ხმაზე ყვიროდნენ – „მზად ვარ!“

ფრიადებზე ვსწავლობდი… დედამ წინსაფრის გახამება და გაუთოებაც მასწავლა და დილით სკოლაში წასვლა მიხაროდა – გაქათქათებული თეთრი წინსაფრით, წითელი გეტრებით და ხელში სამელნით (რომელიც ხანდახან იღვრებოდა ) გავრბოდი – მეგობრები მენატრებოდნენ (ერთი ღამის გასვლის შემდეგაც კი) …

მესამე კლასში ის წითელი ყელსახვევიც გაგვიკეთეს – ფიცი დაგვადებინეს და გვითხრეს, როცა ვინმე გეტყვით: „საბჭოთა კავშირის საქმისათვის იყავით მზად! – შეტყუპებულთითებიანი ხელი შუბლთან ირიბად უნდა მიიტანოთ და უპასუხოთ – „მზად ვარ!“…

მერე დაიწყო პიონერული საქმიანობა – მაკულატურის, ჯართის, ასკილის, პანტას, მაჟალოს ჩაბარება… მე სოფელში არ ვცხოვრობდი, მაგრამ ეს ვალდებულება უნდა შემესრულებინა (გვთხოვდნენ). ამიტომ ახლომახლო ფერდობებზე ვეძებდი ასკილს და ერთ კილოს ვერა, მაგრამ ნახევარ კილოს ვაგროვებდი და ვალმოხდილი მივდიოდი სკოლაში…

იყო ექსკურსიებიც, რაიონული პიონერთა შეკრებები, სადაც ავტობუსებით მივყავდით და სერგოს სახლის ეზოშიც გავყვიროდით „მზად ვარ!“ იქ, უბისის ჩასახვევთან კი იდგა ეკლესია, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, ისიც ქართულის მასწავლებლის ინიციატივით შეგვიყვანეს და დაგვათვალიერებინეს… დიდად ვერც მივხვდით – რით იყო გამორჩეული ეს, ფაქტობრივად, „გაძარცვული ეკლესია“ – აქ არც ლენინის ფოტო ეკიდა და არც ის ეწერა „სწავლა, სწავლა და სწავლაო“.

მერე კომკავშირი – აი, ეგ იყო, თუ იყო… სკოლის თანხმობის მერე რაიკომში – ვიღაც რაიკომის მდივანთან უნდა შევსულიყავით და იმას უნდა მოეწყო რაღაც გამოცდა – ახლა წარმოიდგინეთ – ფრიადოსანი ბავშვები, რომლებიც კარგად სწავლობდნენ და მასწავლებლის შენიშვნას არასოდეს იმსახურებდნენ, ვიღაც რაიკომის მდივანთან ხომ არ შევირცხვენდით თავს, ხოდა დავიზეპირეთ – „კომკავშირი დაარსდა“…. „მისი უმაღლესი ორგანოა“… „ლენინი დაიბადა“…

…მუხლები მიკანკალებდა, სანამ კარს შევაღებდი. ოთახში რამდენიმე კაცი იჯდა – გამომცდელი თვალებით მიყურებდნენ და კუშტი გამომეტყველებით მეკითხებოდნენ რაღაცებს, მეც ვპასუხობდი – ნასწავლი მქონდა…

მიმიღეს… მახსოვს, როგორი დაცლილი გამოვედი გარეთ და გაღიმებულმა შევხედე უკვე გაკომკავშირელებულ თანაკლასელებს… (იქ არავის უთქვამს ჩემთვის – ვინ იყო რეალურად ლენინი, რა ბოროტება ჩაიდინეს კომუნისტებმა, ანექსია რა იყო… პირიქით – ჩემს ჯერ კიდევ სუფთა გონებაში გარკვევით წერდნენ კომუნისტური პარტიის სიდიადის აღმნიშვნელ მაგალითებს და მეც ვფიქრობდი – რა ბედნიერები ვიყავით, რომ ომი აღარ იყო, რომ ის საზიზღარი „ძია სემი“, რომლის კარიკატურებსაც „ნიანგი“ აქვეყნებდა, მე ვერ მჩაგრავდა და მხოლოდ ოკეანისგაღმელ ბავშვებს „უშრობდა სისხლს“… და საერთოდ, რა კარგი იყო, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ!

მერე მეც ვიყავი კომკავშირის მდივანი და რასაც მასწავლიდნენ, მეც ვასწავლიდი, კომკავშირშიც ვიღებდი, შაბათობებსაც არ ვაცდენდი, თუმცა არც „შატალო“ დამიკლია…

პირველად რაღაც შეუსაბამობას მეშვიდე კლასში წავაწყდი – კლასმა გადაწყვიტა, გეოგრაფიის გაკვეთილს არ დასწრებოდა და კინოში ან ჩხერის ციხეზე წასულიყო. ეს იყო ჩვენი თაობის დაფარული პროტესტის და საკუთარი თავის დამკვიდრების უხეირო მცდელობა (გეოგრაფია და მისი მასწავლებელი არაფერ შუაში იყო, ალბათ ის გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ მაგრები ვიყავით… ).

მე – სკოლის კომკავშირის მდივანი, მათთან ერთად წავედი, რადგან მივიჩნიე, სადაც – ყველა, იქაც – მე.

ხო-ხო, რა ამბავი ატყდა – დაიბარეს მშობლები, დაგვანამუსეს და მე ყველაზე მწარედ მომსდგნენ – როგორ გაბედე და ის „სწავლა, სწავლა და სწავლა“ დაარღვიეო. მახსოვს, აბსოლუტურად გულწრფელად გაკვირვებულმა ვიკითხე – აბა, რომ გვასწავლით, „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“, „მეგობრების ღალატი არ შეიძლებაო“, წიგნის გარჩევის დროს რომ მოვიწონეთ იმ ბიჭის საქციელი, რომელიც „შატალოზე“ კლასს გაჰყვა, ეს მარტო გაკვეთილებზე და წიგნებშია-მეთქი? (მასწავლებლებსაც სიცილი აუტყდათ… არც ისინი იყვნენ ამ ძია ლენინის მიმდევრები და სადღაც გულის კუნჭულში ალბათ თავადაც გვეთანხმებოდნენ)…

ეჰ, იმ ერთი გაკვეთილის გაცდენა კი დაგვიჯდა მთელი კვირის მეშვიდე გაკვეთილად… გეოგრაფიის მასწავლებელი ყოველდღე შემოდიოდა და გვამეცადინებდა რუკაზე…

დრო გადიოდა. სკოლას ვამთავრებდით. ბევრ ჩვენგანს უკვე მოხაზული ჰქონდა გონებაში – სად უნდა დავმკვიდრებულიყავით, რა უნდა გვესწავლა, სად უნდა გვემუშავა… თუმცა, ბევრ ჩვენგანს გაუჭირდა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, რადგან „ფეშენ“ რეპეტიტორების ფული არ გვქონდა და სადღაც რაიონში ნასწავლით ვერ გავუმკლავდით უმაღლესი სასწავლებლების „მაფიას“…

მაშინ უმუშევრობა არ შეიძლებოდა – ამიტომ თუ სადმე ფაბრიკა, ქარხანა, ფერმა იყო, გადავნაწილდით.

სულაც არ მგონია, რომ ეს ცუდი იყო. თუ რამ მისწავლია ადამიანებთან ურთიერთობაში, თუ განსხვავებული ადამიანები ჩემთვის უცხო არაა, თუ პასუხისმგებლობის და სამსახურში დროზე გამოცხადების ჩვევა გამჯდარი მაქვს, სწორედ იმ წლების დამსახურებაა, როცა დილის 8 საათზე ფაბრიკის საყვირისთვის უნდა შემესწრო საგუშაგოზე გავლა.

ამისთვის ყოველ დღე 6 საათზე ვდგებოდი და 7 საათზე უკვე ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, რომ სახლიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარე ფაბრიკაში წავსულიყავი და საღამომდე დღიური ნორმის შესასრულებლად მუხლჩაუხრელად მეშრომა.

ასეთი დღის შემდეგ ნამეცადინები არსად გაიშვა, მაგრამ მაინც მოვახერხე და ჩავაბარე, დავგეგმე… გადავანაწილე წლები, დრო, ჩემს ფიქრებში ოჯახიც უნდა შემექმნა და შვილებიც უნდა მყოლოდა, თუმცა კაცი ბჭობდა და ეშმაკი იცინოდა…

ის-ის იყო სტუდენტი გავხდი და…. აირია მონასტერი: აღმოჩნდა, რომ წითელი არმია ზარზეიმით კი არა, სისხლით და სიკვდილით შემოსულა, ის „ძია ლენინი“ სისხლისმსმელი ყოფილა, „ძია სერგოს“ საკუთარი სამშობლო თავისივე ხელით ჩაუბარებია იმპერიალისტებისთვის; ის სტალინი კი, რომლის სადღეგრძელოსაც ჩემი მეზობლები სკამზე შემდგარი სვამდნენ, სულაც სატანა ყოფილა…

ახლა ადვილია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამის გადახარშვა არ გინდოდა?! მშიერივით დავწაფე ყველა გაზეთს და ჟურნალს, სადაც კი შესაძლებელი იყო ახალი რამ წამეკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაზე,

ვეძებდი ინფორმაციას ზვიადზე და მერაბზე, ახალ პარტიებზე, დავრბოდი მიტინგებზე, სახეალეწილი გავყვიროდი “-ჯოს!“, ვმჯდარვარ შუა რუსთაველზე, მთავრობის სახლის კიბეებზე, ვმდგარვარ ნებისმიერ იმ ადგილზე, სადაც კი განსხვავებული აზრი და სიტყვა ისმოდა… და მე ალბათ ყველაზე ნაკლებად – გაცილებით მეტი ურბენია სხვას, მეტი უკეთებია, მეტჯერ გაყინულა და მეტჯერ დასველებულა ამ ბრძოლაში (თუ არ მოუკლავთ და არ უცემიათ)…

ძირითადად, ჩემი თაობა გადაიქცა იმ საზარბაზნე ხორცად, რომლის სისხლიც დასჭირდა საქართველოს დამოუკიდებლობას (არა მხოლოდ 9 აპრილს)…

მორჩა. გავთავისუფლდით, ავირჩიეთ… და ის იყო, მშვიდად უნდა დაგვეწყო ცხოვრება ახალი ქვეყნის ასაშენებლად, ის იყო, დავიწყეთ დალაგება, რომ პირველი ომის სიმწარე ვიგემეთ – ცხინვალის რეგიონთან ახლოს მყოფი სოფლები, მთელი გორი, კასპი, ქარელი, საქართველოს დიდი ნაწილი იმ სისხლიანი ომის მონაწილე გახდა, რომელზეც ადრე გვეუბნებოდნენ, თქვენ ომი არ გინახავთ, არ იცით, რა საშინელებააო.

ვნახეთ, ბატონო, და თან ყველაზე მწარე ომი ვნახეთ – მეზობლის, მეგობრის, ნათესავის მიერ წამოწყებული ომი…

იმ წლებში სტუდენტობას სტუდენტობა არ ერქვა – ჩვენ დავდიოდით უნივერსიტეტში იმისთვის, რომ გაგვეგო – სად იმართებოდა მიტინგი, ვინ ომში მოკლეს, ვინ – უნივერსიტეტის კედლებთან…

ჩვენ ვეღარ ვარჩევდით წიგნებს, არ ვლაპარაკობდით ჟურნალისტიკის ნორმებზე, ვისხედით გაყინულ აუდიტორიებში ძველ პალტოებში ჩაფუთნულები და ვსაუბრობდით იმ დელგმასა და წკვარამზე, რომელიც ქვეყანაში ტრიალებდა…

ერთმანეთს ვურჩევდით, გაციებისთვის შავ პურზე წასმული ნივრით გვეშველა. მოდიოდნენ ლექტორები – ჩვენსავით დაზაფრულები, გაყინულები, ფეხით – ზოგი ნუცუბიძიდან, ზოგი დიდუბიდან, ზოგი საიდან და ზოგი – საიდან…

ხო, კიდევ ერთი რამ დამკვიდრდა მაშინ, ახლა რომ ძალიან მოდაშია – ავტოსტოპი… სახლამდე მისვლა ხომ გვინდოდა? ხოდა არც მეტრო, არც ტრამვაი, არც ტროლეიბუსი… ვისაც გაუმართლებდა, კი მივიდოდა მშვიდობით სახლმდე ამ ავტოსტოპით, ვისაც არა და…

ესეც ჩემი თაობა იყო – ასაფრენად გამზადებული და თოვლში ჩავარდნილი ღინღლიანი ბარტყებივით აფუზული, ომში დაკარგული, სამშობლოსთვის შეწირული… ბევრი დაგვაკლდა მაშინ, ბევრიც – ნარკოტიკებზე „შეჯდა“ – ვერ გაუძლო… თუმცა ეს კიდევ არ იყო ყველაფერი…

ზვიადი ჩამოაგდეს. განდევნეს ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე ვუსმენდით და ვენდობოდით. ახლა სხვა მოვიდა და იმ სხვამ გვითხრა – ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათო…

ბევრმა ჩვენგანმა დაიჯერა, ბევრიც ისევ იმ აზრზე დარჩა, რაზეც ეროვნული მოძრაობის გამოღვიძების დროს იდგა… და ატყდა დაპირისპირება – ორივე მხარე პატრიოტი იყო, ოღონდ ერთს სხვაგვარად ესმოდა საქმე, მეორეს – სხვაგვარად … ერთიანად კი, ვიღაც იჯდა ზემოთ და მართავდა ამ ცოდვის სასაკლაოს…

რა ბაზალეთი, უარესი ჯოჯოხეთი დატრიალდა ჯერ თბილისში და მერე სამეგრელოში, აწიოკდა სოფლები, ხიდს იქით ერთი ძმა მოხვდა და ხიდს აქეთ – მეორე. მახსოვს, ხიდს იქით დარჩენილი ძმა დედამ არ შეუშვა ხიდს აქეთ დარჩენილი ძმის დაკრძალვაზე…

და ამას ვუყურებდით ჩვენ – თაობა, რომელიც დაიბნა. მაშინ ბევრმა ჩვენგანმა შეცვალა მიზანი – ვისთვის თავის გადარჩენა გახდა მთავარი, ვისთვის – თავის გაწირვა, ზოგმა თურქეთს მიაშურა და გზა-კვალი აებნა, ზოგმა ამერიკას და იქ დარჩა…

გატიალდა სახნავ-სათესი, ქარხანა-ფაბრიკები, ნაწილ-ნაწილ ჯართად გაიყიდა დაზგები, ბანკები გარბოდნენ, დანაზოგი გაუფასურდა (ზოგი შეჭამეს მათ, ვინც „საჭირო დროს საჭირო ადგილზე“ აღმოჩნდა), პური ალაგ-ალაგ მშვიდობაში იყიდებოდა (მე მთელი ღამეები ვიდექი პურის რიგში და ამ ღამისთევის სანაცვლოდ რაღაც შავი გუნჯლა მომქონდა სახლში, ძაღლიც რომ არ ჭამდა, ისეთი… და დედამ მოიგონა ამ პურის კერძი – ქერქს ვაძრობდით, ვაზავებდით და კატლეტს ვწვავდით, გული არ იჭმებოდა და ვყრიდით…).

მაშინ ტყეც გაჩანაგდა. ვიღაცას, შესაძლოა, არ სციოდა, მაგრამ ჩვენ ათიოდე კუნძი გვქონდა ბუხარში შესაკეთებლად (ეზოში მოვჭერით ხეები). დავანთებდით – წინა მხარეს ვიწვოდით და უკანა მხარეს ვიყინებოდით…

იმ წელს ჩემი დაბადების დღე მე და დედამ მჭადზე, დაძმარულ პრასზე, მინდვრის მხალზე და ტყემალზე აღვნიშნეთ (გემრიელი იყო) …

ერთი პალტო მქონდა – გასათხოვარ ქალს ღამით საბანთან ერთად მეხურა და დღისით მეცვა… (ვისაც გაეღიმება, ესე იგი, მას არასოდეს შესცივნია)… წასვლაზე მაინც არ მიფიქრია იმ ბაყაყივით, საკუთარ გუბეში რომ გაიყინა… ჩემსავით იყვნენ სხვებიც – არ წავიდნენ, არ დატოვეს, ვერ დატოვეს, ვერ წავიდნენ…

ამ პერიოდში ბევრი ოჯახი გამოიკეტა. ის თაობა, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წლის წინ გეგმებს აწყობდა, დაიფანტა და განადგურდა. ცოტაღა დავრჩით, ვინაც ომს და სიკვდილს გადავურჩით (მე ალბათ იმიტომ, რომ გოგო ვიყავი და თან იმ რეგიონებში არ ვცხოვრობდი, სადაც ეს ცოდვის კალო ილეწებოდა).

დიახ, არ წავსულვარ, ვფიქრობდი, ერთხელ მოვედი ამქვეყნად და მინდა ერთ ადგილზე დავმკვიდრდე, ერთ ადგილზე ვიცხოვრო… დედაც ერთხელ მოვიდა და როგორ დავტოვო.. რა ვიცი, ათასი ფიქრი იყო…

ჩემსავით ფიქრობდა ცოტა, ვინც დარჩა… და ამ ცოტას მოგვიწია ხელისუფლების ცვალებადობის, მხედრიონის თარეშის, აფხაზეთის ომისთვის გაძლება… ეს კიდევ ახალი უბედურება იყო – ლტოლვილები, გაუბედურებული ადამიანები, რომლებმაც გუშინ ყველაფერი დაკარგეს და დღეს ჯერ კიდევ არ იყვნენ აზრზე მოსულები, დანარჩენ საქართველოს მოაწყდა.

გავიყავით: ჩემი თაობის ნაწილი იქ იბრძოდა და იხოცებოდა (თურმე სულ ტყუილად), ნაწილი აქეთ ცდილობდა იმ ადამიანების მოვლას, ვისაც აღარაფერი აღარ შერჩა. მე ის ჩემი ერთი პალტოც მათთვის ჩავაბარე პუნქტში, სადაც ლტოლვილებისთვის ტანსაცმელს აგროვებდნენ… ის ზამთარი წითელი ბარხატის პიჯაკით გავატარე… გაზეთ „კავკასიონის“ ჟურნალისტებს ემახსოვრებათ ის პიჯაკი …

ვინ იცის, კიდევ რამდენი დავკარგეთ იმ წლებში… მახსოვს, დავდიოდი ჩემი რაიონის სოფლებში და იმ დაღუპულ ბიჭებზე ვწერდი, ვინაც მართლაც ანთებული გულით გასწია აფხაზეთისკენ…

ჰო, ჩემი თაობის ბიჭები ომებში, ნარკოტიკებში, ალკოჰოლში, გოგოები კი – თურქეთსა და ამერიკაში ჩაიკარგნენ … დავპატარავდით, შევცოტავდით… თუმცა, ზამთარს გადარჩენილები გაზაფხულზე ფოტოების გადასაღებად მაინც ვემზადებოდით… გვეგონა დამთავრდა და ახლა მაინც ვიცხოვრებდით… არა ბატონებო, ასე გარკვეული არასოდეს ყოფილა ჩემი თაობის ბედი…

მოვიდა შევარდნაძე… ამჯერადაც სრული კრახი განიცადა ყველა მცდელობამ, როგორმე ცხოვრება დაგვეწყო… ჩიტიც კი ახერხებს თავისი მოკლე ცხოვრების განმავლობაში ბუდის მოწყობას, ჩვენ ვერ მოვახერხეთ. არადა, უკვე 40-ს ვუკაკუნებდით… ზოგს ოჯახი ჰყავდა სარჩენი – ვერ არჩენდა, ზოგი თბილისში გადმობარგდა, ზოგიც სოფელში მხოლოდ სიმინდის და ლობიოს ამარა დარჩა (იმერეთი, გურია, რაჭა)…

შვილები კი მაინც გაზარდეს, წვალებით, დაგვით, უფულობაში, უშუქობაში, საკუთარი თავის და ინსტერესების საკუთარ სულშივე ჩაკვლის ფასად…

ჰოდა, წამოვიდა ახალი თაობა, რომელმაც მადლიერების გამოხატვის ნაცვლად, თითების ქნევა დაიწყო – თქვენმა თაობამ ეს შეცდომა დაუშვა, ის არ უნდა მომხდარიყო, ეს არ უნდა გაკეთებულიყო; თითქოს ჩვენ ვინმემ რამე გვკითხა; თითქოს, როცა საჭირო იყო, იქ არ ვიდექით, სადაც მიგვაჩნდა, რომ უნდა ვმდგარიყავით… თითქოს არ დავიხოცეთ, არ გავნადგურდით…

ამ „ზამთარსგადარჩენილებს“ ახლა გაზაფხული გაგვიხდა სანატრელი – ის ადამიანები, რომლებმაც კარგად მოითბეს ხელი ბანკებში შენახულ დანაზოგებზე, ვინც არასოდეს ყოფილა პატიოსანი, ადვილად ახერხებდნენ შვილები გაერიდებინათ ამ ჯოჯოხეთისთვის და უცხოეთში გაეშვათ სასწავლებლად.

სულ მიკვირდა, ბაბუაჩემი საკმაოდ დიდ თანამდებობაზე მუშაობდა, მამაც – რატომ მათ ვერ გამიშვეს უცხოეთში სასწავლებლად? რატომ მათ ვერ დაგვიტოვეს მე და ჩემს ძმას ბინები, ოქროები და მიწის ნაკვეთები, თუკი ეს შეძლეს სკოლის დირექტორის მოადგილეებმა, მასწავლებლებმა და ლექტორებმა? (ბევრი დღევანდელი მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში ნახავთ ასეთ ჩანაწერებს, რომ აქვს 7 ბინა – აქედან 6 დაუტოვა მამამ, დედამ, სიმამრმა, სიდედრმა და ა.შ …

ხოდა, ჩამოვიდა ეს „მოზდოკს სწავლამიღებული“ თაობა, რომელსაც გახეხილი ქუჩების ფონზე ქართული ტალახი, ცხადია, ბოსლად მოეჩვენა და ისევ ჩემს თაობას დასდო ბრალი – არ იცით, ვერ გააკეთეთ, მიგვიშვით ბუხართან, თქვენ უკვე 40 წლისა ხართ და აღარ შეგიძლიათო…

მივუშვით, ბატონო, 28 წლის მინისტრიც გვყავდა და 36 წლის პრეზიდენტიც… შედეგი? ვინც მუშაობდა, ისინიც აღარ მუშაობენ, ისედაც დაცლილ სოფლებში სკოლები გააუქმეს და უკანასკნელი იმედი ამ სოფლებში ოჯახების დარჩენისა, მოსპეს… გაგვაჩუმეს, დაგვიჭირეს, ღირსება აგვყარეს, სამათხოვროდ გაგვიხადეს საქმე…

ამასობაში ჩემი თაობა უკვე 50-ს გადაცილდა…

აღარ გვაქვს ის ენერგია და შემართება, რაც გვქონდა. ადრიანად დავუძლურდით, დავავადმყოფდით, სახეზე და მხრებზე დაგვაჩნდა ის წლები… დღეს ისევ შემწეობისთვის გვაქვს გაწვდილი ხელი, რომ როგორმე ამ წლებით შერყეული ჯანმრთელობა გავიუმჯობესოთ.

ვის ვჭირდებით დღეს ჩვენ? იმ პაწაწუნა გოგოებს, გაკრიალებულ იატაკზე რომ დაბაკუნობენ და შემოხედვის ღირსადაც არ გთვლიან, კარს რომ შეაღებ? იმ ჰალსტუხიან ბიჭებს, პირის გაღებაზე რომ მზად აქვთ პასუხი – თქვენ კომკავშირელი იყავით, ამიტომ ახალ დროებას ფეხს ვერ აუწყობთო? იმ დეპუტატებს, რომლებიც ახალ არჩევნებამდე გამალებით იკავებენ ახალ ბიზნესებს, რომ ცხოვრება მოიწყონ? იმ შვილებს, რომლებიც ფეისბუკზე პოსტავენ – დედის და მამის ყოლა ეს დიდი ვერაფერი ხეირია, მე მათ გარეშეც გავჩნდებოდი ამქვეყნად და უფრო მაგარი ვიქნებოდიო? იმ ჟურნალისტებს, ხშირ-ხშირად რომ პოსტავენ – ვეღარ ამოვედით ამ დამსახურებულების ვალიდანო? იმ თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც ომებს გადარჩენილი ოფიცრები უპენსიოდ დაიქნია სისტემიდან? იმ ბიზნესმენებს, ღარიბებს რომ წვრილად უფშვნიან და უკვირთ – რა ღორულად ჭამენო? …

აღარავის… მანამ, სანამ ახალი საზარბაზნე ხორცი არ დასჭირდებათ, სანამ ფარი არ დასჭირდებათ, რომ თავიანთი შვილები ამოაფარონ და „მოზდოკს“ გაუშვან, სანამ ახალი ამომრჩეველი არ მოუნდებათ, სანამ… სანამ…

ჰოდა, გვაპატიეთ, ბატონებო, რომ საბჭოთა კავშირის დროს დავიბადეთ; გვაპატიეთ, რომ გვინდოდა გვეცხოვრა; გვაპატიეთ, რომ გაგაჩინეთ, რომ ღამეები ვათენეთ თქვენს გასაზრდელად, რომ თავად არ ვჭამდით, თქვენ რომ გეჭამათ, თავად არ ვიცმევდით, თქვენ რომ ჩაგეცვათ; ჩვენ ვეღარ ვისწავლეთ, თქვენ რომ გესწავლათ…

გვაპატიეთ, რომ ცოცხლები ვართ, რომ ჰაერს გართმევთ; ქუჩების ვიზუალს ვამახინჯებთ არამოდური ტანსაცმლით, რომ თქვენს ევროპულად გაწყობილ სუფრაზე ჩვენი დაკოჟრილი ხელებით ვეხებით ჩვენივე შეძენილ ჭურჭელს. გვაპატიეთ, რომ საერთოდ გავჩნდით…

ჩვენი ბრალი არაა, რომ 17 წლისანი არა ვართ და რომ ამ ცვალებადობის ჟამს მოგვიწია ცხოვრება…

თუმცა არ ვნანობ… ეს ჩემი თაობაა. მე ვარ თაობა, რომელიც არ შედგა.

მაია ტორაძე