ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ასოციაციის ორგანიზებით ინტერნეტ (კიბერ) ბულინგის შესახებ ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ტრენერი, სასწავლო კოორდინატორი და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ჯანმრთელობის ელჩი“, კესო გაგოშიძე უძღვებოდა.

კიცხის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ წიწილაშვილის თქმით, ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და დროული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათ ინფორმაციასთან ერთად მიიღეს რეკომენდაციებიც, თუ როგორ უნდა იმოქმედონ  ინტერნეტ (კიბერ) ბულინგის დროს.

„ტრენინგი რეკომენდაციების სრული დაცვით წარიმართა და საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის. მათ სხვადასხვა ინდივიდუალური აქტივობა განახორციელეს და ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მიიღეს.  მეზობელი სოფლების სკოლებსაც გავუწევ რეკომენდაციას, თუ დაინტერესება იქნება ამ კუთხით,“- ამბობს თამარ წიწილაშვილი.

კიბერბულინგი აგრესიას, ძალადობასა და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს. მას, განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. ანონიმურობა კიდევ უფრო მეტად ამწვავებს აგრესიის ფორმებს. კიბერბულინგს განსაკუთრებით მძაფრად მოზარდები აღიქვამენ და ეს მათ დიდ ემოციურ ზიანს აყენებს.

ტრენერი, კესო გაგოშიძე ამბობს, რომ 21- ე საუკუნეში კიბერბულინგი ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით ის 2020 წლიდან გამძაფრდა, როდესაც პანდემიის გამო ადამიანებს სახლში დარჩენა მოუწიათ. ისინი დაგროვილ აგრესიას სწორედ ინტერნეტის საშუალებით გამოხატავენ, რისი მსხვერპლიც, ხშირ შემთხვევაში, მოზარდები ხდებიან.

„ეს ტრენინგი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მოსწავლემ შეიტყოს იმ საფრთხეების შესახებ, რაც კიბერბულინგს მოსდევს და შესაბამისად შეძლოს თავის დაცვა. კიბერბულინგი ბავშვებში იწვევს მენტალურ, სოციალიზაციისა და ჯანმრთელობის  პრობლემებს.

კიცხის სკოლის მოსწავლეები დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით. გამიზიარეს თავიანთი გამოცდილება. გავმართეთ დისკუსია, სადაც ბევრი საინტერესო აზრი გამოითქვა. საქართველოს გაეროს ასოციაციის ფარგლებში მხოლოდ ერთი ობიექტი მქონდა ჩაბარებული, მაგრამ ხარაგაულის სხვა სკოლების მხრიდანაც თუ იქნება დაინტერესება, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ და ბავშვებს მივაწოდებ ინფორმაციას კიბერბულინგის შესახებ“,- აღნიშნავს კესო გაგოშიძე.

ლიკა ხიჯაკაძე