კიცხელი ძმები დავით და ნუკრი გიორგაძეები სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები. მათი საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია – მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მიწათმოქმედება. ისინი წინაპრებისგან მიღებული ცოდნის სინთეზირებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ახდენენ. ტრადიციულ მეთოდებსაც იყენებენ და ინტერნეტის საშუალებით სიახლეებსაც ნერგავენ. ცდილობენ, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება შვილებსაც გაუზიარონ.

30 წელია, მეფუტკრეობას მისდევენ. ერთი ძირიდან დაიწყეს და ამჟამად 100 ძირი სკა ჰყავთ. მოსავლის რეალიზაცია უჭირთ, მაგრამ მეფუტკრეობაზე ხელის აღებას არ აპირებენ, რადგან მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დავით გიორგაძე ამბობს, რომ იმდენად არის შეყვარებული ფუტკარზე, რომ ამ საქმეს ვერანაირად ვერ უღალატებს.

„ფუტკრის მოვლა საკმაოდ ძნელია და დიდი ცოდნა სჭირდება,- ამბობს დავით გიორგაძე,- ბოლო პერიოდში ფუტკრის ტკიპა გავრცელდა, რამაც ბევრ გამოცდილ მეფუტკრეს 400 ძირი სკაც კი გაუქრო. ფუტკრის ტკიპა ადრე გამოყენებულ შხამ-ქიმიკატებს შეეჩვია და იმუნიტეტი გამოიმუშავა.

მე ახალი პრეპარატების ჩამოსატანად თბილისში ჩავედი, ინტერნეტით ინფორმაცია მოვიძიე და ნაკლები დანაკარგით გამოვედი. ფუტკრის სულ რაღაც 2-3 ოჯახი გამიქრა. ჩემმა ფუტკრებმა წელს კარგად გამოიზამთრეს. სანამ აკაციის ყვავილი გაიშლება, ფუტკრებს დამატებით საკვებს ვაძლევ, ხოლო დედა ფუტკარს სტიმულატორს, რომ უფრო მეტი კვერცხი დადოს.

ბოლო წლებია, ამინდები არ უწყობს ხელს და კარგ მოსავალს ვერ ვიღებთ, თუმცა თაფლის შარშანწინდელი მოსავლით ნამდვილად კმაყოფილი დავრჩით.

დავითს და ნუკრის დიდი ზომის სახნავი ტექნიკა – ტრაქტორები აქვთ. ამის საშუალებით არა მხოლოდ კიცხში, არამედ სხვა სოფლებშიც მოსახლეობას სამეურნეო მიწებს უხნავენ. თავად საკუთრებაში ბევრი ნაკვეთი არ აქვთ. სწორედ ამიტომ ქალაქში წასული მეზობლების გამოუყენებელ მიწებს ამუშავებენ; რა თქმა უნდა, ნებართვით.

მათ მეურნეობაში დიდი ადგილი უკავია მეცხოველეობას. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან ერთად ღორებიც ჰყავთ.

„პატარებით დავიწყეთ და ახლა კი რამდენიმე დიდი ზომის ტრაქტორი გვყავს. ტექნიკა ვითარდება და თუ გინდა წარმატებული იყო საქმეში, არ უნდა ჩამორჩე მას. ძველი და ტრადიციული მეთოდები კარგია, მაგრამ ამით დიდ მოსავალს ვერ მიიღებ. სოფლის მეურნეობა მუდმივად განვითარებადი სფეროა. სიახლეები ადვილად უნდა მიიღოს და დანერგოს  ფერმერმა. ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები დოზირებულად უნდა გამოიყენო“.

დავითს და ნუკრის წლების წინ ხის სახელოსნო ჰქონდათ. ხის კარებებს, ფანჯრებსა და სხვა ავეჯს ამზადებდნენ. ახლა კი ამ საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ხის მასალის მოპოვება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მოსახლეობისგანაც აღარ არის მოთხოვნა, რადგან ხის ნაკეთობები საკმაოდ ძვირია. დავითი ამბობს, რომ მოსახლეობამ ალტერნატიული გზა მონახა იაფი ლამინირებული ავეჯისა და მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების გამოყენებით.

დავითი და ნუკრი ღვინის დამზადებაშიც წარმატებულები აღმოჩნდნენ. რამდენიმე წლის წინ, ხარაგაულის მუზეუმში გამართულ ფესტივალზე მათმა წითელმა ღვინომ გაიმარჯვა და ამისთვის დიპლომებიც გადაეცათ.

„მამაჩემმა რამდენიმე წლის წინ ერთი ძირი ვენახი დარგო, რომელსაც ჯვარისა ჰქვია. მიწა მისთვის იმდენად ნოყიერი აღმოჩნდა, რომ მალევე გაიხარა და გამრავლდა. პატარა ტერიტორიაზე გავაშენეთ, მაგრამ ერთ ტონა ყურძენს ისხამს. მისი დიდ ფართობზე გაშენება შესაძლებელია, თუმცა რეალიზებას ვერ ვახერხებთ.

ამიტომ ამ ჯიშის გამრავლებას აღარც ვცდილობთ. ჯვარისას ღვინოს, ძირითადად, ვასაჩუქრებთ ხოლმე,- ამბობს დავით გიორგაძე, – სოფელში ცხოვრება რთულია და დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, მაგრამ უშრომლად ხომ არაფერი გამოდის. არ მომწონს სოფლები რომ იცლება.

საცხოვრებლად ქალაქში წასვლის შანსი მქონდა, მაგრამ ისე მიყვარს აქაურობა, რომ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჩემი მდინარის პირას გავლა ყველაფერს მირჩევნია. ახალგაზრდები სოფლებში უნდა დასაქმდნენ, ეს არის მიგრაციის თავიდან აცილების ყველაზე კარგი საშუალება“.

ლიკა ხიჯაკაძე