ენა ეროვნულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია და მისი სიწმინდის დაცვა ერის მეობის, ღირსების, კულტურისა და ისტორიის დაცვას ნიშნავს.

ქართულ ენაში დიდი რაოდენობით მკვიდრდება ბარბარიზმები, რაც მეტყველების დამახინჯებას იწვევს. საქართველოში არსებობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლის უშუალო მოვალეობაა ქართული ენის დაცვა.

კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ლევან ღვინჯილიასთან ერთად გასული საუკუნის 90-იან წლებში ამზადებდა გადაცემას – „ენა დედაა ერისა“. იმ პერიოდში მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქართული სალიტერატურო ენის დაცვაში. რამაზ ბლუაშვილი დღესაც აქტიურადაა ჩართული ქართული ენის სიწმინდის დაცვაში. მისი აქტიურობით არაერთი დაწესებულების სახელწოდება, ლათინურის ნაცვლად, ქართული ასოებით გამოსახეს.

„დღეს ბევრი ქართველი თვლის, რომ თუ უცხოელებისთვის რაიმე პროდუქტს ქმნის, არ არის ვალდებული, ქართულად დააწეროს. ეს უდიდესი შეცდომაა, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი, – მიმაჩნია, რომ ყველაფერს, რაც საქართველოდან ექსპორტზე გადის, ქართული ასოებით უნდა ეწეროს.

ჩვენ უნიკალური ანბანი გვაქვს. ქართული დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობას შორისაა. აქედან გამომდინარე,  ვერ ვხვდები რატომ გვრცხვენია ჩვენი დამწერლობის ჩვენება?!

ჩემი ბოლო პროტესტი გამოიწვია იმან, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში დგას სუვენირის აპარატი, რომელზეც მხოლოდ ინგლისური და რუსული წარწერებია. ამ კუთხით დღეს მართლაც სავალალო მდგომარეობაა და პირდაპირ გეტყვით, რომ ქართული ენა სრულიად დაუცველია.

მახსენდება ბატონ ლევან ღვინჯილიას სიტყვები – „ქართული ენა მხოლოდ 14 აპრილს გვახსენდება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ დედას მხოლოდ საკუთარ დაბადების დღეზე მიხედო და დანარჩენ დღეებში კი არ გახსოვდესო“.

დღეს ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბარბარიზმების წარმოთქმა მათ განათლებულად წარმოაჩენს. რეალურად კი ამით საკუთარ ენას ფეხქვეშ თელავენ. ჩვენს ენას თავად უნდა მოვუაროთ, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, რომელსაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ამაში თანხას ვუხდით“.

ტელევიზია, დღესდღეობით, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მძლავრი საშუალებაა და ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანების მეტყველებაზე, რომელსაც სულ უფრო მეტად  ემჩნევა გაღარიბებისა და გაუსახურების ტენდენცია.

„ქვეყანაში მოქმედებს ქართული ენის დაცვის კანონი. არსებობს აღსრულების ორგანო – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. სწორედ მისი  მოვალეობაა კანონის აღსრულება. შესაბამისად, თუ რომელიმე ტელევიზიის ჟურნალისტი სალიტერატურო ენის ნორმებს დაარღვევს, უნდა დაჯარიმდეს.

დღეს ტელევიზიებიდან გაურკვეველ ენაზე გვესაუბრებიან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არ მუშაობს. ძალიან ბევრი ვიბრძოლე იმისათვის, რომ რუსთაველის გამზირზე არსებულ სასტუმრო „ბილტიმორისთვის“ ქართული წარწერა გაეკეთებინათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეკუთვნის კომპანია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი.

ლიკა ხიჯაკაძე