უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ლომიძე თავისი ცხოვრებით სხვებისთვის სამაგალითოა.
ის წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალიდანაა. თბილისის უსინათლოთა სკოლა-პანსიონის დასრულების შემდეგ, 1992 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა.
მისი მეუღლეც უსინათლოა. შვილი დამოუკიდებლად აღზარდეს, ისე, რომ არავინ დახმარებიათ. დღეს მათი ქალიშვილი 9 წლისაა.
ვასილ ლომიძე ხარაგაულში უსინათლოებს კომპიუტერულ პროგრამებს ასწავლის. ხარაგაულში ის გორიდან დამოუკიდებლად დადის.
„კომპიუტერული პროგრამებით 2006-2007 წლებში დავინტერესდი. ორ წელში ისე შევისწავლე, რომ სხვებსაც ვეხმარები. ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. წაიკითხავენ ელექტრონულ წიგნებს, წვდომა ექნებათ სოციალურ ქსელებზე და წარმატებით გამოიყენებენ მათ. დამიჯერეთ, ეს უდიდესი ბედნიერებაა.
უსინათლოთა პროგრამა ხარაგაულელებს ეხმარება, რომ სახლში არ ჩაიკეტონ, საზოგადოებაში გამოვიდნენ და არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიონ.
უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ფილიალი სამ მუნიციპალიტეტს მოიცავს – ზესტაფონს, ხარაგაულსა და თერჯოლას. ჩვენი მიზანია, ამ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს ის უმწვავესი პრობლემები დავაყენოთ, რაც დღეს უსინათლოებს აწუხებთ. ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად, სათანადო დახმარება გავუწიოთ მათ“.
ვასილ ლომიძე თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფო, შეძლებისდაგვარად, გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყოველთვიურად 30-ლარიანი საკომპენსაციო დახმარება უსინათლოებისთვის საკმარისი არ არის.
ვასილ ლომიძე თავისი მოღვაწეობით ცდილობს, დაეხმაროს უსინათლოებს საზოგადოებაში ადაპტაციასა და ცხოვრების გამრავალფეროვნებაში. ამ მიზნით მან ხარაგაულის მერიაში შეიტანა რეკრეაციისა და რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ზაფხულზე უსინათლოების კურორტ ციხისძირში წაყვანას. იქ უსინათლოთა ბაზაზე არსებული დასასვენებელი სახლი მდებარეობს, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ რეაბილიტაცია გაიარონ, დამოუკიდებლად გადაადგილება და ორიენტაციის გამომუშავება შეძლონ.
„ეს ძვირადღირებული პროექტი არ იყო. ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გვქონდა, ათი ადამიანი წაგვეყვანა. პანდემიამ შეგვიშალა ხელი. წელსაც ვგეგმავ ამ პროექტის შეტანას, მაგრამ ჯერ საპენსიო თანხის მომატებაზე უნდა ვიზრუნო. გარდა ამისა, ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“.
დღეს საქართველოში შექმნილი გარემო უსინათლოებისთვის ადაპტირებული არ არის. ეს მათ თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობას უზღუდავს. ვასილ ლომიძეს სურს, რომ საქართველო მალე იმ ევროპული ქვეყნების გვერდით დადგეს, სადაც უსინათლოებს ყველანაირად უწყობენ ხელს.
„მე დამოუკიდებლად გადაადგილება არ მიჭირს იმ ადგილებში, სადაც მიჩვეული ვარ. მხედველობა 6 წლის ასაკში დავკარგე და გარემოს ადვილად აღვიქვამ. ცხოვრებაში ბევრი სირთულეა, მაგრამ თუ ადამიანმა მიზანი დაისახე, სიძნელეები ვერ შეგაშინებს. ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში უსინათლოებისთვის გარემო იყოს ადაპტირებული და ბევრი შესაძლებლობა არსებობდეს მათთვის კარიერული წინსვლის თვალსაზრისით.
ყველა უსინათლოს ვეტყვი, რომ არასოდეს დაყაროს ფარხმალი. მათ თავიანთი კეთილდღეობისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად უნდა იბრძოლონ. ცხოვრებას თუ ერთხელ დაუჩოქე, ჩათვალე რომ იქ ყველაფერი მთავრდება. მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ასე რომ, ბრძოლა ბოლომდე“!
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი