ეკონომიური სიდუხჭირე, უმუშევრობა, სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობა და შესაძლებლობების სარეალიზაციოდ საჭირო პირობების უქონლობა – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რაც ხარაგაულელ ქალებს აწუხებთ.
„ყველა ქალი, ასაკის მიუხედავად, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ცდილობს, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – ხარაგაულში კი ამის შესაძლებლობა არ არის. დაინტერესებული ვარ ხელსაქმით. მოვიძიე და ვიცი, რომ ხარაგაულში უამრავი ქალი კარგად კერავს, ქსოვს, ქარგავს. თუმცა, ისინი ამით თავს ვერ ირჩენენ. არ აქვთ თავიანთი პროდუქციის რეკლამირების, ტრანსპორტირებისა და რეალიზების შესაძლებლობა.
ხარაგაულში ვიცნობ ქალებს, რომლებიც შესანიშნავ ლექსებსა და პროზაულ ნაწარმოებებს ქმნიან, მაგრამ მათ თითქმის არავინ იცნობს. შვილების აღზრდა ქალის საპატიო მოვალეობაა; ამავდროულად, საყვარელი საქმის კეთება – სულიერი საზრდო“, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე.
„წინა საუკუნეებში ოჯახი ვაჟის დაბადებას თოფის გასროლით ხვდებოდა და დიდი სიხარული იყო, რადგან მაშინ ქვეყანას ფიზიკურად დაცვა სჭირდებოდა და ომში ვაჟები იბრძოდნენ, – ამბობს პედაგოგი მზია კვინიკაძე, – ამ საუკუნეში ოჯახში ძირითადი ტვირთი ქალებზე გადავიდა. ჩვენი ქალების უმეტესობა საზღვარგარეთაა წასული და იქ, საკუთარ შვილებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ნაცვლად, სხვას უვლიან. მასწავლებელი ვარ და ვამჩნევ, ემიგრანტის შვილებს როგორ აკლიათ დედის ხელი.
შესაძლოა, ჩემი მოსწავლეების დედების უმრავლესობა საქართველოშია, მაგრამ ყოფითი პრობლემებით იმდენად დაკავებულები არიან, რომ საკუთარი შვილებისთვის აღარ სცალიათ. მათი მთავარი საზრუნავი ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა და ეს ბავშვებზე ცუდად აისახება.
ქალები შესანიშნავი მმართველები არიან. რამდენიმე ქვეყანას ხომ ქალი მართავს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ კაცი ქალზე უფრო ძლიერია. დღევანდელ სამყაროში ქალთა და მამაკაცთა უფლებები გათანაბრებულია“.
ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ქალთა პრობლემები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირია და რთულია მხოლოდ ხარაგაულელი ქალების პრობლემებზე ისაუბრო.
„სიღარიბე, ძალადობა, პასუხისმგებლობების მუდმივად ზრდა, – ეს ყველაფერი ქართველი ქალების საერთო პრობლემაა. მიმაჩნია, რომ პანდემიამ, უმეტესწილად, ქალების ზურგზე გადაიარა. შვილების ჯანმრთელობა, მათ სწავლა-განათლებაზე ზრუნვა, ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემა ქალების გადასაწყვეტია.
ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში ქალები განსაკუთრებით ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მოუწესრიგებელი საცხოვრებელი გარემო, ცივი წყალი, რომლითაც საოჯახო საქმეების კეთება უწევთ, ზოგ მათგანს წყალიც კი არ აქვს ეზოში, შეშის მოტანაც კი პრობლემაა. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, სოფლებში სწორედ ასეთი ქალები მოიძიოს და დაეხმაროს“.
„კულტურის ცენტრის“ ბუღალტერი ნათია მესხი ხარაგაულელი ქალების უმთავრეს პრობლემად რიგი სამედიცინო სერვისების ხელმიუწვდომლობას ასახელებს.
„ხარაგაულში, უკვე წლებია, სამშობიარო სახლი არ არის. ამის გამო მშობიარე ქალები იძულებულნი არიან, სხვადასხვა ქალაქების სამშობიაროებს მიაშურონ. პანდემიის დროს, გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. ხარაგაულის საავადმყოფოში პროფესიონალურად აკეთებენ ანალიზებს, გვყავს გინეკოლოგი,რომელიც პაციენტებს ემსახურება. თუმცა, სამშობიარო ბლოკი რომ აღარ არის, ეს ნამდვილად მოსაგვარებელი პრობლემაა“, – ამბობს ნათია მესხი.
ხარაგაულელი მაყვალა ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ქალების ყველაზე მწვავე პრობლემა უმუშევრობაა.
„სამუშაო ადგილები ძალიან ჭირს, აუცილებელია სახელმწიფომ ამაზე იზრუნოს. გამოძებნოს საშუალებები, რომ ადამიანები დასაქმდნენ და შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ. თუმცა ვთვლი, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფრის მოგვარებას შეძლებს. არც ასაკი მაკლია, არც ჯანმრთელობის მხრივ ვარ სხვაზე უკეთ, მაგრამ ვცდილობ, ვმუშაობ და შემოსავალიც მაქვს.
არ ვამბობ, რომ მილიონერი ვარ, მაგრამ არ ვწუწუნებ. მინდა, ყველა ქალს ვურჩიო, – მიიხედ-მოიხედონ, საკუთარ თავში საკუთარი თავის რჩენის ძალა და შესაძლებლობა გამონახონ. ერთი მტკაველი მიწაც კი არ უნდა დავტოვოთ დაუმუშავებელი. თუ ყველა ეცდება და მოინდომებს, მჯერა, სახელმწიფოც უფრო გაძლიერდება“, – ამბობს მაყვალა ვეფხვაძე.
თამთა გოგოლაძე
ასევე თემაზე:
ქალთა პრობლემები ხარაგაულში (ვიდეო)
უმუშევრობა, ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობა, უწყლობა – ქალთა საჭიროებები ხარაგაულში (ვიდეო)
მუნიციპალური პროგრამები ოჯახების გაძლიერებას ხელს ვერ უწყობს
გვინდა ოჯახი საკუთარი შრომით ვარჩინოთ
რა აწუხებთ ახალგაზრდა ხარაგაულელ დედებს
XXI საუკუნეში ბუნებრივი აირი სანატრელი არ უნდა იყოს
აუცილებელია მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ქალთა განათლებასა და კარიერულ წინსვლაში – ელენე რუსეცკაია
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი