გაჭირვებული მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებას ადგილობრივი თვითმმართველობა ფულადი დახმარებებით ცდილობს.

თუმცა, ეს დახმარებები, უმეტესად, წლის განმავლობაში ერთჯერადადად გაიცემა და ოჯახების სოციალურ მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს.

რამდენად ეფექტურია მუნიციპალური სოციალური პროგრამები ზემო იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში, – ამის შესახებ ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

ოთხივე მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამები თითქმის იდენტურია – სამკურნალო, შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარჩენალდაკარგულთა, მარტოხელა მშობლების, უსახლკაროთა, ვეტერანების, ერთჯერადი დახმარების, გადაუდებელი რეაგიების პროგრამები და სხვ.

ხარაგაულში, სოფელ ხიდარში მცხოვრები თამარ თაბუკაშვილი მარტოხელა მშობელია. ის წელიწადში ერთხელ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარს იღებს. თამარი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მარტოხელა მშობლების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დაწესდა, სამომხმარებლო ფასები კატასტროფულად გაიზარდა, ერთჯერადი დახმარება კი იგივე დარჩა.

„მუნიციპალური პროგრამები არაეფექტურია და ოჯახების გაძლიერებას ხელს ვერ უწყობს, – ამბობს თამარ თაბუკაშვილი, – მარტოხელა მშობლების შვილებს სოციუმში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ამიტომ ფსიქოლოგიური მომსახურება მათთვის აუცილებელია.

ვისურვებდი, მარტოხელა მშობლების კლუბის შექმნას, სადაც ერთმანეთს აზრებს გავუზიარებთ, დავეხმარებით, შევქმნით პროექტებს, რომლებიც ოჯახების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა ჩვენც შეგვიძლია“.

 

ბიუჯეტიდან დახმარების მოლოდინი შეურაცხმყოფელია

ზესტაფონში, სოფელ კვალითში მცხოვრები მარინე ჭანკვეტაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ის შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. წელიწადში ერთხელ ზესტაფონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით 150 ლარს იღებენ.

მარინე ჭანკვეტაძე ამბობს, რომ მუდმივად დახმარების მოლოდინი მათთვის შურაცხმყოფელია, თუმცა, ამ ეტაპზე, შვილისა და რძლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხვა გზა არ აქვთ. წელს მარინე ჭანკვეტაძის უფროსმა შვილიშვილმა სკოლა დაამთავრა და კერძო მშენებლობებზე მუშაობას აპირებს.

მარინე ჭანკვეტაძე ამბობს, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით კონკურსს გამოაცხადებს, ჩაერთვება და კვალითში სათბურს გააკეთებს. ამ ეტაპზე მათ ოჯახს, დამოუკიდებლად, ამის შესაძლებლობა არ აქვთ. სხვათაშორის, ჭანკვეტაძეების ოჯახში ინფორმაციას არც სახელმწიფოსგან გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე ფლობენ.

 

„მუნიციპალური პროგრამების შესახებ არაფერი ვიცი“

ჭიათურაში, სოფელ მანდაეთში მარტო მცხოვრებმა 45 წლის გალაქტიონ ციცვიძემ ახლახან მუშაობა ბლოკის ცეხში დაიწყო. ამ დრომდე ის უმუშევარი იყო. კოვიდპანდემიისას მას ადგილობრივი ხელისუფლება საკვები პროდუქტებით დაეხმარა, მანამდე დები ეხმარებოდნენ. გალაქტიონმა ადგილობრივი სოციალური პროგრამების შესახებ არაფერი იცის.

 

შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ახალი პროგრამაა საჭირო

საჩხერის დღის ცენტრის საჭიროებებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს. ამ ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ზაბახიძე ამბობს, რომ დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ურთიერთობას წყვეტენ, როცა მათ 18 წელი უსრულდებათ, რაც ძალიან ცუდია და ბენეფიციარების შემდგომ განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელს უშლის.

„ჩვენი დღის ცენტრის ბენფიციარებთან ამჟამად ფსიქოლოგი მათი შესაძლებლობების დასადგენად მუშაობს, – ამბობს თამარ ზაბახიძე, – გვსურს, ბენეფიციარებს სხვადასხვა ხელობები შევასწავლოთ და ამ მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობას დაფინანსებისთვის მივმართოთ“.

 

მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დასადგენად კვლევა აუცილებელია

მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სოციალური პროგრამების შემუშავებისას საჭიროებების კვლევა არ ჩაუტარებიათ. პრობლემას, რომელიც მოქალაქის მომართვის შემდეგ იჩენს თავს და იმ კონკრეტულ მომენტში ვერ აგვარებენ, სამომავლოდ ითვალისწინებენ.

„ჩვენი პროგრამები ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში გარდამხეტ როლს ვერ თამაშობენ, – ამბობს ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – ერთჯერადი სოცდახმარებების გაცემის მომხრე არ ვარ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფულადი დახმარება კონკრეტულ მომენტში ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ზესტაფონის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მარინე სუქნიძე ამბობს, რომ 2020 წელს მუნიციპალიტეტში მარტოხელა მოხუცების შინმოვლის პროგრამის დანერგვას გეგმავდნენ. თუმცა, მათი გეგმა პანდემიამ შეცვალა. ამ პროგრამის განხორციელება მათთვის სამომავლო პრიორიტეტია.

საჩხერის თვითმმართველობამ ერთჯერადი ფულადი შემწეობის მიღების კრიტერიუმები მკაცრად განსაზღვრა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ომიაძე განმარტავს, რომ წლის განმავლობაში ერთჯერად ფულად დახმარებას იღებენ – 18 წლამდე შშმ პირები – 150 ლარს, ომის მონაწილე შშმ პირები – 200 ლარს, მარჩენალდაკარგულ პირთა შვილები – 150 ლარს და მაროტოხელა მშობლები – 150 ლარს.

ოთარ ომიაძეს ოჯახების გაძლიერების გრძელვადიანი სოციალური პროგრამების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება მაინცდამაინც გამართლებულად არ მიაჩნია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახური წელს მარტოხელა მშობლებისთვის ერთჯერადი დახმარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავდა. წელიწადში ერთხელ ჭიათურაში მცხოვრებ 23 მარტოხელა მშობელს ერთჯერადად 600 ლარით უნდა დახმარებოდნენ. თუმცა, როგორც ამ სამსახურის უფროსი იოანე ვაშაძე ამბობს, პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ამ პროგრამის განხორციელება ვერ შეძლეს.

 

ერთჯერადი ფულადი დახმარებით მოქალაქეები ხელისუფლებაზე

მუდმივად დამოკიდებული გავხადეთ

ზესტაფონის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ფერაძე ამბობს, რომ ერთჯერად სოციალურ დახმარებებს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს და ოჯახების რეალურ გაძლიერებაზე არ ზრუნავს.

„ამბობენ, რომ ბიუჯეტში თანხა არასაკმარისია გრძელვადიანი პროგრამებისთვის, – ამბობს დავით ფერაძე, – ძალიან მარტივი დასათვლელია, – ის თანხა, რაც ერთჯერად დახმარებებში იხარჯება, გაცილებით მეტია, რაც თუნდაც საპილოტედ ერთი პროგრამის განხორციელებისთვის იქნება საჭირო. მე არ მქონია ინიციატივა, რადგან, ვფიქრობ, ჩემს წინადადებას არავინ გაითვალისწინებდა“.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მცირე საწარმოების, საოჯახო ბიზნესისთვის ფინანსური ხელშეწყობა ესახება ოჯახების გაძლიერებად ჭიათურის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პროკოფი (გოგი) ჩიკვილაძეს.

„150 ლარზე მშრომელი ადამიანი არ უნდა გაამათხოვრო, – ამბობს პროკოფი ჩიკვილაძე, – ერთ სოფელში 3-4 ოჯახი რომ ავიღოთ საპილოტედ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოჯახური მეურნეობის გაფართოება დავუფინანსოთ, სარგებელს მიიღებენ. ერთჯერადი ფულადი დახმარებებით მოქალაქეები ხელისუფლებაზე მუდმივად დამოკიდებული გავხადეთ“.

ხარაგაულში მარტოხელა მოხუცთა თავშესაფრის გახსნის იდეა აქვს ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარეს, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრს ინგა მაღრაძეს. ის მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარებები ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი პროგრამებით უნდა ჩავანაცვლოთ. თუმცა ამ კუთხით კონკრეტული აქტივობა მას არ ჰქონია.

 

საჭიროებების ინდივიდუალური შეფასება მთავარ პრიორიტეტს გამოკვეთს

„ადილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის სოციალური საჭიროებების დასადგენად კვლევა აუცილებლად უნდა ჩაატაროს, – ამბობს რუმინელი ექსპერტი დიანა კირიაჩესკუ, – ეს მნიშვნელოვანია სოციალური სერვისებისთვის ეფექტური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

საჭიროებების ინდივიდუალური შეფასება გამოკვეთს მხარდაჭერის კუთხით თითოეული პირის მთავარ პრიორიტეტს.

სოციალური სერვისების მიწოდების შედეგების მონიტორინგი მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს და რეგულარულად ფასდებოდეს. ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს და სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

ექიმთან ვერ მივდივარ, ღმერთმა არ მომკლა… (ვიდეო)

სოციალური პროგრამები ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ ვერ ცვლის