დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში იზა ვეფხვაძის წიგნის – „ხარაგაულის მსახური ახმედ გოგოლაძე“ – პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი მამა პეტრეს (კურტანიძე) ლოცვა- კურთხევით დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია ახმედ გოგოლაძის პოეტური შემოქმედება, მისი გადაღებული ფოტოები, ხელნაკეთი ნივთები, ასევე მასზე მოგონებები.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახმედ გოგოლაძის შვილი – ანდრია გოგოლაძე, შვილიშვილი ბარბარე გოგოლაძე,  დისშვილები, ძმისშვილიშვილი, მეზობლები და ის ადამიანები, ვინც მას პირადად იცნობდა.

დამსწრე საზოგადოებამ გაიხსენა ახმედ გოგოლაძე და ბევრი საინტერესო, მხიარული თუ სევდიანი მოგონება ითქვა მასზე. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა მამა პეტრე (კურტანიძე) და აღნიშნა, რომ ფიქრობს ღორეშაში ახმედ გოგოლაძის სახელობის მუზეუმის გახსნას.

„ახმედ გოგოლაძის ოჯახში იყო 12 დიდი ხატი და კიდევ სხვა ნივთებიც. დღეისათვის ისინი დაკარგულია. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, ან მიუწვდება ხელი, გთხოვთ იქნებ დააბრუნოთ ტაძარში. ამით ძალიან დამეხმარებით მუზეუმის გახსნის იდეის ხორცშესხმაში“, – აღნიშნა მამა პეტრემ.

ახმედ გოგოლაძის შესახებ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა წიგნის ავტორმა, იზა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ მან ძველი ხარაგაულის მთვლემარე სული შემოინახა.

„ახმედ გოგოლაძის ფოტოების გარეშე დღეს ხარაგაულის ისტორია წარმოუდგენელია. ის იღებდა მაშინდელი, ძველი არქიტექტურის შენობებს, ახლადმშენებარე სახლებს, ხედებს. ძალიან ძვირფასია მისი პოეტური ქმნილებებიც, რომლებიც ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებას არ ჩამოუვარდება, – აღნიშნა იზა ვეფხვაძემ, – ხარაგაულის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელსაც ახმედის ქუჩა ერქვა. პირველად ხარაგაულში ტელევიზორი მან მოიტანა. იმის გამო, რომ ხარაგაულელები მის პატარა ოთახში ვერ ეტეოდნენ, ტელევიზორი ფანჯარაში გადმოდგა და ყველას მისცა მისი ნახვის შესაძლებლობა. ახმედ გოგოლაძე ხელოვნების უკვდავ ნიმუშებს ქმნიდა, რომელიც თავად ოსტატსაც მარადიულობას უმზადებდა. თავის თვში აწმყოსთან ერთად  წარსულსა და მომავალსაც აერთიანებდა“.

ახმედ გოგოლაძე სოფელ ღორეშაში დაიბადა 1924 წლის 15 ივნისს. თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მოხალისედ წავიდა ომში. გმირულად იბრძოლა და მოიხადა მამულიშვილური ვალი. ახმედ გოგოლაძემ ხარაგაულის ისტორიაში ერთი დიდი ეპოქა შექმნა. ის 1987 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ღორეშაში.