
„პანდემია უიარაღო ომია, რომელშიც ყველა თავისებურად იბრძვის, ზოგი რეკომენდაციების დაცვით, ზოგი სიტყვით და ზოგიერთი კი საქმით. მეც, ჩემის მხრივ, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი“, – ეს სიტყვები ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმს, ნინო ყიფშიძეს ეკუთვნის. ის პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა.
ნინო ყიფშიძე, 22 წელია, ხარაგაულის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში მუშაობს. თავდაპირველად ეპიდემიოლოგის თანაშემწე იყო, შემდეგ ექიმი პროფილაქტიკოსი, მოგვიანებით კი – პარაზიტოლოგი. ბავშვობაში მასწავლებლობაზე ოცნებობდა, თავისი პედაგოგებისგან მიღებული დიდი სითბოსა და სიყვარულის გავლენით. ცხოვრების დინებამ სულ სხვა გზით წაიყვანა.
„ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ვფიქრობდი, რომ პედაგოგი ვიქნებოდი. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ფაკულტეტს ახალი სპეციალობა ჰქონდა ბიო-სამედიცინო კუთხით. მეც ამ სპეციალობის დაუფლება გადავწყვიტე და სხვა პროფესიაზე აღარ მიფიქრია.
ცხოვრებაში სწორი გზის არჩევა ძალზედ რთულია და მერე ამ გზაზე სიარული კიდევ უფრო რთული. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაშიც იყო გარკვეული სირთულეები. თუმცა, ვფიქრობ, მათი დაძლევა მოვახერხე“.
პანდემიის მეორე ტალღის დროს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრზე დიდი დატვირთვა მოდიოდა. შესაბამისად, ნინო ყიფშიძის სამუშაო რეჟიმში დატვირთულმა და სტრესულმა დღეებმა იმატა. ფიზიკურზე მეტად, ემოციურად იღლებოდა. მიუხედავად ამისა, მას ფიქრადაც კი არ გაუვლია სინანული თავისი პროფესიის მიმართ. იყო შიში, რომელიც კიდევ უფრო მეტად მაშინ გამძაფრდა, როდესაც კორონავირუსით მისი ოჯახის წევრი დაინფიცირდა და საკმაოდ მძიმედ იყო.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში დღემდე, კორონავირუსის გამოსაკვლევად, 3000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. იყო პერიოდი, დღიურად რომ 180 ტესტი კეთდებოდა. ეს რთული სიტუაცია ისე გადალახეს, რომ კორონავირუსით არც ერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა.
„ხალხისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. არ მეგონა, სიტყვას ამხელა ძალა თუ ჰქონდა. შეშინებული პაციენტები რომ მოდიოდნენ, მათ გამხნევებასა და დამშვიდებას ვცდილობდი. მგონი, გამომდიოდა კიდეც იმ ფონზე, როდესაც მე თვითონ მქონდა შიშის გრძნობა. მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც დადებითი და პოზიტიური სიტყვებით მამხნევებდნენ.
ეს რთული დღეები, რასაკვირველია, ჩემს ფსიქიკაზე აისახა. ერთხელ ვიფიქრე, რომ კორონავირუსი მეც მქონდა. ანალიზის უარყოფითი პასუხი რომ მომივიდა, მაინც ვერ დავიჯერე. ეს მძიმე ემოციური ფონისგან იყო გამოწვეული. კორონავირუსის პანდემიას ერთი დადებითი მხარე აღმოაჩნდა – მან ადამიანებს დაგვანახა ცოცხალი ურთიერთობების მნიშვნელობა, რასაც ვერანაირი ტექნოლოგიები ვერ შეცვლის. იმედია, აღარ დაგვიდგება ისეთი დრო, როდესაც ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი შეგვაწუხებს“.
ქალებს, საქართველოში საკუთარი ადგილი რომ დაეკავებინათ, ხანგრძლივი, საინტერესო და წინააღმდეგობრივი გზის გავლა მოუწიათ. მიაღწიეს კიდეც გარკვეულ შედეგს და რიგი კულტურული ნორმების შეცვლა მოახერხეს. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა და მედიცინაში ძალიან ბევრი ძლიერი ქალია.
ბევრი მათგანის ფიგურა ჩრდილშია, თუმცა ისინი თავიანთი საქმიანობით თანამოქალაქეებს განსაკუთრებულად ეხმარებიან. ნინო ყიფშიძე სწორედ ასეთთა რიგებს მიეკუთვნება.
„ქალები ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ, – ამბობს ნინო, – ამით სხვასაც აძლიერებ და თავადაც ძლიერდები. თანადგომასა და სოლიდარობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ძალადობის მსხვერპლი ქალებისადმი. რეგიონში როდესაც ცხოვრობ, პროფესიული კუთხით განვითარება, ცოტა არ იყოს, რთულია, ქალაქთან შედარებით. ვფიქრობ, რაიონში ცხოვრებისას უფრო მეტი შრომა გჭირდება. შეიძლება შაბლონური სიტყვებია, მაგრამ თუ რაიმეს მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ტექნოლოგიები ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს.
ჩემი სურვილია, მქონდეს ძალა და სურვილი იმისა, რომ დიდხანს ვაკეთო ჩემი საქმე მშვიდ გარემოში. გოგონებს ვურჩევ, ბევრი ისწავლონ და იშრომონ. ამით უფრო ძლიერები გახდებიან. ძლიერ ქალს კი ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია“.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულელი ძლიერი ქალების შესახებ ასევე წაიკითხეთ:
ანუშკა ჩხეიძე -„მუსიკალურ“ სტერეოტიპებთან ბრძოლაში გამარჯვებული
ნინო გველესიანი, დალი ჭყოიძე, თეონა ვეფხვაძე, მზია კაპანაძე, მარეხი ჯორჯაძე – ქალები იმერეთიდან
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება