ხარაგაულის საავადმყოფო, ორი კვირაა, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი ამბობს, რომ მათთან მისულ პაციენტებს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მედპერსონალი მოემსახურება. მისივე თქმით, ჩვენი მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის მოსახლეობა ხარაგაულის საავადმყოფოში მისვლას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებს.
– ქალბატონო მაკა, ხარაგაულის საავადმყოფო, სამი თვის განმავლობაში, კოვიდცენტრად იყო გადაკეთებული და სრული დატვირთვით მუშაობდა. ამ ფაქტმა რაიმე სახის სარგებელი თუ მოგიტანათ?
– ხარაგაულის კლინიკა კოვიდცენტრად 20 ოქტომბრიდან გადაკეთდა. ჩვენთან სტაციონარი 14 საწოლზე, ხოლო ბორითში – 16 საწოლზე ფუნქციონირებდა. ვემსახურებოდით როგორც ხარაგაულში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას. პაციენტები გვყავდა ახალციხიდან, ბორჯომიდან, სამტრედიიდან, ქუთაისიდან.
ჩვენი ცნობადობა გაიზარდა. ყველაზე დიდი სარგებელი, რაც მივიღეთ, ეს – მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტებია. შეგვიძინეს D-დიმერის აპარატი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მედიკამენტებით მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ვიყავით. ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩვენთან კეთდებოდა და კეთდება.
ყოველთვიურად ვატარებთ ტრენინგებს მედპერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყავით, რადგან პაციენტის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. რასაკვირველია, გავიუმჯობესეთ გამოცდილება. ძალიან დიდი მუშაობა გასწიეს ოჯახის ექიმებმა და მადლობა მათ ამისთვის.
კოვიდცენტრში სულ 200 პაციენტს ვუმკურნალეთ. მათგან 2/3 – 65 წელს გადაცილებული იყო. კორონავირუსით დაავადებული 91 წლის ქალი გამოვაჯანმრთელეთ. რამდენიმე პაციენტს რეანიმაცია დასჭირდა, ამიტომ ისინი სხვა კლინიკებში გადავიყვანეთ. ჩვენთან მხოლოდ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
– 15 თებერვლიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდით. კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთებამდე პერიოდს რომ შევადაროთ, 15 თებერვლის შემდეგ პაციენტთა მეტი რაოდენობა მოგმართავთ, თუ არაკოვიდპაციენტთა რაოდენობა შემცირდა?
– ველოდებით, რომ მომართვიანობა გაიზრდება. არსად წასულა ის დაავადებები, რაც კორონავირუსამდე იყო. პირიქით, – პოსტკოვიდური დაავადებებიც დაემატა.
– თქვენი დაკვირვებით, პაციენტთა მოზიდვას რა უშლის ხელს? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებლებმა მეზობელი ქალაქების კლინიკების ნაცვლად, ხარაგაულის ამბულატორიასა და საავადმყოფოს მომართონ?
– მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტი არასაკმარისი მიმართულებებით მოძრაობს; ამასთან ერთად, – მოძრაობის განრიგი არახელსაყრელად არის დადგენილი. პაციენტი სოფლიდან დილით რომ წამოვიდეს, ხარაგაულიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ასწრებს. ეს თუ მოწესრიგდება, სხვა არანაირი პრობლემა არ იქნება. რატომ წავა მოსახლეობა სხვაგან?
ორი წლის წინ სოფლებში სამედიცინო აქციები მოვაწყვეთ, – სხვადასხვა სპეციალისტები წავიყვანეთ. ძალიან ბევრი პაციენტი მოვიდა და ჩვენს ამბულატორიაში დარეგისტრირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმირებულობა და ტრანსპორტის მოძრაობა არის მთავარი გამოწვევა.
– აპირებთ თუ არა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციის გაგრძელებას?
– ამჟამად ეპიდსიტუაცია არაპროგნოზირებადია და ზუსტი თარიღის დასახელება მიჭირს. თუმცა, როგორც კი რეგულაციები მოიხსნება, უფასო სამედიცინო აქციებს აუცილებლად გავაგრძელებთ.
– შარშანდელმა აქციებმა რა დაგანახათ, – ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებ პაციენტებში უფრო მეტად რომელი დაავადებებია გავრცელებული? რამდენად დროულად აქცევენ ადამიანები ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას? რა არის, თქვენი აზრით, ამის მიზეზი?
– უფრო მეტად, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინოლოგიური დაავადებებია გავრცელებული. ზოგადად, მედიცინა პროფილაქტიკური უნდა იყოს. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის არქონა და ეკონომიური მდგომარეობაა იმის მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობა ექიმს დროულად იშვიათად მიმართავს. სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. ადამიანს შეუძლია, სამედიცინო დაწესებულებებში მინიმალური კვლევები მაინც ჩაიტაროს. წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.
– ქალთა კონსულტაციის კაბინეტი თუ მოქმედებს ხარაგაულში და რა კატეგორიის პაციენტებს ემსახურება? ამჟამად რამდენი ორსული გყავთ აღრიცხვაზე?
– მე გახლავართ გინეკოლოგი. მას შემდეგ, რაც ხარაგაულის კლინიკა კოვიდცენტრად გადაკეთდა, ჩემს პაციენტებს დისტანციურად ვეკონტაქტებოდი. ახლახან ზესტაფონის კლინიკაში გოგონა დაიბადა. მისი დედა მთელი ორსულობის პერიოდში აღრიცხვაზე ჩვენთან იმყოფებოდა. მას შვილი ხუთი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. ამჟამად ჩვენთან აღრიცხვაზე ორი ორსულია.
– რა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს? რა აპარატურა გაქვთ და რა სახის კვლევების ჩატარება შეგიძლიათ პაციენტებისთვის? ლაბორატორიულად რა სახის კვლევებს ატარებთ?
– ხარაგაულის კლინიკაში მოსული პაციენტები მიიღებენ – ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, პედიატრისა და ექოსკოპისტის მომსახურებას. ნევროლოგი და ოფთალმოლოგი კვირაში სამი დღე გვყავს. დანარჩენი სპეციალისტები მზად არიან პაციენტები ყოველდღე, დილის 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე მიიღონ.
ჩვენთან კლინიკო-ლაბორატორიულიკვლევები ტარდება. გვაქვს რენდგენისა და რენდგენოსკოპიის, ექოსკოპიისა და ელექტროკარდიოგრაფიის აპარატები.
– როგორია ხარაგაულის კლინიკაში მომსახურების ფასი? სადაზღვევო შეღავათებით ვინ სარგებლობს?
– ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფი პაციენტებისთვის მომსახურება უფასოა. პენსიონერები, სტუდენტები, პედაგოგები საყოველთაო დაზღვევით სარგებლობენ. ჩვენ ყველაზე დაბალი ტარიფი გვაქვს, რომლის გადახდაც მოსახლეობას არ უჭირს. ძირითადად, მაინც საყოველთაო დაზღვევის მქონე პაციენტებს ვემსახურებით.
– ექიმთან ვიზიტისთვის ტელეფონით წინასწარ როგორ უნდა დაგიკავშირდეთ?
– პაციენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 577 59 76 52. ექიმთან წინასწარი ჩაწერაც შესაძლებელია.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი