სოციალური შემწეობის სახელმწიფო პროგრამის მიმართ მოსახლეობა უკმაყოფილოა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულის მინიჭების კრიტერიუმები ბუნდოვანი და არასამართლიანია.
ხიდარში მცხოვრები დედა-შვილი მზია სხილაძე და გურგენ ბერაძე, მეოთხე წელია, ფულადი შემწეობის მოლოდინში არიან. ოთხი წლის წინ მზია სხილაძის მეუღლე გარდაიცვალა. ამის გამო ოჯახს ფულადი შემწეობა შეუწყდა. მას შემდეგ წელიწადში ერთხელ დახმარების აღდგენის მოთხოვნით გურგენი განცხადებას წერს. ბოლოს ოჯახის მდგომარეობა სოცაგენტმა 2019 წლის დეკემბერში შეამოწმა. დეკლარაციის მიხედვით, სარეიტინგო ქულა 95 ათასია.
გურგენ ბერაძის ხის ორსართულიანი სახლის პირველი სართულის იატაკზე ბეტონია დასხმული. წყალი ეზოში აქვთ. სახლის უკანა კედელი ავარიულია. ოჯახი 0,05 ჰა მიწას ამუშავებს. წლიდან წლამდე საკმარისი მოსავალი – სიმინდი და ლობიო, ვერ მოჰყავთ. გურგენის დედას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ძროხის მოვლა არ შეუძლია. წლებია, ვეღარც ღორს ზრდიან.
„ჩემი გაჭირვება ხიდარში ყველამ იცის, – ამბობს მზია სხილაძე, – ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მივდივარ, ზუსტი დიაგნოზი რომ დამისვან. ჩვენი ოჯახის შემოსავალი ჩემი პენსია – 240 ლარია“.
2020 წელს ხიდარში მცხოვრებ დედა-შვილს რამდენჯერმე სოციალური პროგრამის ფარგლებში შეძენილი კვების პროდუქტები გადასცეს. ერთჯერად ფულად დახმარებას – 50-დან 100 ლარის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველ წელს იღებენ. კორონავირუსი პანდემიის გამო დაწესებული დახმარებით ისრგებლეს და მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ყოველ თვეში 90 ლარი ერიცხებოდათ, რადგან ოჯახის სარეიტინგო ქულა 65-დან 100 ათას ქულამდეა.
მზია სხილაძე ამბობს, რომ მერის წარმომადგენელი კოტე ბერაძე და დეპუტატი ნონა ზურაბიანი მათ მიმართ ყურადღებას იჩენენ.
გურგენ ბერაძეს მუშაობა არ ეზარება. თუ სოფელში სამუშაო გამოჩნდება – მეზობელს შეშის დაპობა ან ყანის გათოხვნა დასჭირდება, პურის ფულს შოულობს. თუმცა ეს თანხა საჭმელ-სასმელის შესაძენად და დედის წამლებისთვის არ ჰყოფნის.
„ოთხი წელია, ვერავინ მცემს პასუხს, ვერავინ გვისაბუთებს, ფულადი სოციალური შემწეობა რატომ არ მენიშნება და ჩვენი ოჯახის მდგომარეობა მაღალი ქულებით რატომ ფასდება“, – ამბობს გურგენ ბერაძე.
ხარაგაულის სოციალური სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ნანული ტაბატაძე განმარტავს, რომ რომ მზია სხილაძემ სააგენტოს ხელახალი გადამოწმების მიზნით 2019 წლის 25 დეკემბერს მიმართა.
„წესით, ფულადი შემწეობა ეკუთვნის, – ამბობს ნანული ტაბატაძე, – მიწისა და სახლის ფართობები მცირეა. ელექტროენერგიის ხარჯი წლის განმავლობაში 84 ლარს შეადგენს. მაღალი ქულა, შესაძლოა, იმიტომ მიენიჭა, რომ ოჯახში შრომისუნარიანი მამაკაცია. მზია სხილაძის ოჯახს ხელახალი გადამოწმების მიზნით შეუძლია 2020 წლის 25 დეკემბრიდან მოგვმართოს“.
სიღარიბის დაძლევის პროგრამა მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე მორგებული არ არის და ოჯახისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცესი ბუნდოვანია, – ასე აფასებენ პროგრამას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე და ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი ნონა ზურაბიანი. ისინი თვლიან, რომ პროგრამა სერიოზულად გადასახედია და სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა მეტ სიცხადეს შეიტანს.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ:
ბანკებმა პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს ჩამოჭრილი სახელმწიფო დახმარება უკან დაუბრუნეს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი