კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფომ 2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაურიცხა, კომერციულმა ბანკებმა დახმარების თანხა ვალში გაუქვითეს.

ასეთი საჩივრით ადამიანის უფლებათა ცენტრს თერთმეტმა ადამიანმა მიმართა. ცენტრმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი, დახმარებოდა კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს, ვერ შესრულდა და კომერციულ ბანკებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის გავრცელებისთანავე საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩაერთო, რის შემდეგაც თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს.

მათ შორის, ვისაც ბანკებმა დახმარების თანხა ჩამოაჭრეს, არის თბილისში მცხოვრები ა. ბ. კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო მან სამსახური დაკარგა. იანვრის ბოლოს  მის ანგარიშზე დახმარების თანხა – 200 ლარი ჩაირიცხა. ბანკმა მას მთელი თანხა ვალში გაუქვითა. ა.ბ.-მ პრობლემის მოგვარება თავდაპირველად საკუთარი ძალებით სცადა – ბანკში მივიდა  და  დახმარების თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ბანკში ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

კომპენსაციის თანხა სრულად ჩამოეჭრა ლ. მ.-საც. ადამიანის უფლებათა ცენტრში გაწეული კონსულტაციის შემდეგ მას 100 ლარი დაუბრუნეს, დარჩენილი 100 ლარის დაბრუნებაზე კი უარი უთხრეს.

„კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული ადამიანებისთვის სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს მთავრობის 286-ე დადგენილება ადგენს. დადგენილებაში განმარტებულია, რომ ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ უნდა დაექვემდებაროს ყადაღას და  საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

გაუგებარი იყო, რატომ ჩამოაჭრა ბანკმა დავალიანების დაფარვის მიზნით მოქალაქეებს კომპენსაცია. ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის ფინანსური დახმარებაა, ამ შემთხვევაში კი  სახელმწიფოს  დახმარება ადრესატამდე ვერ მივიდა“, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე.

ადამიანის უფლებათა  ცენტრის მხრიდან საგანგებო მიმართვის გავრცელების შემდეგ პრობლემის მოგვარების საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე ჩაერთო.

ალექსანდრე ძნელაძემ Humanrights.ge-ს რამდენიმე კითხვას უპასუხა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულმა თერთმეტმა მოქალაქემ, რომელთაც კერძო ბანკებმა სახელმწიფოს მიერ მიცემული კომპენსაცია – 200-ლარიანი დახმარება ვალში გაუქვითეს, მაშინ როცა მთავრობის დადგენილებაში მითითებულია, რომ ეს კომპენსაცია არ უნდა დაექვემდებაროს ყადაღას და საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებს. გქონდათ თუ არა თქვენ ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მიმართვის გავრცელებამდე და რამდენად მასშტაბური იყო ეს პრობლემა? მსგავსი საჩივრით თქვენს ასოციაციასაც თუ მომართეს

– საბანკო ასოციაციისთვის ასეთი საჩივრით არცერთ მოქალაქეს არ მოუმართავს.

რატომ დაიქვითა სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარება, რა იყო მიზეზი

– ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ბანკების მეშვეობით სახელმწიფოსგან დახმარება ათასობით ადამიანმა მიიღო. ასეთი შეცდომა კი ბევრი არ არის. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც მხოლოდ არასტანდარტულ საბანკო სესხებთან მიმართებაში გამოვლინდა.

როგორც გავარკვიეთ, სახელმწიფო დახმარების თანხა დავალიანებაში გაექვითათ იმ ადამიანებს, რომელთა სესხებიც უკვე პრობლემურ სესხებში იყო გადასული ან  ე.წ. ოვერდრაფტი ჰქონდათ გამოყენებული და საკრედიტო ბარათიდან სანქცირებულზე მეტი თანხა ჰქონდათ გამოტანილი.

მომხმარებლისთვის და მკითხველისთვის უფრო ადვილი მისახვედრი რომ იყოს, განვმარტავ, რა მოხდა: კორონავირუსის პანდემიამ სხვა არაერთი ბიზნესსექტორის მსგავსად საბანკო სექტორიც დააზარალა. 2020 წელი საბანკო სექტორისთვის მარტივი წელი არ იყო. ისეთი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო საბანკო ოპერაციებში, რომელთა წინასწარ გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო.

ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დავალიანებაში გამოქვითვა არის სტანდარტული ოპერაცია, რასაც ბანკი აკეთებს იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს მისი ვალი აქვს. ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული დახმარება ვალში რომ არ გაქვითულიყო, ამისთვის შეიცვალა პროგრამა და დავალიანების გამო თანხის ჩამოჭრაზე შეზღუდვა დაწესდა. მოხდა შეცდომა და ტექნიკური ხარვეზის გამო ცალკეულ შემთხვევებში და ისიც მხოლოდ არასტანდარტულ სესხებთან მიმართებაში, პროგრამამ ვერ დაინახა ეს შეზღუდვა და სახელმწიფო დახმარების თანხა ვალის დასაფარად ჩამოიჭრა.

მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა და თუ მოგვარდა, როგორ

– მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართვა გაავრცელა, ჩვენ დავუკავშირდით კომერციულ ბანკებს და ცენტრის მიერ მოწოდებული თერთმეტივე შემთხვევა ბანკებთან ინდივიდუალურად განვიხილეთ. თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბანკებს ამ შემთხვევებზე მოკვლევა ჩვენს მიმართვამდეც უკვე დაწყებული ჰქონდათ და თანხის დაბრუნების გზებს ეძებდნენ.

ასე მარტივადაც არ იყო საქმე. ამ ადამიანებმა, ვიდრე ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართავდენენ, ბანკებს მიმართეს  და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს

– უკვე ჩამოჭრილი ვალდებულების უკან დაბრუნება ტექნიკურად არ არის მარტივი პროცედურა. ბანკებს როცა დავუკავშირდით, ისინი უკვე მუშაობდნენ პრობლემის აღმოფხვრაზე. ამ დროისთვის ინციდენტი უკვე ამოწურულია – ჩამოჭრილი თანხა ყველას სრულად დაუბრუნდა.

რა კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს?

– შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული და გარანტიას, რომ მსგავსი გადაცდომა მომავალში აღარ მოხდება, ვერ მოგცემთ. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ასეთი მექანიკური შეცდომა კიდევ მოხდება, ის აუცილებლად გამოსწორდება. ამისთვის მომხმარებელმა ბანკს უნდა მიმართოს განცხადებით და განცხადებაში მიუთითოს, რომ ბანკმა მისი დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა არამიზნობრივად გამოიყენა. ასეთ შემთხვევაში ბანკი მას თანხას აუცილებლად დაუბრუნებს.

თუ ბანკის მიერ შეთავაზებული დრო და პირობები მომხმარებლისთვის მისაღები არ იქნება, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ – საბანკო ასოციაცია დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს – „უფასო იურიდიულიადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონშიშიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

წყარო