მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში გარდამავალი ეტაპია, რომელსაც ბევრი გამოწვევა ახლავს თან. მშობლის მხრიდან სწორი კომუნიკაცია მოზარდს ამ სირთულეების დაძლევაში ეხმარება.
ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ მიუდგეს საკუთარ მოზარდ შვილს და როგორ დაძლიოს მასთან კომუნიკაციის პრობლემები.
სწორედ მოზარდებთან მოლაპარაკების ტექნიკასა და მათთან დიალოგის მნიშვნელობის თემაზე გაიმართა ფსიქოლოგ მაია ცირამუას ვებინარი, სადაც მან მშობლებს კონკრეტული და პრაქტიკული რეკომენდაციები გააცნო.
„პანდემიის გამო მოზარდები მათი შინაგანი სამყაროსთვის აბსოლუტურად არათავსებად გარემოში აღმოჩნდნენ, – ამბობს მაია ცირამუა, – ისინი თვითრეალიზაციისკენ, თანატოლებისკენ ბუნებრივად მიისწრაფვიან. აქვთ სიახლეების ძიების, თავგადასავლების, ექსპერიმენტების ასაკი. ამ დროს ურთიერთობათა უკმარისობის, ანუ დეპრივაციის პირობებში ჩავარდნენ – აკლიათ კონტაქტები, ფიზიკური აქტივობა. ამ ყველაფერმა, გარდა იმისა, რომ მათ შეუქმნა პრობლემები, მშობლებსაც უამრავი კითხვა გაგვიჩინა.
გავრცელებულია სწრაფვა იმისაკენ, რომ ვიყოთ იდეალური მშობლები, არაფერი გვეშლებოდეს, საუკეთესო შვილები აღვზარდოთ. აი, ზუსტად ეს სწრაფვა იდეალურობისაკენ ხშირ შემთხვევაში ზრდის შფოთვას, დაძაბულობას, ხშირ შემთხვევაში გვიჩენს ბრალეულობის განცდას და არ გვეხმარება შვილებთან კომუნიკაციაში.
მოზარდებთან ურთიერთობის პროცესში მნიშვნელოვანია ორივე მშობლის მონაწილეობა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ დედის ტვირთი. სამწუხაროდ, ჩვენს კულტურაში ხშირად მთელი ეს ვალდებულებები ქალზეა.
კომუნიკაცია ეფექტურია, თუ ორივე მშობელი და ყველა ის ადამიანი, ვინც ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობს, შეთანხმებული იქნება საერთო წესებზე. ძალიან ხშირად ბავშვი ერთსა და იგივე ქმედებაზე იღებს რამდენიმე განსხვავებულ რეაქციას – ერთს მოსწონს, მეორე – უბრაზდება, მესამე ყურადღებას არ აქცევს და ფაქტობრივად, ბავშვი ვერ ხვდება, რას უნდა ელოდეს.
რა არის მოზარდობის ასაკი, რომელიც 12-დან 18 წლამდე პერიოდს მოიცავს? პირველ ყოვლისა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მანიფესტირებულია ყოველდღიურ ურთიერთობაში; ის, რომ ისინი გვეწინააღმდეგებიან, რადიკალურად შეიცვალენ, ჩვენთან ურთიერთობა მათთვის სასიამოვნო აღარ არის. გვაქვს ხოლმე განცდა, რომ თითქოს აღარ ვუყვარვართ. ეს ძალიან მტკივნეული ნაწილია მოზარდთან ურთიერთობის დროს.
მოზარდის მშობელი ხშირად ფიქრობს, რომ ის შვილისთვის ავტორიტეტი აღარ არის. ეს ნამდვილად ასეა. მოზარდობა არის ავტორიტეტების მსხვრევის ასაკი, ამბოხის ასაკი. იმას, რასაც ჩვენ აქამდე რუდუნებით ვასწავლიდით, ვუნერგავდით, ვაჩვენებდით ჩვენი გამოცდილებით, ამას ყველაფერს კითხვის ნიშნები დაესმება, ყველაფერი გადაიხაზება იმისათვის, რომ მან თავისი თავი იპოვოს.
ფაქტობრივად, მოზარდი გარე სამყაროს უჯანყდება. ამ აჯანყებას თავისი ნეირო-ფიზიოლოგიური პროცესები ახლავს – თავის ტვინში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება. მათი ეს ემოციური ლაბილურობა, ცვალებადობა, იმპულსურობა, მუდმივი სწრაფვა სიახლეებისაკენ, კავშირშია იმ პროცესებთან, რაც მათ თავის ტვინში ხდება. ეს არ არის მათი ახირება. ეს არის შედეგი ფიზიოლოგიური ცვლილებებისა, რაც მათ თავს ხდება.
მოზარდებს არ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, აქვთ საშინელი გაუცხოება. იცვლება სხეული – ზოგი წონაში იმატებს, ზოგი – პირიქით. ამ დროს მნიშვნელოვანია მშობლების შეფასებები მათ გარეგნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი ფაქიზი საკითხი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებს მას სოციუმი, რამდენად ინტეგრირდება ის თანატოლებთან.
მოზარდისთვის ყველაზე მძიმე პრობლემა მარტოობაა. ვერ წარმოვიდგენთ, რა ტრიალებს მათ გულებში, როდესაც ისინი თავს გრძნობენ გარიყულებად თანატოლებისგან, როცა ვერ პოულობენ მათთან საერთო ენას; როგორ ეძებენ საკუთარ თავს, საკუთარ ადგილს.
ამ ასაკში მიკუთვნებულობის განცდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაზე სახიფათო მომენტია და ამ დროს მშობლებს მეტი დაფიქრება გვჭირდება. ისინი ჩვენგან არ მიიღებენ კრიტიკას თანატოლებზე, რადგან მათთვის თანატოლები უპირობო ავტორიტეტები არიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ.
ეს ძალიან საყურადღებო საკითხია, სადაც მშობელი მარტო არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს ბევრი პოზიტიური ახალგაზრდული კულტურა.
მოზარდთან როდესაც კომუნიკაცია არის ასეთი – „მე არ მაინტერესებს, რას ფიქრობ“, „შენი აზრები შეინახე შენთვის“, „ვალდებული ხარ და გააკეთე“, – ეს არის ერთმნიშვნელოვნად ავტორიტარული დამოკიდებულება, რომელიც უგულვებელყოფს ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვან საჭიროებას – მის მოსმენას, მისი აზრის გათვალისწინებას. ფაქტობრივად, ამ ტიპის კომუნიკაციით ვპასუხობთ, რომ „შენ არავინ ხარ“, „შენ არაფერს წარმოადგენ“. ეს ძალიან დიდ ამბოხს იწვევს და მასთან ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს.
ძალიან საინტერესოა ბავშვის ქცევის ანალიზი – რა სიტუაციაში იჩენს თავს ის ქცევა, რომელსაც თქვენ პრობლემურად მიიჩნევთ. რა არის ეს სიტუაცია, რა არის ამის მაპროვოცირებელი.
ხშირად ჩვენ ემოციების მართვის პრობლემა გვაქვს. ბავშვის ქცევაზე ზედმეტად მკაცრი რეაგირება არ ამართლებს. ბავშვი ქცევით რაღაცას გვეუბნება და მშობლის ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, წაიკითხოს, რა დგას ამ ქცევის უკან.
მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ როდის გამოდის ჩემი შვილი წონასწორობიდან. ეს დაგვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა მოთხოვნას იკმაყოფილებს ბავშვი თავისი ამ ქცევით.
ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებთან ურთიერთობის დროს კომუნიკაციის ფორმა, რომელსაც პირობითად დავარქვათ – „მეც კარგი ვარ და შენც კარგი ხარ“. ეს არის პარიტეტული, თანასწორი ურთიერთობის ფორმატი. როდესაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ შენიშვნას, რჩევა-დარიგებებს, მათ ეს არ მოსწონთ; არ უყვართ ნოტაციების კითხვა, დიდაქტიკური ტონი. ინტონაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუკი ეტყვით ასე – „მე მესმის, რომ შენ ახლა ძალიან გაბრაზებული ხარ“, – ამით ბავშვს აჩვენებ, რომ შენთვის გასაგებია მისი ემოციური მდგომარეობა. ეს არის მათთან მიერთების, მათი „ფეხსაცმელების მორგების“ მდგომარეობა და ამის შემდეგ იგი შეგვყავს დიალოგში. ამ დიალოგში ხარ აბსოლუტურად ჩართული – უსმენ და მოსმენის დროს ძალიან კარგად მუშაობს, თუკი პერიფრაზირებას ახდენ, მისი საუბრით ინტერესდები. ყველაზე სწორი კომუნიკაციის ფორმა არის – „მე ვგრძნობ“, „მე ვხედვავ“, „ჩემთვის გასაგებია შენი მდგომარეობა“, „მინდა დაგეხმარო“, „მოდი, ერთად გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ“.
ძალიან რთულია მათი დიალოგში გამოწვევა. არ გველაპარაკებიან თავიანთი გასაჭირსა და ემოციურ მდგომარეობაზე იმიტომ, რომ კრიტიკის, განსჯის, ჩვენგან უარყოფის ეშინიათ. თუკი ჩვენ ვიქნებით გულწრფელები და ამ ნაბიჯებს გავყვებით, მათთან კომუნიკაცია შედგება.
შიშზე, დასჯასა და სირცხვილის განცდაზე დაფუძნებული აღზრდა ძალიან ცუდ შედეგებს გვაძლევს. თუკი მათთან კომუნიკაციაში ამ ყველაფერს თავს ავარიდებთ, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, დეპრესია კავშირშია ბავშვობაში განცდილ ძალიან მძიმე ემოციასთან. სწორი ურთიერთობა, სიყვარული, ბავშვის „მიერთება“ – ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა.
მოზარდთან ურთიერთობა ტანგოს ცეკვას წააგავს. როგორ ცეკვავ ტანგოს? შენს პარტნიორს მიჰყვები და შემდეგ შენსკენ მოგყავს. მოზარდს უნდა „მიუერთდე“, უნდა გაუგო და შემდეგ შეძლებ, შენი მიმართულებითაც წამოიყვანო“.
ვებინარი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ მიერ, პროექტის „მშობლობა პანდემიის დროს“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
მოამზადა თამთა გოგოლაძემ
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი