სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოს მოსახლეობის 20% ენდობა.

რაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობამ მაინცდამაინც კარგად არ იცის, რას საქმიანობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაც „არასამთავრობო ორგანიზაციების“ სახელითაც მოიხსენიებენ.

ევროკავშირმა 2017 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაძლიერებლად პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ დააფინანსა. ეს ოთხწლიანი პროექტი განახორციელება კონსორციუმმა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC).

 

მიღწევები და გამოწვევები

როგორ განვითარდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რა არის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები – ამ თემებზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეროვნულ ფორუმზე 28-29 იანვარს იმსჯელეს. ფორუმზე პროექტი – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შეაჯამეს.

ღონისძიებაში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, დომინიკა სკუბიდა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების, როგორც პარტნიორის, მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესში.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ვაკვირდებოდი. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენად აქტიური და მრავალფეროვანი გახდა სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით რეგიონებში,“ – აღნიშნა დომინიკა სკუბიდამ.

„ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების რაოდენობა ათი ათასამდე გაიზარდა. თუმცა აქედან რეალურად აქტიური 1 100 ორგანიზაციაა. ეს ამ სექტორის სტაბილურ განვითარებაზე მიუთითებს, – ამბობს ვაჟა სალამაძე, – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი, – არაერთი გამოწვევის წინაშე ვართ. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების წყაროები გამრავალფეროვნდეს როგორც სახელმწიფო ფონდებიდან, ისე კერძო სექტორიდან.

სახელისუფლებო შტოებიდან ყველაზე მეტ მზაობას ჩვენთან თანამშრომლობისთვის თვითმმართველობა იჩენს, რადგან მათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები ყველაზე კარგად იციან. სახელმწიფო გრანტების მიღებას რაც შეეხება, აქ სიფრთხილეა საჭირო. ასეთი დაფინანსება უნდა მიიღონ სერვისების მიმწოდებელმა და „მოაზროვნე“ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და არა „მოდარაჯეებმა“.

2020 წელს ამ პროექტის ფარგლებში 110 სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობა განხორციელდა, 80-მდე გრანტი გაიცა, რომელთა განხორციელებაშიც, საქართველოს მასშტაბით, სამოქალაქო საზოგადოების 2500-მდე წარმომადგენელი ჩაერთო.

ამ ოთხწლიანი (2017-2020) პროექტის შედეგებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბრისას ირინა ხანთაძემ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობა-გაძლიერება, რაც უნივერსიტეტებთან და სტუდენტებთან თანამშრომლობით მიიღწევა:

„სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგი იცვლება და ხშირად ვხედავთ არაფორმალურ ჯგუფებს, აქტივისტებს, თემატურ მოძრაობებს. ადამიანები ცდილობენ გაერთიანდნენ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად და ასეთი აქტივისტების მხარდაჭერა უნდა გახდეს პროფესიული სამოქალაქო საზოგადოების პრიორიტეტი“.

თამარ გერმანაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიზნესი ნელ-ნელა ითავისებს სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობას როგორც შრომითი უფლებების გაუმჯობესების, ისე გარემოზე ზრუნვის კუთხით.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია, რათა მათ მიმართ ნდობა გაიზარდოს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ.

აუცილებელია ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

იმერეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონული ჰაბების მენეჯერებმა – ნინო ხუხუამ, ლევან გობაძემ, რუსუდან ყალიჩავამ, გია ანდღულაძემ, ნანა ჩქარეულმა და მაია მამულაშვილმა რეგიონებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების როლისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და სიძლიერე არის ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი. რეგიონული ორგანიზაციები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობენ და ერთობლივი ძალისხმევით ბევრ რამეს უკეთესობისკენ ცვლიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა მათი საჭიროებები გაითვალისწინონ.

საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელორუსიდან წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ვითარების შესახებ. ყურადღება მათაც დაფინანსების სიმწირეზე, კვალიფიციური ადამიანური რესურსების სიმცირესა და სანდოობაზე გაამახვილეს.

ფორუმზე აღინიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მყოფი პარტიებისთვის, თვითმმართველობისა და პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის საუკეთესო მოკავშირე და ძლიერი პარტნიორია.

 

ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება

პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების პოპულარიზაციის კამპანია – „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობდა.

რას მოიცავს ეს სიტყვები და რა ქვეტექსტია მასში, – ამის შესახებ აქტიურ ადამიანებს გავესაუბრეთ.

ექთან ლია გიორგაძესთვის სიტყვები – „ეს ქვეყანა შენია“ ნიშნავს პროფესიონალიზმს და საკუთარ საქმეში მაქსიმალური შედეგის მიღწევას. ლიას საქმით სურს იმის დამტკიცება, რომ ეს ქვეყანა მისია და ნაკლებად ეძებს მოკავშირეებს არასამთავრობი სექტორში. ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოსახლეობა მუდმივად უარყოფითი ინფორმაციის ტყვეობაში არ უნდა ამყოფონ.

ბორითისა და ხუნევის სკოლების ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი რაგული კალანდაძე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაში მოსწავლეების ჩართულობა მათ კარგ უფლებადამცველებად და აქტიურ მოქალაქეებად ზრდის. რაგული კალანდაძე მიიჩნევს, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

„პროექტში ჩართული მოსწავლეები მდგრადი განვითარების მიზნებისკენ პატარ-პატარა ნაბიჯებს დგამენ, მოსახლეობაში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან, ზრუნავენ გარემოს დაცვაზე და სხვ. ეს ქვეყანა ჩვენია და როგორც მოვუვლით, ისეთი იქნება“, – ამბობს რაგული კალანდაძე.

ნინო კაპანაძე

ასევე დაგაინტერესებთ
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა