
საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა.
ეს ანგარიში 2020 წლის 6 თებერვლიდან პერიოდს ასახავს.
ანგარიშში განხილულია, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში 2020 წელს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, საგარეო უსაფრთხოების, მართლმსაჯულების, თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით; რა ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემების დასაძლევად.
დოკუმენტში ვრცლადაა მიმოხილული კორონავირუსი პანდემიის დროს ევროკავშირისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა.
ევროკავშირმა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად 183 მილიონი ევროს ოდენობის თანხა გრანტებად გადაამისამართა. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის საგანგებო მაკროფინანსური დახმარება გამოყო, რომლის ნაწილი 2020 წელს უკვე გადმოირიცხა.
2019 და 2020 წლებში ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა – 229 700 000 ევრო – გადამისამართდა კოროვირუსით გამოწვეული პრობლემების უკეთესი მოგვარების მიზნით სამ ძირითად სფეროში: ჯანდაცვის სექტორი, სოციალურ-ეკონომიკური აღდგენა და ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერა.
ევროკავშირის დახმარება მიმართული იქნება მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მხარდაჭერაზე კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების აღმოსაფხვრელად და მასთან ერთად განხორციელდება თანმხლები ღონისძიებები გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, სოციალურეკონომიკური აღდგენის, მიგრაციისა და ასევე ადამიანის უფლებების წინ წამოწევის სფეროებში.
ნაწილობრივ გათვალისწინებული რეკომენდაციები
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებული საარჩევნო რეფორმების პაკეტი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ნაწილობრივ ითვალისწინებდა.
კერძოდ, რეკომენდაციები ამომრჩეველთა დაშინების, დავების გადაწყვეტასა და კომისიების შემადგენლობასთან დაკავშირებით არ იყო სრულად გათვალისწინებული.
იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა.
მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით. საზოგადოების ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კვლავ დაბალია. 30 სექტემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ისე დაამტკიცა, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის შესაბამის მოსაზრებას და სრულად არ მოაგვარა ამ პროცესში არსებული ხარვეზები.
ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პასუხისმგებლობა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობაზე იუსტიციის სამინისტროდან გადავიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, რამაც კანონმდებლობის რეფორმის გატარებაში დამატებითი შეფერხება გამოიწვია. საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური შემოწირულობები შეშფოთებას იწვევს სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის თვალსაზრისით.
2020 წელს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმას მნიშვნელოვანი პროგრესი არ განუცდია. სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის მანდატს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ავრცელებს, წარედგინა პარლამენტს, თუმცა მას 2020 წლის ბოლოდროინდელი მონაცემებით კენჭი არ ეყარა.
მედიაგარემო, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული. საქართველომ 2020 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი შეინარჩუნა და 180 ქვეყნიდან 60-ე ადგილზეა. თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი ოდნავ შემცირდა და საერთო „თავისუფლების ქულა“ 61-ია, ხოლო 2019 წელს მაჩვენებელი 63 იყო.
რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, გენდერული მგრძნობელობის მიმართ ყურადღება გამახვილდა და დაწესდა გენდერული კვოტები ადგილობრივი და ეროვნული არჩევნებისათვის. თუმცა, ამჟამად პარლამენტში 150 არჩეული დეპუტატიდან 31 ქალია.
არ დასრულებულა ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია. ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი სახელმწიფო დაწესებულება, სადაც მძიმე და სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაახლოებით 80 ბავშვი ცხოვრობს. მთავრობამ შეიმუშავა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სერვისი და ორი ასეთი დაწესებულება აამოქმედა. გაძლიერდა რთული შეზღუდული შესაძლებლობებისა და საჭიროებების მქონე ბავშვთა მშვილებელ აღმზრდელებთან სპეციალიზებული მომსახურების მექანიზმები.
900-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს 38 არარეგულირებულ დაწესებულებაში, ძირითადად პანსიონატებში, რომელთაც აფინანსებენ და მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მუსლიმთა თემები. პანდემიამ ხელი შეუშალა დეინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება