„სულაკაურის“ გამომცემლობის მიერ 2018 წელს დაიბეჭდა ნეფერტარის ფსევდონიმით სათავგადასავლო წიგნი „ბედუინი“, რომელმაც მალე მკითხველი საზოგადოების მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.

2019 წელს კი „ბედუინი“პრემია „საბას“ ნომინანტი გახდა. ფსევდონიმ ნეფერტარის მიღმა მწერალი ნინო ჭიპაშვილი დგას. ის წარმოშობით ხარაგაულელია და ბავშვობაც აქ აქვს გატარებული. მას ხარაგაულთან დიდი სითბო, სიყვარული  და ბევრი მოგონება აკავშირებს. ამჟამად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია. ცდილობს, სტუდენტებს სალექციო კურსის მიღმა ის სითბო, ზრდილობა და გულისხმიერება ასწავლოს , რომელიც მას ხარაგაულიდან გაჰყვა.

-ბავშვობა ხარაგაულში გაქვთ გატარებული. მითხარით რა როლი ითამაშა ხარაგაულმა და ხარაგაულელებმა თქვენს ცხოვრებაში?

-დიახ, მე ხარაგაულში გავიზარდე, ენაც მანდ ამოვიდგი და ფეხიც მანდ ავიდგი. ეს საუკეთესო და დაუვიწყარი ხანაა. დედაჩემი მოსკოვში სწავლობდა, მამა თბილისში. ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, სტუდენტები.  ჩემი გაზრდა-აღზრდა მამის მშობლებმა ითავეს. ბაბუაჩემი, ვარული ჭიპაშვილი, მაშინ „რაიკავშირში“ მუშაობდა, ბებო დიასახლისი და ხელსაქმის დიდოსტატი იყო. თხრობას ბაბუმ მიმაჩვია. მუდმივად მიკითხავდა საბავშვო წიგნებს.

მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი ხარაგაულის კულტურის სახლში სპექტაკლზე „მირანგულა“. კულტურის სახლის ეზო ხომ ჩემი სანავარდო ადგილი იყო. ასევე მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი ხარაგაულის კინოთეატრში. გედებიც პირველად მანდ ვნახე ადგილობრივ პარკში. მანდვე გავიგე პირველად რა იყო მდინარე და ის დღეც მახსოვს,  როცა ჯიხველა მიჩვენეს და ჩხერიმელაზე წამიყვანეს.

ხარაგაულში ვისწავლე, როგორია ადამიანური სითბო, კეთილი სიტყვის ფასი. ყველა რაღაცას მასწავლიდა,  მეზობლები, ოჯახის ნაცნობები,  რომლებიც სტუმრობისას ან კულტურის პარკში სეირნობისას გვხდებოდნენ… ზოგი კარგ სალამს და გულითად მოკითხვას, სითბოს გამოხატვას, ზოგი სათნოებას და თავდაჭერას, ზოგი მადლიერებას მასწავლიდა. საოცარი ხალხი… ზრდილები, დახვეწილები, კეთილები და თბილები. ცრემლებამდე მენატრება და მიყვარს იქაურობა.

-გაიხსნეთ ის ადამიანები, რომლებიც გაკავშირებთ და გაკავშირებდათ ხარაგაულთან?

-ყველაზე ნათელი მეხსიერებით მეზობლები მახსოვს, მათი ულევი სითბო დღემდე მომყვება. ბატონი ომარ გაბუნია, მისი და – ლუარა, მათი მშობლები ევა და მიშა გაბუნიები, ქალბატონი რიმა,  გოგი და ვენერა სახვაძეები, მათი მშვენიერი ქალიშვილი მარინა, ქალბატონი თინა დევდარიანი, ქალბატონი ქეთევან სახვაძე – მაშინდელი ადგილობრივი გაზეთის მთავარი რედაქტორი.  მახსოვს გაზეთშიც დაბეჭდეს ჩემი ფოტო ტელეფონით ხელში, როცა დედას მოსკოვში ველაპარაკებოდი. ყველა გულში მყავს. არავინ დამვიწყებია.

-მწერლები თავიანთ შემოქმედებაში ბავშვობის მოგონებებსაც ასახავენ ხოლმე. თქვენი ადრეული ბავშვობა ხარაგაულთან არის დაკავშირებული. სამომავლოდ ხომ არ ფიქრობთ  ისეთი ნაწარმოების დაწერას, რომელიც თქვენი ბავშვობის მოგონებებით იქნება ნაკარნახევი?

-ოო, ბავშვობის მოგონებები  საინტერესო რომ  იყოს მკითხველისთვის, ხალხის გულში ნათელი კვალი და განსაკუთრებული სითბო უნდა დატოვო, ძალიან სახელოვანი უნდა იყო, მართალი ადამიანი, სუფთა წარსულით და დიდი ავტორიტეტით. ვფიქრობ მის დაწერამდე ძალიან შორია.

-ქალბატონო ნინო, მიამბეთ თქვენი ცხოვრების შესახებ, როგორ განვითარდა ის ბავშვობის შემდეგ?

-მშობლემა სწავლა რომ დაასრულეს, ცხადია მათთან აღმოჩვნდი თბილისში.  სკოლა წარჩინებით დავამთავრე,  ორი უმაღლესი განათლება მივიღე, ერთი ტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინრის – წარჩინების დიპლომით, მეორე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – იურისტის, ისიც  წარჩინების დიპლომით, მერე კი მოგვიანებით დოქტორანტურა.  მქონდა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები ქვეყნის წამყვან ბანკებში.

ამჟამად სამართლის დოქტორი და რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ჩემი სამეცნიერო ნამუშევარი ახლახანს, მაღალი ციტირების ინდექსით აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარებში, რაც დიდი აღიარებაა. სტუდენტებთან ვმუშაობ, ვცდილობ  სალექციო კურსის მიღმა,  ის სითბო, გულისხმიერება და ზრდილობა ვასწავლო, რაც ხარგაულიდან გამომყვა, პირად მაგალითზე ძლიერი თვალსაჩინოება არაფერია.

-როგორ მიხვედით „ბედუინის“ შექმნამდე?

-რომანი „ბედუინი“ მხატვრული პროზაა და სათავგადასავლო ჟანრში ქართულ პროზაში პიონერია. ეგვიპტეში ტურისტის საგზურით ვიყავი 2011 წლის თებერვალში. მოსეს მთაზე მიმავალ ტურისტულ ჯგუფს გავყევი, დილის 4 საათამდე ფეხით უნდა ავსულიყავით „ჯაბალ მუსაზე“, ანუ მოსეს მთაზე, სადაც 10 მცნება მისცა მოსეს ღმერთმა. მზის ამოსვლას მთის წვერზე უნდა შევხვედროდით. ბნელი ღამე იყო და  ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ტურისტულ ჯგუფს გვარიანად ჩამოვრჩი. კლდეზე ღამისთევას ვარჩიე, ეკატერინეს ტაძართან მოვბრუნებულიყავი და დილამდე იქ შემეფარებინა თავი. პატარა ელექტროფანრის შუქზე მონასტრამდე წვალებით მივაღწიე. ეზო ღია იყო, მაგრამ ტაძარი დაკეტილი. თბილად მეცვა, მაგრამ ღამე ისე ყინავდა, ძალიან შემცივდა. ეზოში ზეთისხილის ვეებერთელა ათასწლოვან ხესთან მოვეწყე. ფანარი მალევე ჩაქრა და სრულ წყვდიადში აღმოვჩნდი მარტოდმარტო, ბნელ და უმთვარო ღამეში. მაშინ მივხვდი რა იყო „ეგვიპტური წკვარამი“. აი, მაშინ გამიჩნდა კითხვა: ახლა რომ დავიკარგო, რა უნდა ვქნა?… ვიცოდი, დილით ხალხით გაივსებოდა იქაურობა, მაგრამ ის 5 საათი ძალიან გამიჭირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა გამომეცალა და ბნელ კოსმოსში ვიყავი გამოკიდებული.

გამთენიას კლდეების გამოქვაბულებში არაბული ზეთის ლამპრები აინთო და ამოვისუნთქე, ბედუინები იღვიძებდნენ. იქ დღისით ძალიან ცხელა, ბედუინები ადრიანად დგებიან და მანამ მუშაობენ, სანამ მზე ამოვა და სასტიკად დაცხება. გათენებამდე ერთი საათი კიდევ იყო. მზის ამოსვლას ველოდი, როგორც კი ამომავალი მზე დავინახე, გულწრფელად წამომცდა … „დაე, მუდამ იყოს მზე! ” … დილის 9 საათზე ჩემი კლდეზე სიარულით გატანჯული ტურისტული ჯგუფიც გამოჩნდა და ტაძარიც გაიღო. ყველა შევგროვდით მაყვლის იმ ბუჩქთან, ზედ მოდებული ცეცხლის სახით რომ ელაპარაკებოდა ღმერთი ბიბლიურ მოსეს. გვიხაროდა, რომ ყველამ ჩვენებურად გავიარეთ დიდი გამოცდა იმ ღამით… ერთადერთი გაბრაზებული კაცი, ჩვენი მეგზური, ბედუინი მუჰამედი იყო, რომელიც მართლაც უკიდებდა ენას და მეჩხუბებოდა: „მაცალე ნილნა, რა დღეში უნდა ჩაგაგდო, როგორ შემაშინე რომ დაიკარგეო…“ – ასე იყო ეგ ამბავი.

-ნაწარმოებიდან იგრძნობა, თქვენი, როგორც ავტორის განსაკუთრებული დამოკიდებულება ეგვიპტისადმი. როგორც ვიცი, იქ ხშირად მოგზაურობდით. გთხოვთ, გაიხსენეთ რომელიმე თქვენს თავს გადახდენილი რეალური ამბავი, რომელმაც ნაწარმოებშიც ჰპოვა ასახვა?

-ეგვიპტე უამრავი ადამიანის გასაკუთრებული ინტერესია. მე გამიმართლა, რადგან ჩემს მეგობარს, ტურისტული კომპანია აქვს. მისი წყალობით რამდენჯერმე ვიყავი სწორედ ეგვიპტეში. არც ერთი სხვა ქვეყანა ისე არ მაინტრესებდა, როგორც ეგვიპტე. ყველა ჩემი წარმოდგენა მთლიანად გამართლდა. რა არის რეალური ჩემს რომანში? პირველ რიგში სამი ადამიანი – მუჰამედი – ტურსტული გიდი, ვახო, რომელიც ნამდვილად ჩემი მეგობარია, ხოლო  რაც რომანში მასზე წერია სინამდვილეა, საქართველოს ელჩი ეგვიპტეში, რომელიც ჩემი ახლო ნათესავი იყო და სამი წლის წინ გარდაიცვალა. რასაც ისინი გვიამბობენ წიგნში, ცხადია, სიმართლეა.

ასევე ერთი ეპიზოდი უკავშირდება ჩემს ლიტერატურულ ფსევდონიმს „ნეფერტარი“.  კარნაკში ვიყავი „ ამონ-რას“ ანუ მზის ტაძარში. იქ ერთი ბედუინი მოხუცი ქალი არაფრით არ მომშორდა, ხელი ჩამკიდა და ერთ ნიშაში შემიყვანა, ხელით კედლის ფრესკას მიჩვენებდა და მიმეორებდა – ნეფერტარი, ნეფერტარი… რამდენჯერმე ფრესკას შეეხო, მერე მე დამადო გულზე ხელი… ცოტა არ იყოს შევშინდი, მაგრამ მივხვდი, რომ ავი განზრახვა არ ჰონდა და არც ფულით იყო დაინტერესებული. იქედან გამოსულს საყურე მაჩუქა, ზედ ჰორის თვალები იყო ამოტვიფრული, რომლებიც მზეს და მთვარეს ნიშნავს. აქეთ დამასაჩუქრა. ასე გაჩნდა ჩემი ფსევდონიმი.

-მთავარი პერსონაჟი ნილნა, ჩემი, როგორც მკითხველის აზრით, ცხოვრებაში დაკარგული ადამიანია. ყოველთვის აღწევენ მიზანს ასეთი ადამიანები, თუ ეს მხოლოდ თქვენი სურვილია?

-მთავარი პერსონაჟი ნილნა, რომელსაც მოულოდნელად დაატყდა თავს წიგნში აღწერილი მოვლენები, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისშია. ამ წიგნის წერას კონკრეტული მიზანი ჰქონდა და სათავგადასავლო ჟანრი ავირჩიე. მასში ჩანს, რომ ცოდნა ის ძალაა, რომელსაც კრიტიკულ ვითარებაში შეუძლია გადაგარჩინოს, დაკარგულს გზა გაპოვნინოს და შინ დაგაბრუნოს, რომ სკოლაში, ასტრონომიის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები მოსაბეზრებელი კი არაა, არამედ გზის გაგნებაში და სირთულის დაძლევაში გეხმარება; გასწავლის, რომ მიუხედავად საფრთხისა, უნდა იბრძოლო გადარჩენისა და სიცოცხლისთვის. ამ ბრძოლაში კი ცოდნაა მთავარი იარაღი. მიზანს  ის ადამიანი მიაღწევს, ვისაც აქვს ცოდნა და იცის მიზნამდე მისასვლელი გზა.

-2019 წელს პრემია „საბას“ ნომინანტი იყავით, რას ნიშნავდა ეს თქვენთვის, როგორც დამწყები მწერლისათვის?

-სიხარულს და პასუხისმგებლობას ერთდროულად.  ჩემი სუბიექტური აზრით, წიგნმა, ემოციის გარდა, ნამდვილი შეგრძნებები და ცოდნა უნდა დაგიტოვოს. ეს ამ რომანმა შეძლო. ვფიქრობ, ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ სწორედ ამით გამოარჩია.  ხალხმა კი ძალიან შეიყვარა.

-გაგვაცანით თქვენი შემოქმედებითი გეგმები.

-ამჟამად ვწერ ერთდროულად ორს წიგნს. ერთი ისევ სათავგადასავლო ჟანრია, მეორე კი ისტორიული დრამა, რომელიც ძველ ეგვიპტეს უკავშირდება. ვცდილობ, ორივე საუკეთესო გამოვიდეს,  რადგან ჯერ მე უნდა მომეწონოს და შემდეგ კი გამომცემლობას. წერისთვის ცოტა დრო მაქვს, რადგან უნივერსიტეტში ძალიან დაკავებული ვარ გონებრივი სამუშაოთი. თუმცა წერას ვაგრძელებ.

-აპირებთ თუ არა დაუბრუნდეთ თქვენს ფესვებს და აღადგინოთ კავშირი ხარაგაულთან?

-მამაჩემი, ბონდო ჭიპაშვილი რომ გარდაიცვალა, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მის დაკრძალვაზე მთელი ხარაგაული ჩამოვიდა თბილისში.  იმდენი ადამიანი მოვიდა მის გასაცილებლად, ეზო და ქუჩები ხალხს ვეღარ იტევდა. ეს დაუვიწყარი პატივისცემა იყო. მიუხედავად ჩემი მწუხარებისა, საოცარი მადლიერებით ვიყავი სავსე ამ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ასეთი პატივი დაგვდეს.

ვგრძნობ, რომ ხარაგაული საუკეთესო ადგილია იმისთვის,  რომ მშვიდად შევქმნა ახალი ნაწარმოებები. ვწერო განსაკუთრებულად ლამაზი  და შემეცნებითი მხატვრული პროზა. ხარაგაულთან კავშირის აღდგენა ჩემი ოცნებაა, რომელიც თან მეახლოვება და თან მეშორება. ეს არის სახელი, რომელიც მუდამ პოულობს ჩემს გულში გამოძახილს და როცა დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე გამივლია, ყოველთვის თვალი დამრჩენია იმ პატარა გადასახვევზე, რომელიც ჩემი მიწიერი სამოთხისკენ მიმავალი გზაა და ხარაგაული ჰქვია.

ლიკა ხიჯაკაძე