
ჯანდაცვის სამინისტროსგან შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ერონული გეგმა დამტკიცებულია.
იმუნიზაციის პროგრამის მიხედვით, წლის ბოლომდე 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. პირველ ეტაპზე ანუ მარტიდან აიცრება სამედიცინო პერსონალი, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეები.
შემდეგ ეტაპზე ვაქცინას 65-74 წლის ასაკის მოქალაქეები მიიღებენ, შემდეგ – 55-64 წლის ასაკის. ამის შემდეგ კი მოსახლეობის სხვა ასაკობრივი ჯგუფები აიცრებიან.
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მიმართ მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია.
ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე ასაცრელი ჯგუფები ფაიზერის ვაქცინით აიცრებიან.
„მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, ასტრაზენეკას ვაქცინით მოხდება, – ამბობს აკაკი ზოიძე, – შესაძლოა, მანამდე სხვა ვაქცინამაც მიიღოს ავტორიზაცია. ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და სხვა საიმედო მარეგულირებლიდან იქნება ნებადართული.
ფაიზერის ვაქცინა არის ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული. ამ ეტაპზე ორიენტაცია ფაიზერზე და ასტრაზენეკას ვაქცინაზე გვაქვს.
ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ დავასრულოთ პანდემიასთან დაკავშირებული სულისშემხუთველი შეზღუდვები, არის ვაქცინაცია.
ერთადერთი რეალური გზა არის, რომ მოსახლეობის 60-70%-მა აიცრას.
სამწუხაროდ, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 50% ფიქრობს და არ აქვს გადაწყვეტილი, აიცრის თუ არა. ეს ძალიან მაღალი ციფრია. იმედი მაქვს, დავარწმუნებთ მოქალაქეებს, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ შეზღუდვების პირობებში მოგვიწევს ცხოვრება. ზაფხულზე ინფექციის გავრცელების რისკმა, შესაძლოა, დაიწიოს, მაგრამ ახალი შტამის გავრცელების საფრთხეც გაიზრდება. ამიტომ, ვაქცინაციას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ანტივაქცინური მოძრაობა გააქტიურებულია და ძირითად არგუმენტად მოაქვთ, რომ 10-15 წელი სჭირდება ვაქცინის განვითარებასო. დღეს ბიოტექნოლოგიები იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ერთ წელში მივიღეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც გამოცდის ყველა ფაზა გაიარა და 56 მილიონი ადამიანი უკვე აცრილია. მილიონ ადამიანში სამს დაუდგინა ალერგია.
აბსურდია ის, რომ ვაქცინაციიდან 15 წლის შემდეგ რაღაც გვემუქრება. დღეს ყველაზე დიდი რისკის ქვეშ 65-75 წლის ქრონიკულად დაავადებულები არიან, რომელთაგან კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ 100-დან 15 პირი იღუპება და ეს ძალიან დიდი ციფრია.
ვერანაირი თეორიული რისკები ვერ გადაწონის იმ სარგებელს, რაც შეიძლება ვაქცინამ მოგვიტანოს“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ვაქცინაციით საქართველო კოვიდისგან თავისუფალი ქვეყანა უნდა გახდეს – თენგიზ ვერულავა
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება