„100 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე აიცრა კოვიდ-19-ის ვაქცინით მსოფლიოში და ამ 100 მილიონის და მანამდე კლინიკურ კვლევებში მონაწილე ასობით ათასი ადამიანის ვაქცინაციის შედეგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინები მუშაობენ, – წერს სოციალურ ქსელში აკაკი ზოიძე, ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში – თან იმაზე უკეთ, ვიდრე ელოდა სამეცნიერო და სამედიცინო სამყარო და ვიდრე ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია მედიით, ან მით უმეტეს სოციალური მედიით და ეს უნდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ.

აღმოჩნდა, რომ დღეისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის/ან სანდო ეროვნული მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული სამივე ვაქცინა (პფაიზერი, მოდერნა, და ასტრა-ზენეკა) და დამატებით ჯონსონ და ჯონსონის და ნოვოვაქსის ვაქცინები, რომელთაც ახლახან გამოაქვეყნეს ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევის შედეგები, – 100 პროცენტით (!) გვაცილებენ თავიდან კოვიდ-19-ის შედეგად სიკვდილს და რადიკალურად ამცირებენ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, თუ ვაქცინირებულ ადამიანს მაინც განუვითარდა დაავადება, მათ შორის ახალი, „ინგლისური“, თუ „სამხრეთაფრიკული“ შტამით გამოწვეული.

ამასთან, ვაქცინაციის შედეგად გართულებები რჩება ძალიან იშვიათი (მაგ. მწვავე ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი 1-დან 6-მდე შემთხევევა ყოველ მილიონ აცრილზე) და არაფატალური, – ანუ ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული გართულებით ასევე არ დაფიქსირებულა სიკვდილი, ან ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა.

ეს ნიშნავს, რომ ამ ვაქცინების სახით კაცობრიობის ხელში დღეს არსებობს „იარაღი“, რომელიც კოვიდ-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ვირუსი უაღრესად საშიში და პოტენციურად მომაკვდინებელი პანდემიური გამომწვევის კატეგორიიდან გადაყავს „ჩვეულებრივი“ ვირუსული დაავადების გამომწვევი დანარჩენი ოთხი კორონავირუსის კატეგორიაში, ანუ იმ კორონავირუსების, რომელთანაც კაცობრიობა თანაცხოვრობს უკვე ათეული წლებია“, – წერს აკაკი ზოიძე.

ამავე თემაზე

სულისშემხუთველი შეზღუდვებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია