ცნობილი ქართველი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლუხუმ ჭანტურია ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა.

„თუკი რაიმე კარგია ჩემში – კულტურა, აღზრდა, ზრდილობა, განათლება, – ძირითადად, ყველაფერი ხარაგაულში შევითვისე“, – ამბობს ის.

ხარაგაულის #1 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო. აქ დაამთავრა დოქტორანტურაც. სწავლობდა მიუნხენის, მადრიდის, გრაცის უნივერსიტეტებში. ცოდნის გაღრმავებამ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მისცა. მიუხედავად მიღებული გამოცდილებისა, სწავლას არც ახლა წყვეტს. მიაჩნია, რომ სამედიცინო განათლება უწყვეტი უნდა იყოს.

„სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ. ჩემი ბევრი პედაგოგი ახლაც ასწავლის. მე მათი ძალიან მადლიერი ვარ იმიტომ, რომ ის წარმატებები, რაც დღეს მაქვს, სწორედ მათი დამსახურებაა. ხარაგაულში კარგი ზოგადი განათლება მივიღე“.

ლუხუმი ჭანტურია ამჟამად კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის ილინოისის შტატისა და ევროპის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ასოციაციების ბორდის წევრია. ორი უნივერსიტეტის სრული პროფესორია. სამედიცინო აკადემიაში ლექციებს კითხულობს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჰყავს დოქტორანტები. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიჰყავს რეზიდენტების პროგრამის მოდულები.

„კლინიკიდან რომ პაციენტი გამოჯანმრთელებული მიდის, ამაზე კარგი შეგრძნება არაფერია. ეს უდიდესი კომპენსაცია ექიმისთვის და  სამედიცინო სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელისთვის. პაციენტის მხრიდან მადლიერი შემოხედვაც კი დიდი ბედნიერებაა.

საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ხარაგაულელი პაციენტებიც მყავს ხოლმე. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ბევრს ვახსოვარ და მენდობიან. სამწუხაროა იმიტომ, რომ მათი რიცხვი დიდია. ყველა პაციენტს სათანადო ყურადღებას ვაქცევ, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი რაიონიდან მოდის“.

ხარაგაულს დიდი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. ბევრი სიხარული, ტკივილი და მოგონება აკავშირებს მასთან. დედა – გულნაზი ვეფხვაძე ხარაგაულიდანაა, მამა – გიორგი ჭანტურია ათი წლის წინ გარდაიცვალა. ხარაგაულში ბევრი მეგობარი და ახლობელი ჰყავს. სწორედ ამიტომ ყოველ შესაძლებლობას იყენებს, რომ აქ ჩამოვიდეს.

– „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველს და ყველა ხარაგაულელს ჯანმრთელობასა და გამძლეობას ვუსურვებ, – ამბობს ლუხუმი ჭანტურია, – ჩვენ, ქართველებს შრომასა და გარჯაზე მეტად, საუბარი  გვიყვარს. შრომა კი აუცილებელია იმისთვის, რომ პერსპექტივების დანახვა შევძლოთ.

ძალიან ცუდია, რომ ჩვენ მომავალ ცხოვრებას ვერ ვგეგმავთ, რადგან ქვეყანაში არასტაბილური გარემოა. გისურვებთ ისეთ სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ჩვენი ცხოვრების თუნდაც ერთ, ან ორ წელს შედეგიანად დავგეგმავთ. ეს ბევრ სიკეთეს მოიტანდა“.

ლიკა ხიჯაკაძე