ბოლო ორი წელია, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში დაგეგმილი თანხა ამ დარგის განვითარებაზე არ დახარჯულა.

2019 წელს დაგეგმილი 10 ათასი ლარიდან 9 ათასი ლარი წლის ბოლოს „ხარაგაულდასუფთავებას“ „სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად“ გადაერიცხა. გასულ წელს კი 20 ათასი ლარი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეკვესტრში მოჰყვა.

რა ბედი ელის წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განსაზღვრულ 20 ათას ლარს, ამაზე ხარაგაულის მერიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ გეგმა და პროექტი არც ადგილზე შეუმუშავებია ვინმეს და ინიციატივა არც მოსახლეობიდან წამოსულა. მისი თქმით, მერია საზოგადოებისთვის საჭირო პროექტს მხარს დაუჭერს.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე მიიჩნევს, რომ 20 ათასი ლარი ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის „ზღვაში წვეთია“.

„ხარაგაული მთაგორიანია. აქ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მიწის მცირე ნაკვეთებს ფლობს, – ამბობს იუზა კელენჯერიძე, – ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან შემოთავაზებულ პროექტებში ვერ ვერთვებით – ითხოვენ, რომ ფერმერი 5 ჰა მიწას მაინც უნდა ფლობდეს.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ გასცეთო. მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარ ბედს თავად უნდა წყვეტდეს. ბიუჯეტის 2% მაინც სოფლის მეურნეობის განვითარებისას უნდა მოხმარდეს. 150-200 ათასი ლარი უნდა გავითვალისწინოთ, თუ რომელიმე დარგის განვითარება გვინდა.

ხარაგაული მევენახეობის განვითარებისთვის უნიკალურია. აქ შამპანური ღვინოს წარმოება ძალიან მომგებიანი იქნება. ამისთვის კი, პირველ რიგში, ნერგები უნდა გვქონდეს.

ხარისხიანი საძირე, რაზეც კულტურული კვირტი უნდა დავამყნოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძნელად საშოვნელია. რამდენჯერმე შევიძინე, უხარიხო გამოდგა და ვიზარალე. ჯიღაურას სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელს დავუკავშირდი და ხარისხიან საძირეებს დამპირდა. ის 20 ათასი ლარი იქნებ ამ მიმართულებით გამოვიყენოთ.

მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, რომელიც ხარაგაულში სოფლის მეურნეობის გაძლიერებას მხარს უჭერს. სამწუხაროდ, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება არ არის“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური აპირებს, რომ მერიაში რომელიმე დარგის დასაფინანსებლად პროექტი წარადგინოს, თუმცა, კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არც მათ აქვთ.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხარაგაულის ბიუჯეტში 2017 და 2018 წლებში 10-10 ათასი ლარი იყო დაგეგმილი. 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით ცხოველთა ხელოვნური განაყოფირების პროექტი 5 800-5800 ლარი დაფინანსდა. სამწუხაროდ, ეს პროექტი 2019 და 2020 წლებში ვეღარ განხორციელდა.

ნინო კაპანაძე