ხარაგაულში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული დარგის, მესაქონლეობის, განვითარება პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების დანერგვაზეა დამოკიდებული.

მესამე წელია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 5 800 ლარით პირუტყვთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის განსახორციელებლად ფინანსდება.

2017 წელს ბიუჯეტიდან მიღებული თანხით ჯანდაცვის ცენტრმა სპეციალური მაცივარი, საჭირო ინსტრუმენტები და ბიოლოგიური მასალა შეიძინა. ვეტერინარის სოფლებში გადაადგილებისთვის საჭირო საწვავის თანხა და საქმიანობის თანადაფინანსება პროექტით გათვალისწინებულია.

2017 წლის ივლისიდან პროგრამაში ჩართულმა ვეტერინარმა ერთი წლის განმავლობაში ხელოვნური განაყოფიერება 51 ფურს ჩაუტარა. ადგილობრივი ფერმერები პროექტით თანდათან ინტერესდებოდნენ.

2018 წლის აგვისტოდან ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა ხარაგაულში შეჩერდა, რადგან ვეტერინარმა, ოჯახური პრობლემების გამო, პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ახალი ვეტერინარის მოძებნას და შემდეგ მის დატრენინგებას დრო დასჭირდა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ერთმა ვეტერინარმა, რომლის გადამზადებაში 600 ლარი გადაიხადეს, წელს პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

შმაგი ხიჯაკაძე მიიჩნევს, რომ პროექტს სხვაგვარი ადმინისტრირება სჭირდებოდა. ის უახლოეს ხანში ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ამ პროგრამის განხორციელება აღარ დაევალოს.

ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის ავტორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვეტერინარი ნათია ბერაძე ამბობს, რომ პირუტყვის ჯიშის გაუმჯობესების საჭიროება მოსახლეობის წინაშე ნამდვილად დგას. მისი ინფორმაციით, ხარაგაულელი ფერმერები პირუტყვის ხელოვნური გნაყოფიერებისთვის სპეციალისტებს ზესტაფონიდან იწვევენ.

ვეტერინარი ნათია ბერაძე თვლის, რომ ხარაგაულის თვითმმართველობამ სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და ამ პროგრამის გაგრძელებაზე უნდა იზრუნოს.

ნინო კაპანაძე