გასული წლის შემოდგომაზე დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ხარაგაულში, ფუტკრის ოჯახების 60-70% განადგურდა.

ამის მიზეზად ხარაგაულელი მეფუტკრეების ნაწილი ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას მიიჩნევს, ნაწილი – ტკიპა ვაროას.

მეფუტკრეები ლაშა გურგენიძე, ბადრი ხიჯაკაძე და თემურ გამცემლიძე მიიჩნევენ, რომ ამ ტკიპის გაჩენა სწორედ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლის შედეგია. თერმულმა ნისლმა გაანადგურა მოღალე ფუტკარი, რომელსაც სკიდან ტკიპა გააქვს.

„ვებრძვით ფაროსანას, მაგრამ ფუტკარის ოჯახები განადგურდა, – ამბობს ლაშა გურგენიძე, – მარტის ბოლოს ფუტკრის 30% თუ მაინც გადამირჩა, ეს ღვთის საჩუქარი იქნება. მეფუტკრეებს მეტი მობილიზება და ერთობა გვმართებდა, რომ ამ დღეში არ ჩავვარდნილიყავით“.

კოოპერატივის „თაფლი მარგებელი“ თავმჯდომარე ზვიად ორჯონიკიძე კლიმატის ცვლილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ტკიპას საწინააღმდეგო წამლობა არაეფექტური აღმოჩნდა.

ხარაგაულელი მეფუტკრეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ახლა, პანდემიის პირობებში, მეტი სიახლე და დახმარება სჭირდებათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ნათია ბერაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, გასული წლის შემოდგომაზე სამინისტროს წარმომადგენელი ხარაგაულელ მეფუტკრეებს შეხვდა.

„შეხვედრაზე მყოფმა მეფუტკრეებმა აღნიშნეს, რომ ტკიპამ ფუტკარი გაუნადგურა. სამინისტროს ინფორმაცია მეც მივაწოდე, – ამბობს ნათია ბერაძე, – ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის წინ მოსახლეობას ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიდიოდა, მოსალოდნელი შეწამვლის თაობაზე მოსახლეობას რწმუნებულებიც აფრთხილებდნენ. გაიცა რეკომენდაცია, რომ შეწამვლისას საფუტკრე ან დაეკეტათ, ან ფუტკარი სხვაგან წაეყვანათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თერმული ნისლი ფუტკარს ვნებს“.

მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანი ფუტკრის განადგურების მთავარ მიზეზად ტკიპა ვაროას მიიჩნევს.

„ეს ტკიპა წამლების მიმართ რეზისტენტული გახდა და ამიტომ ამ დრომდე არსებული ტკიპის საწინაააღმდეგო წამლები ნაკლებეფექტურია, – ამბობს ზურაბ მაჭავარიანი, – პირადად მე ფუტკრის ოჯახების  7% გამინადგურდა.

ვეთანხმები იმ მეფუტკრეებსაც, რომლებიც ფუტკრის განადგურების მიზეზად ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობას ასახელებენ, მაგრამ პირველი მიზეზი მაინც ტკიპა ვაროას მუტაციებია.

მოკლედ გეტყვით, რა შეიძლება გააკეთოს მეფუტკრემ: -გაზაფხულზე სამამლე ხაფანგები უნდა გამოვიყენოთ. სამამლე ხაფანგი ნიშნავს იმას, რომ ჩარჩოზე ფუტკარს მთლიანად სამამლე ფიჭას ვაშენებინებთ, რადგან ტკიპა, პირველ რიგში, სამამლე უჯრედებს ეტანება. როგორც კი ფიჭა ტკიპით გადაიბეჭდება, მაშინვე ვჭრით და ვანადგურებთ. ეს არის ზოოტექნიკური მეთოდი.

რაც შეეხება ქიმიურ წამლებს, ეს უნდა შევზღუდოთ ისე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში მოხდა. ორგანული მჟავების გამოყენებაზე უნდა გადავიდეთ. ეს ფუტკრის ჯანმრთელობას არ აზიანებს და ქიმიური წამლებისგან განსხვავებით, არც თაფლში რჩება.

ტკიპებთან საბრძოლველად საუკეთესო მეთოდია უბარტყო პერიოდის შექმნა. ამ დროს ჩვენ დედის იზოლაციას ვახდენთ განემანის ბადიანი გალიით. 24 დღის განმავლობაში, როცა დედა ფუტკარი იზოლაციაშია, ყველა ტკიპა ფუტკარზე ამოდის. ამის შემდეგ ტკიპას ორგანულ მჟავას დავასხურებთ. ჯერჯერობით, ტკიპასთან ბრძოლის უკეთესი გზა არ არსებობს“.

ნინო კაპანაძე