შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის „ღია კარის დღეებს“ დისტანციურად ატარებს.

ონლაინშეხვედრები  Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით მიმდინარეობს და ამ პროგრამისთვის საჭირო ბმულს მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია აწვდის.

ონლაინ ღია კარის დღეზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ საუბრობენ. მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა ეძლევათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიიღონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისაგან.

გთავაზობთ ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონისა და ჭიათურის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის გამართულ ონლაინშეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს, პასუხებითურთ.

  1. თუ იქნება რაიმე სახის ცვლილება ინგლისური ენის გამოცდაზე?

უცხოური ენის ტესტში სიახლეები გასულ წელს შევიდა, შესაბამისად, წელს ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ტესტი სტრუქტურულად საკმაოდ დაბალანსებულია.

უცხოური ენის ტესტი მოსმენის ორი დავალებით იწყება, რომელიც შედგება 5 მოკლე და ერთი შედარებით ვრცელი ტექსტისაგან. დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაციაა: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.  იხელმძღვანელეთ კრებულებით, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა შეასრულოთ დავალებები.

აბიტურიენტებმა ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არ დაწერონ პასუხების ფურცელზე სახელი და გვარი, ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი – ამ შემთხვევაში დავალება არ გასწორდება.

წერით დავალებებში ჩვენ ვითხოვთ დაახლოებით 150 სიტყვას, შეგიძლიათ უფრო დიდი ტექსტიც დაწეროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში იმატებს შეცდომების დაშვების ალბათობაც.

  1. ინგლისური ენის თემაში უპირატესობას რთულად შედგენილ წინადადებებს ანიჭებთ, თუ მარტივად შედგენილს და კონტრარგუმენტები თუ არის საჭირო?

თქვენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი წინადადებები, თუ მაღალი ქულის მიღება გსურთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაწეროთ დაზეპირებული, შაბლონური ფრაზები. ნაწერში უნდა ჩანდეს თქვენი აზროვნება და პირადი დამოკიდებულებები. რაც შეეხება კონტრარგუმენტებს, ამის აუცილებლობა არ არის – რამდენიმე ლოგიკური არგუმენტის მოყვანაც საკმარისი იქნება.

  1. უცხოური ენის მოსმენის დავალებასთან დაკავშირებით აბიტურიენტები ზოგჯერ პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ჩანაწერი კარგად არ ისმის. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა წლევანდელ აბიტურიენტებსაც გვქონდეს?  

მოსმენის დავალების ჩასაწერად ცენტრი იწვევს ინგლისურენოვან სპეციალისტებს. ხმის ჩაწერა ხდება სპეციალური აპარატურით მაღალ დონეზე. თუ რომელიმე აბიტურიენტმა ჩათვალა, რომ მოსმენის დავალების გამო პრობლემა შეექმნა (ნებისმიერი მიზეზით), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე მეთვალყურეს, თუმცა ამ ტიპის პრეტენზიები, შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან მცირეა. აბიტურიენტს საშუალება აქვს ერთი და იგივე ტექსტი ორჯერ მოისმინოს.

  1. რომელი საგნით მივიღებ გრანტს, თუ სამართლის პროგრამაზე ისტორიასაც ვაბარებ და ზოგადი უნარების გამოცდასაც?

გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუ პროგრამაზე ორივე  საგანი (ისტორია და ზოგადი უნარები) ბარდება, აბიტურიენტი გრანტს მიიღებს იმ არჩევითი საგნის შედეგით, რომელითაც უკეთესი დაფინანსების მოპოვების შანსი ექნება.

გაითვალისწინეთ, რომ აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს ენიჭება წონა. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.

  1. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათემატიკის გამოცდაზე?

წელს იცით, რომ მათემატიკის გამოცდას გარკვეული ცვლილებები შეეხო (იხილეთ ბმული),  თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნიმუშით. მათემატიკის ტესტის ღია დავალებებზე მუშაობის დროს ეცადეთ ნათლად და მკაფიოთ ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი. გასაგებად უნდა იყოს გადმოცემული თქვენ მიერ შესრულებული ყველა გარდაქმნა.

თუ ამოცანის ამოხსნისას შემოიტანთ ცვლადებს, აუცილებლად უნდა განმარტოთ, რას აღნიშნავთ ამ ცვლადებით. ასევე ყურადღებით გადაიტანეთ პასუხები პასუხების ფურცელზე კონკრეტულად მათთვის გამოყოფილ ადგილას.

  1. ქიმიასა და ფიზიკას წელს რა ცვლილება შეეხო და რა უნდა გავითვალისწინოთ?

ქიმიისა და ფიზიკის გამოცდებში მცირდება გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა  (იხილეთ ბმული). დავალებები მცირდება ისეთი პრინციპით, რომ საგამოცდო დრო იყოს აბსოლუტურად საკმარისი. ამასთან, დავალებების ტიპები და ტესტის სირთულე იქნება იგივე. შემცირდება როგორც დახურული, ისე ღია დავალებების რაოდენობა. ფიზიკის ტესტში შესაბამისობის  2 დავალება ისევ შეხვდებათ აბიტურიენტებს. ზღვარი კვლავ მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი დარჩება, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ მათი გაზრდა.

  1. შეიცვალა თუ არა 2021 წლის გამოცდებისათვის მინიმალური ზღვარი

ზღვრის პროცენტული მაჩვენებელი არ შეცვლილა. აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

  1. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას თუ შეეხო ცვლილებები და რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მოგვცეთ გამოცდებისათვის აბიტურიენტებს?

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში წელს ცვლილებები არ შესულა და ისევ მხოლოდ სამი დავალება იქნება შესასრულებელი. რაც შეეხება უშუალოდ საგამოცდო პროცესს, აბიტურიენტებს გირჩევთ გაეცნოთ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საგამოცდო კრებულებს. ამასთან, ყურადღებით მოეკიდეთ პასუხების ფურცლის შევსებას, რადგან სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

მიუხედავად იმისა, რომ კალიგრაფიას ყურადღებას არ ვაქცევთ, ეცადეთ ისე შეასრულოთ დავალება, რომ მისი წაკითხვა და შეფასება იყოს შესაძლებელი.

გვინდა საგანგებოდ შევეხოთ დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმს, რადგან ის გათვალისწინებულია როგორც მხატვრული ტექსტის ანალიზისას, ისე არგუმენტირებული ესეს შეფასებისას. ამ კრიტერიუმით ფასდება, თუ როგორია აბიტურიენტის დამოკიდებულება დასმული პრობლემის მიმართ და რამდენად არაშაბლონურად მსჯელობს იგი დავალებაში დასმული პრობლემების გარშემო.

  1. შემიძლია თუ არა მოვყვე მწერლის ბიოგრაფია? ასეთ ფაქტობრივ ცოდნაში მომემატება თუ არა ქულა?

სხვადასხვა დავალება სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს. ჩვენ არ ვთხოვთ აბიტურიენტებს მწერლების ბიოგრაფიების დაწვრილებით ცოდნას, თუმცა თუ დავალების პირობა და კონტექსტი მოითხოვს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ბიოგრაფიული ცნობებიც გამოიყენოთ.

  1. როგორ ჩატარდება 2020 წლის გამოცდები? გვიჭირს პანდემიის პირობებში სწავლა. გამოცდებზე რაიმე შეღავათი გვექნება?

2021 წელს, სავარაუდოდ, გამოცდები იმავე წესებით ჩატარდება, როგორც 2020 წელს ჩატარდა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მაინც იმ დროისათვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

აუცილებლად გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს. რაც შეეხება შეღავათებს, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ტესტები ეფუძნება საგამოცდო პროგრამას – არ ამოწმებს დაზეპირების უნარს (მაგალითად: გახსოვთ თუ არა ციტატები ზეპირად), არამედ ამოწმებს უფრო მეტად ლოგიკური აზროვნების, წერისა და ზოგად უნარებს.

  1. ლიტერატურის გამოცდაში გრამატიკას ექცევა ყურადღება?

ლიტერატურის გამოცდაზე მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების დროს, რა თქმა უნდა, ექცევა ყურადღება ენობრივ მხარეს, ხოლო ლიტერატურული ცოდნის შესამოწმებელ კითხვებზე პასუხით მხოლოდ შინაარსობრივი მხარე ფასდება.

  1. პასუხების ფურცლის გამოცვლა თუ შემიძლია?

თუ პასუხების ფურცელი დაზიანდა, აბიტურიენტმა უნდა მიმართოს მეთვალყურეს ამის თაობაზე და, რა თქმა უნდა, მისი გამოცვლა შესაძლებელია გონივრულ ვადებში.

  1. ისტორიის გამოცდაზე რა სახის დავალებების შესრულება მოგვიწევს

წელს ისევე, როგორც 2020 წლის გამოცდაზე გვექნება მრავალფეროვანი დავალებები: სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროების ანალიზი, კერძოდ, ისტორიული რუკის წაკითხვა, ილუსტრაციების, წერილობითი წყაროს ანალიზი.

ასევე ტესტში მოცემული იქნება გარკვეული ისტორიული მოვლენის გარშემო ჩამოყალიბებული განსხვავებული შეხედულებები, რომელთა სასარგებლოდ აბიტურიენტებმა საკუთარი არგუმენტები უნდა მოიყვანონ და სხვ. ტესტურ დავალებათა უმრავლესობა სააზროვნო და კოგნიტური უნარების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. მოწმდება, რამდენად შეუძლია გამოსაცდელს მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, დროში ორიენტირება, კრიტიკული ანალიზის უნარი.

შარშან ტესტს დაემატა ისტორიული მოვლენის შეფასების დავალება, ძალიან მნიშვნელოვანი  დავალება. ჩვენი რჩევაა, აბიტურიენტებმა კონკრეტული პასუხები გასცენ დასმულ კითხვებს და არა ძალიან ზოგადი პასუხები, რათა  ამის გამო ქულა არ დააკლდეთ. მნიშვნელოვანია ნაწერი იყოს მკაფიო, რომ გამსწორებელმა შეძლოს აზრის ამოკითხვა, ასევე დავალების დასაწერად იმყოფინონ გამოყოფილი სივრცე, რადგან ტესტი იჭრება (იმის გამო, რომ ნაწილ-ნაწილ სწორდება) და შესაძლოა ნაწერიც მოიჭრას.

  1. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაციები განსხვავდება ერთმანეთისგან?

თუ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასეთი სადავო საკითხები ტესტში არ შედის. ტესტში შედის მხოლოდ ის მასალა, რომელიც ყველა სახელმძღვანელოში ერთნაირადაა მითითებული.

  1. თუ პროგრამა არ ითხოვს საგანს, შეგვიძლია მაინც ჩავაბაროთ?

თუ პროგრამა არ ითხოვს, ამ კონკრეტული საგნის  შედეგს აბიტურიენტი ვერ გამოიყენებს.

  1. უფასო პროგრამაზე თუ ჩავირიცხე, გრანტი მჭირდება?

თუ გრანტი მიიღეთ და სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე ჩაირიცხეთ, თქვენ სრულიად უფასოდ შეძლებთ სწავლის გაგრძელებას. მოპოვებული გრანტით დაფინანსება შეგინარჩუნდებათ სხვა სასწავლო პროგრამაზე მობილობით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

  1. თუ მხედველობის პრობლემა მაქვს, ამ შემთხვევაში რა ხდება?

ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითოს, რომ სჭირდება სპეციალური პირობის შექმნა. საკითხს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც ჯანმრთელობის ცნობის – ფორმა N100-ის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, ხდება აბიტურიენტისთვის ბრაილის შრიფტის დამზადება, რიგ შემთხვევებში კი საგამოცდო დროის მომატება.

  1. რომელი სახელმძღვანელოს გამოყენებას გვირჩევთ ბიოლოგიაში?

ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო არის სტანდარტის მიხედვით შედგენილი და ნებისმიერის გამოყენება შეუძლია აბიტურიენტს.

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა ღია კარის დღეებზე ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს

წყარო