მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა, გასული წლების მსგავსად, 2020 წელსაც არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამის შესახებ კვლევას factcheck.ge აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ 2020 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება თავდაპირველად 757 მლნ ლარით განისაზღვრა, ივნისში ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი პროგრამის წლიური ბიუჯეტი 802 მლნ ლარამდე გაიზარდა, ნოემბერში პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა და დამატებითი თანხების მოძიება გახდა საჭირო. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 12 თვის რეალურმა ხარჯებმა 948.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც თავდაპირველ გეგმას 191.2 მლნ ლარით აღემატება.

2021 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 800 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის რეალურ ხარჯზე 142.2 მლნ ლარით ნაკლებია. ამასთან, წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები მზარდია. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეალური ხარჯი 2021 წელსაც დაგეგმილზე მეტი იქნება.

პროგრამის ამოქმედების დღიდან, ჯანდაცვის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და მათ შორის „ფაქტ-მეტრი“, პროგრამის არაეფექტიანობაზე, გადაჭარბებულ ხარჯვაზე მიუთითებდნენ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ე.წ. საყოველთაო მიდგომა არაეფექტური აღმოჩნდებოდა, ერთი მხრივ ის მაღალ დანახარჯებს გამოიწვევდა, მეორე მხრივ კი, ჯანდაცვის სერვისების ფართო მოცვას (მაგალითად, სამკურნალო საშუალებების დაფინანსებას) ვერ უზრუნველყოფდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაღალი დანახარჯების მიუხედავად, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები არ შემცირებულა, რაც თავის მხრივ მედიკამენტებზე ფასების ზრდას უკავშირდება, რასაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებდა.

კვლევას ვრცლად გაეცანით ბმულზე