ახლახან პატარა მკითხველებისთვის ორენოვანი – ქართულ-ინგლისურ  წიგნი „ანა გოგოს ზღაპრები“ გამოიცა. ზღაპრების ავტორი ხუთი წლის ანა ჭუმბურიძეა. ანასგან მოყოლილ ზღაპრებს მისი ბებია – იზა ვეფხვაძე იწერს.

როგორ იქმნებოდა ანას ზღაპრები და როგორ გაჩნდა წიგნის გამოცემის იდეა, – ამის შესახებ თხრობა იზა ვეფხვაძეს ვთხოვეთ:

– გასული წლის ზაფხულში, როცა ანა ოთხი წლის იყო, სოფელში, ჰამაკში ვისხედით და ზღაპრებს ვუკითხავდი. უცებ, ანას სახეზე პეპელა შეაფრინდა და გაფრინდა. ანამ თვალებგაფართოებულმა და გახარებულმა მითხრა – ბებო, ნახე, ფრთახატულა პეპელა შემომაფრინდა, მე კოცნა მინდოდა, ის კი უკვე გაფრინდაო. ეს ისე ლამაზად თქვა, რომ ლექსივით ჟღერდა. მასში რითმაც იყო, აზრიც და ემოციაც. ნათქვამი მოვუწონე, რა ლამაზად თქვი ბებო, შენ, მგონი, ლექსი დაწერე-მეთქი. მაშინ ჩემი დახმარებით ეს პატარა ლექსი დაიწერა:

ფრთახატულა პეპელა,
მოდი, შემომაფრინდი,
როგორ მინდა გაკოცო,
შენ კი უკვე გაფრინდი.

მერე ამ ლექსზე დალი მერაბიშვილმა მუსიკა დაწერა, არანჟირება ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ებრაელმა კომპოზიტორმა ალექსი პელეგმა გაუკეთა და ანამ თავად შეასრულა. ამ ამბავმა ძალიან წაახალისა და გაახარა.

რაც შეეხება ზღაპრებს, ყოველთვის იგონებდა უცნაურ ამბებს ცხოველებსა და ფრინველებზე, მაგრამ მის ნაამბობს გამოკვეთილად ერთი სიუჟეტი არ ჰქონდა. ამბიდან ამბავზე გადადიოდა და სხვადასხვა ამბავს უსასრულო ფანტაზიითა და ემოციით ჰყვებოდა.

რამდენიმე თვის წინ კი უკვე დასრულებული, ძალიან გააზრებული და საინტერესო ამბავი მოჰყვა ჭიანჭველაზე, ალბათ ეს იყო მისი პირველი ზღაპარი. ამ დროს ანა ყვავილების ბაღში ჭიანჭველებს აკვირდებოდა და თან დაკვირვებით იგონებდა, ემოციით, განცდით… რასაკვირველია, გულდასმით მოვუსმინე, ულამაზესი ამბავი მიამბო – მასში სიბრძნეც იყო, უფრო იგავს ჰგავდა. მაშინვე გავიქეცი, კალამი მოვიტანე და ჩავიწერე. მერე მეგობრებს „ფეისბუქზე“ გავუზიარე და დიდი მოწონება დაიმსახურა.

მეორე დღეს უკვე მე ვთხოვე, კიდევ ხომ არ დაწერდი რაიმე ზღაპარს-მეთქი. ამ დროს თაფლს მიირთმევდა და უცებ გაუჩნდა სურვილი – ფუტკარზე გამოვიგონებო. ძალიან ლამაზი და დალაგებული ამბავი მოჰყვა დათვზე, რომელმაც ფუტკრებს თაფლი მოჰპარა და ეს ცუდ საქციელად, ქურდობად მონათლა. აქ დაასრულა ეს ამბავი, მაგრამ მერე ეტყობა ისევ ამაზე ფიქრობდა.

ცოტა ხანში თქვა, ბელები რომ მშივრები დარჩნენ, ცოდვები არიან, მოდი, ტყეში წავიდნენ და საჭმელიც თავად იპოვონ, დედიკოც აღარ იქურდებსო. მოკლედ, საოცრად ლოგიკურ დასკვნებს აკეთებდა.

შევთავაზე – ხომ არ გადავიღოთ შენი ნაამბობი ზღაპარი და ბავშვებს ხომ არ მოვასმენინოთ -მეთქი?! სიხარულით დამეთანხმა და ასე დავიწყეთ ზღაპრების ვიდეოზე ჩაწერა. თხრობისას ძალიან დიდ ემოციას გამოხატავდა. მართლა არ ველოდი. არტისტიზმს ვუქებდი, რამაც ძალიან წაახალისა.

მერე ყოველდღე უკვე თავად მთხოვს, ახალი ზღაპარი ჩავიწეროთო. მისი გმირები, ძირითადად, ცხოველები და ყვავილები არიან. ძალიან უყვარს ყვავილები, სულ ეფერება. ძალიან აინტერესებს სხვების აზრი, ყოველთვის მეკითხება, რას წერენ ჩემს ზღაპრებზე, თუ მოსწონთო?!

მე, როგორც ბებია, ძალიან დიდი სიხარულით მივუდექი ანას ინტერესის სფეროს. ზღაპრები ავკინძე და ანას ბავშვობის სამახსოვროდ პატარა წიგნის გამოცემა გადავწყვიტე.

ინგლისში მცხოვრებმა მთარგმნელმა მზია ლოურენსმა გადაწყვიტა, ეს პატარა ზღაპრები, რომლებიც ინტერნეტში ჰქონდა ნანახი და მოსმენილი, ინგლისურად ეთარგმნა და თარგმნა კიდეც. ჩემმა მეგობარმა მხატვრებმა ანას ზღაპრები გააფორმეს. ყველა ზღაპარს თავისი მხატვარი ჰყავს. სპეციალურად ყველა ზღაპრისთვის ულამაზესი ნახატები შეიქმნა. ასე დაიბადა ანა გოგოს წიგნი.

ბავშვების ინტერესის სფერო ასაკთან ერთად იცვლება. არ ვიცი, ზღაპრების შეთხზვისადმი ანას ინტერესი რამდენ ხანს გასტანს. ამიტომაც ვეცადე, რომ მისი ბავშვობის ამ პერიოდის (4-5 წლის) ინტერესის სფერო უყურადღებოდ არ დამრჩენოდა და ბევრ კეთილ ადამიანთან ერთად ორენოვანი, არაერთი მხატვრის გემოვნებით დასურათხატებული წიგნი დავუტოვე, ანას ბავშვობის ტკბილად გასახსენებლად. ბებიასთვის ამაზე დიდი სიხარული რა შეიძლება იყოს.

გთავაზობთ ერთ ზღაპარს წიგნიდან „ანა გოგოს ზღაპრები“

გაბუტული წიგნები

ერთ პატარა გოგონას დედიკომ წიგნები უყიდა. საღამოს გოგონა მიიპარა და წიგნები სულ დაჩხაპნა. გოგონამ რომ დაიძინა, გულმოსული წიგნები ფეხაკრეფით გაიპარნენ სხვა ბავშვთან. იმ ბავშვს ჰკითხეს: შენ ხომ არ დაგვჩხაპნიო?! არა, არ დაგჩხაპნითო, უთხრა ბავშვმა.

მეორე დილით, ჩხაპნია გოგონამ რომ გაიღვიძა, წიგნები აღარ დახვდა, ყველა გაპარულიყო. დაიწყო ტირილი და დედიკოს შეეხვეწა: – დედიკო, ოღონდ წიგნები მიყიდე და აღარასოდეს დავჩხაპნიო. დედიკომ ახალი წიგნები უყიდა. გოგონამ მართლაც ისწავლა ჭკუა და წიგნებს აღარ ჩხაპნიდა, ეშინოდა, კიდევ არ გაპარულიყვნენ. ასე ასწავლეს წიგნებმა ჭკუა ჩხაპნია გოგონას.

ბავშვებო, გვიყვარდეს და არ დავჩხაპნოთ წიგნები, თორემ გაგვეპარებიან.