94 წლის შაქრო ამაშუკელი და 92 წლის ნანული ალხაზიშვილი 1954 წელს შეუღლდნენ და უკვე 66 წელია, ცხოვრების ჭაპანს ერთად სწევენ. ამბობენ, რომ ოჯახი ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულსა და მოთმინებაზეა დამყარებული. ცხოვრებაში ყველაზე მეტად კარგი შვილებითა და შვილიშვილებით ამაყობენ. ერთადერთი ნატვრა აქვთ, – სურთ, სამშობლო გამთლიანებული იხილონ.

მათთან ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერეთ. თუმცა მათი საოცრად ოპტიმისტური განწყობა სოციალური ქსელით ვიდეოჩაწერის დროსაც კი გადამდები აღმოჩნდა.

– ქალბატონო ნანული, როგორია თქვენი ოჯახის შობა-ახალი წლის ტრადიციები?

– საახალწლოდ და საშობაოდ წინაპრების ტრადიციებს ვაგრძელებთ. ვახანში, მრავალსულიან ოჯახში გავიზარდე. შობა-ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ტყიდან ნამდვილი ნაძვის ხე მოგვქონდა და ვრთავდით. უფროსები ტკბილეულს ამზადებდნენ. ბავშვებიც შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით. შობისთვის „ხონჩას“ ამზადებდნენ, ოჯახის უფროსი ჩვენს ოჯახსა და კარმიდამოს დალოცავდა.

მეკვლემ წინასწარ იცოდა, რომ უნდა მოსულიყო. მასაც ტკბილეული მოჰქონდა. ჩემი ბავშვობა ძალიან ბედნიერად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ძლიერი ოჯახი გვქონდა და ეკონომიურად არ გვიჭირდა. მაშინ ვახანი დიდი და მრავალრიცხოვანი სოფელი იყო. ბევრი ახალგაზრდა ვიყავით, ყველა ერთმანეთთან ვმეგობრობდით. ახლა თითქოს სხვანაირი დრო დადგა. აღარ არის ის ურთიერთობები, ძველებური სიყვარული. თითქოს ყველა შეიცვალა.

– გვიამბეთ თქვენი სიყვარულისა და შეუღლების ისტორია.

– ერთმანეთი 1954 წლის ივლისში გავიცანით და წლის ბოლოს დავქორწინდით. მაშინ ხარაგაულის პოლიკლინიკაში ვმუშაობდი. წერილებით ვურთიერთობდით, რადგან შაქრო მაშინ სხვა რაიონში მუშაობდა.

– ნანული გაცნობისთანავე ძალიან მომეწონა, – საუბარში ერთვება ბატონო შაქრო, – რომ იტყვიან, ერთი ნახვით შემიყვარდა. მყარი ოჯახი შევქმენით. ახლა ოჯახები ძალიან იოლად იშლება. მაშინ ასე არ იყო. „უფალმა შეგაერთათ და კაცი ნუ დაგაშორებთო“ – ძალიან კარგი სიტყვებია. ჩვენი დიდი სიყვარული შვილებსა და შვილიშვილებზე გადავიდა.

– ქალბატონო ნანული, რას ნიშნავს კარგი ოჯახი? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თბილი ოჯახური გარემოს შესაქმნელად და შემდეგ მის შესანარჩუნებლად?

– ოჯახის შექმნა ძალიან რთულია, ადვილი არ არის. დიდი ენერგია სჭირდება. თუ სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთგაგება არ არის, ოჯახს ვერ შექმნი, ოჯახურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებ. შემდეგ შვილები ჩნდებიან და მათ გამო ყველაფერი უნდა დათმო.  შვილები შენი მომავალია. ოჯახს იმისთვის ქმნი, რომ მომავალი აღზარდო, – მე ასე მგონია.

მტკიცე ოჯახი გვქონდა და გვაქვს. ახლა ადამიანები ერთმანეთს თითქოს დაშორდნენ. ტელეფონით ურთიერთობენ. ეს სიახლოვე არ არის. სიყვარული სიახლოვეზეა დამოკიდებული. რაც უფრო შორს ხარ, გული მით უფრო ცივდება.

– ბატონო შაქრო, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არის?

– ჯანმრთელობა, ოჯახისა და შვილების კარგად ყოფნა და რაც მთავარია, მშვიდობა. მინდა, ჩემი სამშობლოს გამთლიანებას მოვესწრო.

ორი შვილი – ლამარა და ვახტანგი აღვზარდეთ. ვახტანგი ეკონომისტია და თავისი პროფესიით თბილისში მუშაობს. ლამარა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პედაგოგია. ხუთი შვილიშვილი გვყავს – ანა და რეზო დეკანოსიძეები; მაია, დემნა და ანა ამაშუკელები. გვიხარია, რომ ისინი წარმატებულები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მათი წარმატება და კარგად ყოფნაა ჩვენთვის ყველაზე მთავარი.

უმაღლეს სასწავლებელში დაუსწრებელზე ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მასწავლებლის პროფესია ავირჩიე. თავიდან წალკაში, არაქართველ მოსახლეობასთან ვმუშაობდი. მათი ენა შევისწავლე, გამართული ურთიერთობა რომ შემძლებოდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1954 წლიდან, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალში დავიწყე მუშაობა. ფარცხნალის სკოლა მაშინ ძალიან პატარა, ხის შენობაში იყო. სკოლის მაშინდელმა დირექტორმა მთხოვა, რომ სკოლის ახალი შენობის აგებაში დახმარება ევგენი ხარაძისთვის მეთხოვა. სახელგანთქმული მეცნიერი ევგენი ხარაძე ფარცხნალიდან ბრძანდებოდა და მე მასთან ვახლობლობდი. მართლაც, მისი მხარდაჭერით, ფარცხნალში ახალი სკოლა აშენდა.

ცხოვრებაში ბევრ წარმატებას მივაღწიე. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობითა და პედაგოგიური საქმიანობით უამრავი ჯილდო და სიგელი, მათ შორის – ღირსების ორდენი დავიმსახურე. თუმცა, ცხოვრებაში ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ ჩემს მოსწავლეებს ვუყვარდი და მათგან დღემდე უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ.

თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მეტად საამაყო რა არის?

შაქრო ამაშუკელი: -ჩვენი შვილები. ნათქვამია, „ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო“, მაგრამ ლამარა და ვახტანგი ნამდვილად კარგი ადამიანები არიან და ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. შვილიშვილებიც კარგ კვალს გაჰყვნენ. შვილებსაც და შვილიშვილებსაც სწავლის სიყვარულს ვუნერგავდი. შრომა ნამდვილად დაგვიფასდა.

ჩვენი შვილიშვილი ანა მაგისტრატურას ამთავრებს, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. გერმანიაში იყო სასწავლებლად წასული. მეორე შვილიშვილი – რეზო ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში სწავლობდა, ინგლისში სასწავლო კურსის გავლის უფლება რომ მოიპოვა. ესაა ჩემთვის საამაყო.

ნანული ალხაზიშვილი: -ჩემი ცხოვრება ცუდად არ გამივლია. ძალიან კარგი სამსახური  მქონდა. 1948 წლიდან ხარაგაულის პოლიკლინიკაში ვმუშაობდი. კარგი  ამხანაგები მყავდა და ამით ბედნიერი ვიყავი. სამსახური ჩემთვის მეორე ოჯახი იყო, ერთმანეთის ავი და კარგი ვიცოდით. პენსიაში ისე წამოვედი, არც ჩემგან წყენა ახსოვდა ვინმეს და არც არავისგან მომისმენია ცუდი.  ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახითა და პროფესიული საქმიანობით.

რამდენიმე დღეც და ახალი, 2021 წელი შემოაღებს კარებს.

– ყველა ხარაგაულელს გულითადად ვულოცავთ. ხარაგაულში გავლა და მათგან გულთბილი სალამი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ჯანმრთელობას, მხნეობასა და ბედნიერებას გისურვებთ. მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით, ჩვენო ძვირფასო ხარაგაულელებო.

თამთა გოგოლაძე