სამი წელია, ხარაგაულელი მიხეილ ბანცაძისა და ნესტანი ტალახაძის ოჯახი გერმანიაში ცხოვრობს. ბევრი სირთულე და პრობლემა დაძლიეს. მესამე შვილის მშობლები გერმანიაში გახდნენ. ემიგრაციაში, როგორც თავად უწოდებენ, უფლის საჩუქარი – მათე რომ შეეძინათ, განუმტკიცდათ რწმენა, რომ უკეთესი მომავალი ექნებათ და მალე გერმანიაში მუდმივად ცხოვრების უფლებას მოიპოვებენ.

ახლა ოჯახი გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ მარიენბერგში ცხოვრობს. მიხეილი ერთ-ერთ საავადმყოფოში უმცროს ექთნად მუშაობს. ნესტანი გერმანულ ენას ეუფლება, რომ შემდეგ მუშაობა შეძლოს. უფროსი შვილი გიორგი 12 წლისაა და კერძო სკოლაში სწავლობს, ალექსანდრე და მათე საბავშვო ბაღში დადიან. მარიენბერგში მოხვედრამდე და კერძო საცხოვრებელი სახლის მიღებამდე მიხეილმა და ნესტანმა რთული გზა გაიარეს.

– ძნელი იყო იმ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რომ საქართველო დაგვეტოვებინა და გერმანიაში თავშესაფარი მოგვეთხოვა, – გვიამბობს ნესტანი, – თუმცა, დგება დრო, როცა სიტუაციას უნდა გაეცალო, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო. ეს ცოტა გრძელი ისტორიაა და ახლა, ამ საახალწლოდ თავს არ შეგაწყენთ. მთავარია, რომ უფლის წყალობით ახლა კარგად ვართ.

წინასწარ ვიცოდით, რომ გერმანელების ნდობის მოპოვება გაგვიჭირდებოდა. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გვაკვირდებოდნენ იმ მიზნით, რომ ზუსტად გაეგოთ, რა იყო გერმანიაში ჩვენი ჩასვლის მიზანი. დარწმუნდნენ, რომ არაფერს ვაშავებდით, კანონს ვემორჩილებოდით და მუშაობა გვსურდა. თუ სახელმწიფო შენგან, კარგი გაგებით, სარგებელს არ მიიღებს, უკან გამოგაბრუნებს.

პირველივე დღეებში გვერდით დაგვიდგნენ კეთილი ადამიანები – ხარაგაულელები ნათია მაღრაძე და გია სახვაძე. ისინი მიმართულებას გვაძლევდნენ, რა და როგორ გაგვეკეთებინა, რომ გერმანიაში სწავლისა და მუშაობის უფლება მოგვეპოვებინა. განსაკუთრებული მადლობა მათ.

დღეს სოციალურ სამსახურში გვეუბნებიან – „ალეს გუთ“ – ყველაფერი კარგადაა და ჩვენც გერმანიაში მუდმივად ცხოვრების უფლებას ველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ მიშა მუშაობს და ქვეყნის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს იხდის. ყურადღებას აქცევენ იმას, რომ მე ვსწავლობ და სახლში ტყუილად არ ვზივარ. შემდგომში ვფიქრობ, ან რომელიმე პროფესიას დავეუფლო, ან ჩემი სპეციალობით ინკლუზიური განათლების მასწავლებლად ვიმუშაო. ამისთვის ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებლია.

ბევრს ვშრომობთ, დღე-ღამეში მხოლოდ 6 საათი მძინავს, მაგრამ ვიცი, რომ ეს შრომა დამიფასდება და სამსახურსაც ვიშოვი. მუდმივად ცხოვრების უფლებას რომ მივიღებთ, შემდეგ საქართველოში ჩამოვალთ, მხოლოდ ცოტა ხნით. გვინდა, ჩვენმა შვილებმა განათლება გერმანიაში მიიღონ.

ვცდილობ, შვილებს ქართული ენა არ დაავიწყდეთ. „დედა ენასთან“ ერთად ბევრი ქართული წიგნი წამოვიღეთ. ალექსი წლინახევრის იყო, გერმანიაში რომ ჩამოვედით. ის ქართულად საუბრობს. ბაღში წელს შევიყვანეთ და გერმანულის სწავლა ახლა დაიწყო. მათე ლაპარაკს რომელ ენაზე დაიწყებს, არ ვიცი. ორი წლისამ ჯერ მშობლიური ენა გამართულად არ იცის. საბავშვო ბაღში გერმანულად ესაუბრებიან. შევეცდები, რომ მათემ ჯერ ქართული ისწავლოს და მერე გერმანული.

– ხომ გაგიგიათ, – სწავლა სიბერემდეო. ნამდვილად ასეა, – ამბობს მიხეილ ბანცაძე, – ფაქტობრივად, ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. გერმანიაში ჩამოსვლისთანავე კარგი მეგობრები შევიძინეთ – ფალკ და კატრინ ენდერლაინები, თებეა შონფელდერი, უტე როში. ამ ადამიანებმა ბევრი სირთულე გადაგვატანინეს და დღემდე გვეხმარებიან.

ენდერლაინები ჩვენი დედობილ-მამობილი არიან. შემომთავაზეს, რომ თუ გერმანულს კარგად ვისწავლიდი, დამასაქმებდნენ. მათ მრავალპროფილური საავადმყოფო აქვთ. თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ საავადმყოფოში უმცროს მედდად მიმიღეს.

ექვსთვიანი გამოსაცდელლი ვადა წარმატებით გავიარე. 2021 წლის მაისში კლინიკასთან მუდმივი ხელშეკრულების გაფორმებას ველოდები. ჯერჯერობით, ჩემი საქმიანობით ყველა კმაყოფილია. პანდემიის გამო საავადმყოფო გადაჭედილია და უამრავი საქმე გვაქვს.

ნესტანსა და მიხეილს საქართველოში ყველა და ყველაფერი ენატრებათ; მიხეილს განსაკუთრებით – სასმისით სავსე ჭიქის მიჭახუნება. თუმცა, ცდილობენ, ამაზე არ იფიქრონ და ყველაფერი ცივი გონებით შეაფასონ. განსაკუთრებით ეკლესიაში სიარული, სანთლის ანთება და ზიარება მენატრებაო, – ნესტანიმ. ქართული ეკლესია მათი ქალაქიდან საკმაოდ შორსაა. ამიტომ მათეს მონათვლას ქემენცის რუსულ ეკლესიაში გეგმავენ.

ბანცაძეებმა რამდენიმე გერმანული ოჯახი დაიმეგობრეს. ხაჭაპური, ხინკალი, ჩურჩხელა მათ ახალ მეგობრებს ძალიან შეუყვარდათ.

ნესტანის საახალწლო სურვილია, რომ საქართველოში ყველა ოჯახში იყოს სითბო და სინათლე, ბავშვებს არ ციოდეთ და შიოდეთ. თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი სოფლად და ქალაქად მცხოვრები ადამიანებისთვის.

„უფალს ერთ რამეს ვევედრები, – მოგვცეს ჯანმრთელობა, რომ შრომა შევძლოთ, – ამბობს ნესტან ტალახაძე, – გერმანია არის ქვეყანა, სადაც თუ იშრომებ, კარგი შემოსავალი გექნება. აქ ყველაფერი  ადამიანის საჭიროებაზეა მორგებული.

იმედია, ჩვენი შვილები გერმანიაში მიღებულ ცოდნას საქართველოს მოახმარენ. მინდა, რომ ჩვენი სამშობლო საცხოვრებლად და არა მხოლოდ დასათვალიერებლად, მიმზიდველი ქვეყანა გახდეს.

ჩვენო ხარაგაულელებო, მრავალ ახალ წელს დაესწარით. ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ. გვენატრებით“.

ნინო კაპანაძე