იმერეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ახალი წლის აღნიშვნა ტრადიციებთანაა დაკავშირებული.

ზოგიერთი ოჯახი წინაპართა ტრადიციებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. გაგაცნობთ, როგორ ხვდებიან ახალ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ადამიანები.

ქეთევან გოგოლაძე სოფელ ვაშლევში ცხოვრობს. მის ოჯახში ახალ წელს ტრადიციების დაცვით აღნიშნავენ. მეკვლე ოჯახის უფროსია, რომელიც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე სახლიდან გადის. 12 საათისთვის სახლში სპეციალურად მომზადებული ხონჩით შემოდის. ხონჩაზე აუცილებლად უნდა იდოს ჩურჩხელა, გოზინაყი, ხაჭაპური, ტკბილეული და რაც მთავარია მარცვლეული, რომელიც ბარაქის მომტანად ითვლება.

„ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციაა, ახალი წლის „მილოცვა“ შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის, – ამბობს ქეთევან გოგოლაძე, – შეიძლება ამან ზოგიერთს ღიმილი მოჰგვაროს, მაგრამ ეს ჩვენი წინაპრების ტრადიცია იყო და ახლა ჩვენც ვაგრძელებთ. რაც შეეხება ახალი წლის სუფრას, აუცილებლად უნდა იყოს გოგრა, გოჭი, ხაჭაპური, საცივი. საახალწლო სამზადისს დიდი ხნით ადრე ვიწყებთ. ვაკეთებ სხვადასხვა სახეობის გოზინაყს – მიწის თხილითა და ქიშმიშით, გოგრის მარცვლებით, მზესუმზირითა და ნიგვზით.

2021 წელი ჯანმრთელობისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. მინდა, რომ კვლავინდებურად ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს“.

საახალწლო ტრადიციების დაცვას წიფაში მცხოვრები მანანა ქოქაშვილიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ოჯახის წევრები  ახალ წელს ერთად ხვდებიან. მათი ოჯახი 26 წევრიანია – მანანა ქოქაშვილს ხუთი შვილი, 13 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი ჰყავს. ამას ემატება რძლები და სიძეები. მეკვლეს ახალ წელს განსაკუთრებულად არჩევენ.

„ძალიან მიხარია, როდესაც მეკვლე მოდის, – ამბობს მანანა ქოქაშვილი, – ერთ წელს გვქონდა ისეთი შემთხვევა, როგორიც ფილმ „კუჩხი ბედინერშია“. შესრულდა თუ არა 12 საათი, ჩვენმა ძაღლმა კარს თათი მოარტყა და შემოვიდა. ტკბილეულითაც გავუმასპინძლდით. სხვათაშორის, ის წელი ჩვენთვის მართლაც ძალიან კარგი აღმოჩნდა – სამი შვილიშვილი შემეძინა და ჩემი ქალიშვილი დაქორწინდა.  მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს ხარაგაულს, ვულოცავ დამდეგ ახალ წელს! ბედნიერი იყოს 2021 წელი ყველასთვის!“

„წელს განსაკუთრებული ხალისით ვხვდებით ახალ წელს, რადგან მესამე შვილი შეგვეძინა , – ამბობს სოფელ ლეღვანში მცხოვრები ნათია ხიჯაკაძე, – ახალ წელს აუცილებლად ვაკეთებთ ოჯახურ ვახშამს. ტრადიცია, რომელსაც განსაკუთრებულ დატვირთვას ვანიჭებთ, მეკვლეობაა. მეკვლე ჩვენი ოჯახის უფროსი წევრია. 12 საათის შესრულების შემდეგ ის სახლში ტრადიციული ხონჩით შემოდის და ახალ წელს გვილოცავს. საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს იმერული ხაჭაპური, გოზინაყი და საცივი. გისურვებთ მშვიდობასა და სიყვარულს. ერთმანეთის სიყვარულით ყველა დაბრკოლებას დავძლევთ“.

ლიკა ხიჯაკაძე