ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი(დირექტორი გიორგი მუხურაძე) დეკემბრიდან სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ხელობის დისტანციურად დაუფლება რთულია და სასურველ შედეგს ვერ იძლევა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის.

„კერვის, ქარგვის, თექის, მეფუტკრეობის, ხის ნაკეთობებისა და ფეხსაცმლის დიზაინის შემსწავლელი ჯგუფები ონლაინრეჟიმში განაგრძობენ სწავლებას, რაც საკმაოდ რთულია, – ამბობს ცენტრის ოფისმენეჯერი მანანა ტაბაშიძე, – ჩვენთან ფუნქციონირებდა და ძალიან პოპულარული იყო ფანდურის შემსწავლელი ჯგუფი, სადაც მსურველები სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენ. პანდემიის გამო, ამ ჯგუფის შექმნა ვეღარ მოხერხდა. ასევე ვერ შედგა ქართული სამზარეულოს შემსწავლელი ჯგუფი. მაკრამეს ჯგუფმა სამთვიანი კურსი უკვე დაასრულა“.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში სიახლეა. ჭრა-კერვის კურსზე ამ წლის ბოლოს სახელმწიფო სერტიფიკატის დონის დოკუმენტს გასცემენ.

„ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობდით. ვფიქრობთ, სხვა პროფესიებშიც ანალოგიური სერტიფიკატები გავცეთ.

თუ სპონსორები მხარს დაგვიჭერენ, მეთუთეობისა და მეაბრეშუმეობის შემსწავლელი ჯგუფის გახსნა გვსურს. ქართული აბრეშუმის წარმოების განახლების საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ სპეციალისტები არ გვეყოლება. მინდა, რომ ხარაგაული იყოს ის წერტილი, საიდანაც მეაბრეშუმეობის აღორძინება დაიწყება. ვიმედოვნებ, სპონსორები მხარს დაგვიჭერენ. ხარაგაულის სოფელ ჩრდილში ცხოვრობს ამ საქმის სპეციალისტი, პროფესორი თინათინ დალალიშვილი“- ამბობს მანანა ტაბაშიძე.

გარდა ამისა, ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე მიწის ლაბორატორიული შესწავლის ცენტრის გახსნა სურთ. მანანა ტაბაშიძე ასაბუთებს, რომ ასეთი ცენტრის ფუნქციონირება ხარაგაულელ ფერმერებს ძალიან სჭირდებათ.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში ამჟამად მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობენ. მიმდინარეობს ავტომანქანების კომპიუტერული დიაგნოსტიკის სასწავლო ბაზის მოწყობა, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გახსნის დღიდან, 300-ზე მეტმა პიროვნება დაეუფლა ხელობას. ამ ცენტრში მოქმედი ყველა ჯგუფი ფუნქციონირებას თებერვალში განაახლებს.

ლიკა ხიჯაკაძე