ექიმი-ინფექციონისტი ნაზი კაპანაძე ხარაგაულელთა ჯანმრთელობის დაცვას ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა. ახლახან მას 81 წელი შეუსრულდა.

ნაზი კაპანაძე 1965 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ხარაგაულში გაანაწილეს. მუშაობა მაშინდელ სანეპიდსადგურსა და საავადმყოფოში დაიწყო. პარალელურად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობდა. 1968 წლიდან მარელისის საუბნო საავადმყოფოსა და ამბულატორიის მთავარ ექიმად გადაიყვანეს. 15-საწოლიანი ეს საავადმყოფო 1987 წლამდე ფუნქციონირებდა. მარელისში საავადმყოფო რომ გაუქმდა, ნაზი ექიმმა მუშაობა იქვე, დიდვაკის ამბულატორიაში გააგრძელა.

„ზესტაფონის სოფელ ბოსლევში გავიზარდე, – იხსენებს ნაზი კაპანაძე, – ხუთი დედმამიშვილი ვიყავით. უფროსი ძმა ჩემზე 13 წლით უფროსი იყო. დედა ხშირად ავადმყოფობდა და ამას ძალიან განვიცდიდი. ექიმობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დედაჩემისთვის მემკურნალა. მართლაც, ჩემი ხელშეწყობით, 95 წლამდე იცოცხლა.

ხარაგაულში რომ პირველად მოვედი, სანეპიდსადგურის მთავარმა ექიმმა გოგი ცხადაძემ იმავე დღეს ხევის ამბულატორიაში წამიყვანა. მშობლებს ბავშვები ასაცრელად მოჰყავდათ. პატარების გასინჯვა დამავალა. ძალიან ავღელდი, რადგან მე პედიატრი არ ვიყავი. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ჩვენს ამბულატორიას ვახანის თემიც ეკუთვნოდა. ერთხელ ინსულტიან პაციენტთან მივედი. თვალდახუჭული იწვა. ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო, მხოლოდ სამი დღის დანიშნულება მივეცი. ვიფიქრე, შესაძლოა, მეტხანს ვეღარც იცოცხლოს-მეთქი. სამი დღის შემდეგ შემომითვალეს, ავადმყოფი უკეთაა და როგორ მოვიქცეთო. მკურნალობა გავაგრძელეთ. რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში უცხო მამაკაცი მოვიდა. თქვენ ხართ, ექიმო, ჩემი გადამრჩენელიო, – მითხრა. ვერ ვიცანი. ან როგორ ვიცნობდი, თვალგახელილი არ მენახა“…

ნაზი კაპანაძე ამბობს, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ხარაგაულის საავადმყოფოს მაშინდელი მედპერსონალი დაეხმარა. განსაკუთრებულად ექიმების – მიშა აფხაზავას, ლოლა გურგენიძის, ნიკო შველიძის, ლიანა თარგამაძის თანადგომას იხსენებს. ექთან ნადია მანჯავიძეს კი „საკუთარ მასწავლებლად“ მიიჩნევს.

„ღამე ჩემთვის არ არსებობდა და შესვენების საათები, – ამბობს ნაზი ექიმი, – ნებისმიერ დროს, დარსა თუ ავდარში, ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად მივდიოდი. ბევრჯერ ფეხით მივლია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემი ხელფასი 8 ლარი იყო, მაგრამ ამის გამო როგორ დავიჩივლებდი, ავადმყოფს როგორ ვუღალატებდი?!“

ნაზი კაპანაძის ქალიშვილი ნინო არევაძე პროფესიით ექიმია. ნინო წლების განმავლობაში ხარაგაულის საავადმყოფოში ნევროლოგად მუშაობდა. დედის მიბაძვით, ნემსის გაკეთება პატარაობიდანვე უსწავლია. იმის მიუხედავად, რომ ექიმობა დამღლელი და შრომატევადი პროფესიაა, ნაზი კაპანაძემ შვილს მიზნის მიღწევაში ხელი შეუწყო.

„ძნელია ექიმობა, მაგრამ თითქოს მეორედ იბადები, პაციენტს რომ გადაარჩენ, – ამბობს ნაზი კაპანაძე, – ავადმყოფის მადლიერი თვალების დანახვა ყველა დაღლილობას მავიწყებდა. ახლაც, რომ შემეძლოს, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ვუმკურნალებდი.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თბილისში, შვილთან, დათოს ოჯახთან ერთად, ვცხოვრობ. ხარაგაულელები ძალიან მიყვარს. ჩემი დიდვაკე მენატრება და მესიზმრება. ყველას, – „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებსა და მკითხველებს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ“.

მრავალი გადარჩენილი და გამოჯანმრთელებული პაციენტის სახელით ჩვენც ასევე დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ამაგდარ ქალბატონს.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ნაზი კაპანაძე შვილიშვილ ანდრია არევაძესთან ერთად