
25 ნოემბერი ქალთა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.
ამ დღის მიზანია, ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ ხშირად მთელ მსოფლიოში ქალები სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
საქართველოში არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს კამპანიები, რომელთა მიზანიც გახლავთ ადამიანების ცნობიერების ამაღლება, პატრიარქალური შეხედულებების შერბილება და საზოგადოების გენდერული თანასწორობის არსში გათვითცნობიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 24 ივლისამდე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 309 შეტყობინება შევიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრი რეალურ ვითარებას არ ასახავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 2016 წლის 18 თებერვლამდე რეგიონებიდან შესულ შეტყობინებებზე შექმნილ საქმეებში შემთხვევის შესაბამისი ინციდენტის ტიპის არჩევა არ ხდებოდა და მოწოდებული ხდებოდა არაშაბლონურად. შესაბამისად, მონაცემების ამოღება მოხდა სიტყვათა სხვადასხვა კომბინაციის შერჩევით.
იმის გასარკვევად, თუ რა კეთდება ხარაგაულში ქალთა ძალადობის პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძეს ვესაუბრეთ.
– პირველ რიგში გვითხარით, რა აქტივობები და ღონისძიებები არის დაგეგმილი 25 ნოემბრისათვის ხარაგაულში?
– დღეს დაიწყო ყოველწლიური 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს კამპანია 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა აქტივობები. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ რეკომენდაციები, რომ ისინი უნდა იყოს ონლაინხასიათის.
დაგეგმილია სამი ონლაინ შეხვედრა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, როგორებიცაა: მარტოხელა მშობლები, სოფლად მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები – კონკრეტულად კი – უფროსკლასელები. ფონდ „სოხუმის“ ჩართულობით, კამპანიის ფარგლებში მზადდება ვიდეორგოლი, რომელშიც გამოიკვეთება მესიჯები ქალთა მიმართ ძალადობის დასაგმობად.
10 დეკემბერს გაიმართება გენდერული საბჭოს სხდომა, სადაც საბჭოს მიერ გაწეულ ანგარიშს შევაჯამებთ. წლევანდელი კამპანიის მესიჯებია: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია“, „მუნიციპალიტეტი ებრძვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობას, იმოქმედე შენც“. ამ გზავნილებში გამოკვეთილია მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია.
– რა აკეთებს გენდერული საბჭო იმისათვის, რომ ხარაგაულში ქალთა ძალადობის კუთხით ცნობიერება ამაღლდეს?
– ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც ამ კუთხით უფრო დიდი გამოცდილება აქვთ. ფერმერ ქალთა ასოციაციის ჩართულობით განხორციელდა აქტივობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ჩვენ ამ საქმეში მედიატორის როლი შევასრულეთ. ფერმერ ქალებს ინფორმაცია მივაწოდეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე გენდერული ინსტიტუციის დამკვიდრებას.
– ფინანსური კუთხით თუ ხდება ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება ხარაგაულში?
– მუნიციპალიტეტს აქვს სოციალური პროგრამა, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალმა. დახმარება გამოიხატება ბინის ქირის დაფინანსებაში. მინდა გითხრათ, რომ ამ პროგრამით არც ერთ ბენეფიციარს არ უსარგებლია. ვფიქრობთ, კამპანიის ფარგლებში ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ. ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ასეთი პროგრამა აქვს.
– წინა წლებთან შედარებით, ამ კუთხით რამდენადაა ხარაგაულში მცხოვრები ადამიანების ცნობიერება ამაღლებული?
– წლების წინ, როდესაც გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობდით, ყველას ეგონა, რომ აქ ქალების უპირატესობა იგულისხმებოდა. თუ ადრე გენდერულ თანასწორობაზე საუბარი ადამიანებს ღიმილს ჰგვრიდა და ეგონათ, რომ ეს თითიდან გამოწოვილი თემაა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. გვისმენენ, დიალოგში ერთვებიან. უკვე აღარ ამბობენ, რომ ეს მოგონილი და არასერიოზული თემაა. თუმცა ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
– თანამშრომლობთ თუ არა ადგილობრივ პოლიციასთან?
– ფონდ „სოხუმის“ დახმარებით შემუშავდა პროექტი „მრგვალი მაგიდა“, სადაც ამ თემის ირგვლივ ერთად ისაუბრებდნენ შსს-ს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები. პანდემიის გამო, ამ პროექტის განხორციელება გადაიდო. ვფიქრობ, როდესაც ერთი თემის ირგვლივ სხვადასხვა უწყება თანამშრომლობს, ძალიან კარგია. იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა მომავალში შედგება.
– რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი პრობლემა მოგვარდეს? სად არის პრობლემის გასაღები?
– პირველ რიგში, ჩვენი მენტალობაა შესაცვლელი. გამოსავალი კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და განათლებაა. დიდი ხანი მეგონა, რომ მოძალადე შეიძლება გამოსწორებულიყო. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებთან უნდა ვიმუშაოთ. მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ძალადობა მიუღებელია. ადამიანი არასდროს აკეთებს იმას, რაც მისთვის მიუღებელია.
უნდა ვიზრუნოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და განვითარებაზე. ძალადობა მთლიანად არ აღმოიფხვრება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ის ახლო მომავალში შემცირდება მაინც.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტო sapari.ge-დან
ასევე დაგაინტერესებთ
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ხარაგაულში
უპირობო სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლ ყველა არგაჩუმებულ ქალს
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის