რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა სოციალურ ქსელში მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე მეუღლის, ბესო ზანგურის, მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ეხმიანება.

ილია ლეჟავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემს პირად ტრაგედიაზე სასაუბროდ, სამწუხაროდ, მზად არც მე ვარ და არც ჩემი ოჯახი…
იმდენად მძიმე ისტორიაა, იმდენად ტრაგიკული, სისხლიანი და ძალადობრივი, რომ მისი გახსენებაც კი მზარავს…!
15 წელზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ გვიჭირს ამაზე საჯაროდ საუბარი….
მეტიც – ამ თემის განხილვას ერთმანეთში, ოჯახის წევრებიც კი ვერიდებით და ეს იმ ფონზე, როდესაც ქალზე ძალადობას ჩვენს შემთხვევაში, სრულიად უდანაშაულო – ახალი სიცოცხლის უდროოდ დაბადება და რამოდენიმე კვირაში სიკვდილი მოჰყვა….!
ბოდიშს ვუხდი ოჯახს ძველი ჭრილობების გახსენებისთვის, მაგრამ დღეს და ახლა, სწორედ ამ მძიმე სტატუსით მინდა გამოვეხმაურო ნინუცა მაყაშვილის ტრაგედიას და ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა!!!
არაჩვეულებრივი ჩოგბურთელი – ნიკა ბასილაშვილი კი არა…
რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი – ბესო ზანგური კი არა…
გენიალური – რობერტ სტურუა კი არა…
მამა ღმერთი რომ განკაცდეს და მითხრას გაჩუმდიო – არ გავჩუმდები!!!
ოჯახში ქალზე ძალადობა არის ის ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენა, ჩვენი საზოგადოების ქრონიკული სენი, რომელთან უკომპრომისო ბრძოლაც პირად პასუხისმგებლობად და მოვალეობად მიმაჩნია!
უპირობო სოლიდარობა ყველა არგაჩუმებულ ქალს!“ – წერს სოციალურ ქსელში ილია ლეჟავა.