ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დღეს, 2 დეკემბერს, საჯარო მოხელეებისთვის ვიდეორგოლის „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“ ჩვენება გაიმართა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ამ ღონისძიების გარდა, ხარაგაულში დაგეგმილია:

3 დეკემბერს – ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია; წარმოდგენილი იქნება თეატრალური პერფორმანსი და ფორუმ-თეატრი. ღონისძიების მხარდამჭერია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“. შეხვედრა გაიმართება ხარაგაულის კინოთეატრში, 14:00 საათზე.

6 დეკემბერს – „ბავშვების თვალით დანახული ძალადობა“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების უმცროსკლასელები ძალადობის თემაზე დახატავენ.

10 დეკემბერს – ხარაგაულის კინოთეატრში, 14:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტი ხარაგაულის სახალხო თეატრის (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) სპექტაკლიდან „ორნი“. სპექტაკლი ოჯახში ძალადობის თემას ეხება.

10 დეკემბერს – ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში მოეწყობა ძალადობის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა და მსვლელობა ქუჩაში – „აიხილე თვალები“. მსვლელობა ხარაგაულის კინოთეატრიდან 16:00 საათზე დაიწყება.

„ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, – მიმართა ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში შეკრებილებს ინგა ბერაძემ, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის საკითხებში, – კამპანიას საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს და მასში მონაწილეობენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

სექსუალური შევიწროების საკითხი ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ღიმილის თემად აღიქმება. ამიტომ საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე ჩვენი შეხვედრის მონაწილეები“.

ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ინფორმაცია, რომ სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად კანონით ისჯება.

► საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელი სამუშაოების დაკისრება 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღემდე ვადით.

► საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სექსუალური შევიწროების ჩადენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პოლიციას (112), რათა დროულად იქნეს შესაძლებელი მტკიცებულებების მოპოვება და სამართალდამრღვევის გამოვლენა.

ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს, სასამართლოს ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 116 006

ლაურა გოგოლაძე